საბერძნეთის ხელისუფლება იკვლევს იდუმალ უპილოტო საზღვაო დრონს, რომელიც იონიის ზღვაში, კუნძულ ლეფკადასთან ახლოს ადგილობრივმა მეთევზეებმა აღმოაჩინეს. მოწყობილობა გამოქვაბულთან იპოვეს, რის შემდეგაც სანაპირო დაცვამ ის ვასილიკის პორტში გადაიტანა. გამოძიებას საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობს.
გავრცელებული ვერსიით, დრონი შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთ-უკრაინის ომთან. ზოგიერთი ცნობით, ის უკრაინული წარმოებისაა და რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინულმა საზღვაო დრონებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შავ ზღვაში. ისინი არაერთხელ გამოიყენეს რუსული სამხედრო გემებისა და სანქცირებული ნავთობტანკერების წინააღმდეგ.
2025 წლის ნოემბერში უკრაინამ განაცხადა, რომ შავ ზღვაში ორი რუსული ნავთობტანკერი საზღვაო დრონებით დააზიანა.
მარტში კი რუსეთმა უკრაინა ხმელთაშუა ზღვაში, თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერის — Arctic Metagas — დრონებით დაბომბვაში დაადანაშაულა. გემი სერიოზულად დაზიანდა და ეკიპაჟის ევაკუაციის შემდეგ კონტროლიდან გამოვიდა.
უკრაინის სამხედროებს ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.