ავტორი:

"დაღუპულები არიან 27 და 30 წლის ახალგაზრდები" - ინდონეზიის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა

"დაღუპულები არიან 27 და 30 წლის ახალგაზრდები" - ინდონეზიის კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევას მსხვერპლი მოჰყვა

ინდონეზიაში, დუკონოს მთაზე ვულკანის ამოფრქვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა პარასკევს დილით მოხდა, როცა მოლაშქრეების 20-კაციანი ჯგუფი მთაზე იმყოფებოდა.

  • ინდონეზიის ხელისუფლების ინფორმაციით, დაღუპულია ორი სინგაპურელი მამაკაცი — 27 და 30 წლის — და ერთი ადგილობრივი ქალი ქალაქ ტერნატედან. დანარჩენი ტურისტები მაშველებმა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, ამოფრქვევამდე დუკონოს მთაზე რამდენიმე მოლაშქრე კრატერთან ძალიან ახლოს იმყოფებოდა და დრონებით ვიდეოებს იღებდა.

ოფიციალური პირების თქმით, ვულკანზე ასვლა უსაფრთხოების მიზნით უკვე აკრძალული იყო, რადგან დუკონოს მთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 200-ზე მეტჯერ ამოიფრქვა.

ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტო Basarnas აცხადებს, რომ შემთხვევა ტურისტული ოპერატორების ან ცალკეული პირების დაუდევრობას უკავშირდება, რადგან ლაშქრობა გაფრთხილებების მიუხედავად გაგრძელდა.

სამაშველო ოპერაცია რთულ პირობებში მიმდინარეობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ვულკანი პარასკევსაც აგრძელებდა ფერფლისა და ვულკანური მასალის ამოფრქვევას, რაც მაშველების მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებდა. ჩრდილოეთ ჰალმაჰერას პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, ცხედრების ამოყვანას ხელს უშლის განმეორებითი ამოფრქვევები, რთული რელიეფი და ძლიერი აფეთქებები. ოპერაცია პარასკევს ღამით შეჩერდა და მისი განახლება შაბათს იგეგმება.

ინდონეზიის ვულკანოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დუკონოს მთა ამჟამად ვულკანური საფრთხის მეორე დონეზეა, რაც გაზრდილ აქტივობას ნიშნავს. სააგენტო ტურისტებს მოუწოდებს, მთავარი კრატერიდან ოთხკილომეტრიან ზონაში გადაადგილებას თავი აარიდონ, რადგან არსებობს ფერფლის, ქვებისა და ლავის ამოტყორცნის საფრთხე.

წყარო