ავტორი:

შეგიძლიათ თუ არა განავითაროთ ტვინი 70 წლის შემდეგაც? -  მეცნიერებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს

შეგიძლიათ თუ არა განავითაროთ ტვინი 70 წლის შემდეგაც? -  მეცნიერებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს
  • ეს კვლევა მნიშვნელოვანი გზავნილია მათთვის, ვინც 30 წლის შემდეგ მეხსიერების დაქვეითებას ან კონცენტრაციის შესუსტებას გარდაუვალ პროცესად მიიჩნევს.

ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ დროთა განმავლობაში ტვინის მუშაობა აუცილებლად უარესდება, ხოლო გარკვეული ასაკის შემდეგ შემეცნებითი (კოგნიტური) უნარების გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ამერიკელი მეცნიერების ახალმა მასშტაბურმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ტვინს განვითარებისა და ადაპტაციის უნარი ძალიან ხანდაზმულ ასაკშიც კი შესწევს - 70, 80 და 90 წლის შემდეგაც კი. ამის შესახებ Geekweek წერს.

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, სამი წელი გრძელდებოდა და მასში 19-დან 94 წლამდე ასაკის თითქმის 4 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერებმა გამოიყენეს ე.წ. ტვინის ჯანმრთელობის ინდექსი (BrainHealth Index). ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ზომავს ტვინის ზოგად მდგომარეობას. კვლევა მიმართული იყო არა მხოლოდ პრობლემებისა თუ დაავადებების გამოვლენისკენ, არამედ განვითარების პოტენციალის შეფასებისკენ. კერძოდ, მხედველობაში მიიღებოდა აზროვნების უნარი, ფსიქოლოგიური მდგრადობა და სოციალური კავშირები.

ყველაზე საინტერესო ის აღმოჩნდა, რომ გაუმჯობესება პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. მათაც კი, ვინც თავიდანვე ძალიან კარგი შედეგები აჩვენა, ათასდღიანი დაკვირვების შემდეგ მაჩვენებლების ზრდა განაგრძეს. კიდევ უფრო დიდი პროგრესი შეინიშნებოდა მათთან, ვინც თავიდან ყველაზე დაბალი დონით დაიწყო.

მეცნიერებმა ხაზი გაუსვეს, რომ საუბარი არ იყო ტვინის მრავალსაათიან ვარჯიშზე. საუკეთესო შედეგებს ის ადამიანები აღწევდნენ, რომლებიც დღეში მხოლოდ 5-დან 15 წუთამდე უთმობდნენ სპეციალურ სავარჯიშოებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში თანდათანობით ნერგავდნენ ჯანსაღ ჩვევებს.

ტვინის ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა სანდრა ბონდ ჩეპმენმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანი ტვინის შესახებ დღემდე მოძველებული შეხედულებებით მსჯელობს:

"ზედმეტად დიდხანს ვმოქმედებდით იმ მცდარი რწმენით, თითქოს უნდა დაველოდოთ, ვიდრე ტვინს რაიმე ცუდი დაემართება, რომ მერე დავიწყოთ მოქმედება. ეს კვლევა გვახსენებს, რომ ჩვენს ტვინს განსაზღვრავს არა ასაკი, არამედ შესაძლებლობები. კაცობრიობამ უკვე გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, ახლა კი ვზრდით იმ დროსაც, რომლის განმავლობაშიც ტვინს განვითარება და მუშაობის გაუმჯობესება შეუძლია“.

  • ტვინი არ არის "დაპროგრამებული“ ერთხელ და სამუდამოდ

კვლევის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს ე.წ. აღდგენის ეფექტზე“. ცხოვრების რთულ პერიოდებშიც კი - მაგალითად, ავადმყოფობის, სამსახურის დაკარგვის ან ახლობლებზე ზრუნვის დროს - მონაწილეთა ნაწილმა შეძლო ტვინის მდგომარეობის შენარჩუნება ან გაუმჯობესებაც კი, ათვისებული კოგნიტური სტრატეგიების წყალობით.

დოქტორმა ლორი კუკმა აღნიშნა, რომ თითოეული ტვინი უნიკალურია და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს:

"ყველას ტვინი ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი, და თითოეულს აქვს განვითარების პოტენციალი. როდესაც უარს ვამბობთ შაბლონურ გადაწყვეტილებებზე, ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, გაცნობიერებული ინვესტიცია ჩადონ საკუთარი ტვინის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაში“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს კვლევა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი სტიმული, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოცდაათი წლის შემდეგ მეხსიერების ან კონცენტრაციის გაუარესებას ბუნებრივ და გარდაუვალ მოვლენად აღიქვამს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სპეციალისტები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რომელი პროდუქტია უკეთესი ტვინისთვის - ავოკადო თუ ნიგოზი. დასკვნის მიხედვით, ორივე შეიცავს აუცილებელ ნივთიერებებს, თუმცა ნიგოზი უფრო ეფექტურად მიიჩნევა შემეცნებითი ფუნქციების შესანარჩუნებლად.