ჟურნალისტმა ნინო ჭელიძემ ჟურნალისტიკიდან ფოტოჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და ამჯერად სრულიად განსხვავებულ, ამბიციურ პროექტზე გვესაუბრება. მან საკუთარ სტუდენტებთან და შემოქმედებით გუნდთან ერთად გადაწყვიტა, საქართველოში იშვიათი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა: პედრო ალმოდოვარის საკულტო ესთეტიკა ქართულ კინოკლასიკასთან და სიმბოლოებთან დაეკავშირებინა.
"ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემს სტუდენტებთან ერთად გადავწყვიტე, რაიმე რთული და საქართველოში იშვიათი გადაგვეღო. ასე გაჩნდა იდეა - გაგვეცოცხლებინა პედრო ალმოდოვარის ფილმების საკულტო, ყველასთვის ნაცნობი სცენები. ამისთვის განსხვავებული მოდელი გვჭირდებოდა და ვიპოვეთ კიდეც - დრაგ-ქვინი, სასცენო სახელით ჟული. მას ჰქონდა თავისი კოსტიუმები, პარიკები და ის სამკაულები, რასაც წარმოდგენებისას იყენებს.
გუნდი საკმაოდ დიდი იყო - დაახლოებით ათი ადამიანი ვმუშაობდით: შვიდი ფოტოგრაფი, მოდელი და ტელემხატვარი. ეს იყო სრულიად არაკომერციული, ენთუზიაზმზე დაფუძნებული პროექტი და გვინდოდა, რაღაც განსხვავებული შეგვექმნა,“ - გვიყვება ნინო ჭელიძე.
- რადგან საქართველოში ალმოდოვარი ბევრს უყვარს, ვიფიქრეთ, რომ ფოტოებში რაიმე ქართული ელემენტიც შეგვეტანა. სწორედ მაშინ გამახსენდა ბაბუაჩემის დანატოვარი ნამდვილი, ძველი ყანწი.
ალმოდოვარის ერთ-ერთ საკულტო სცენაში მსახიობს ტელეფონის ყურმილის ნაცვლად ფეხსაცმელი უჭირავს. ჩვენ ეს ფეხსაცმელი სწორედ იმ ქართული ყანწით ჩავანაცვლეთ. სხვათა შორის, ეს სცენა თავად როსი დე პალმამ ნახა - ალმოდოვარის მუზამ, რომელიც რეჟისორმა თავის დროზე კაფეში აღმოაჩინა. "ინსტაგრამზე“ მოვთაგეთ და მისგან რეაქციაც მივიღეთ, რაც ძალიან სასიხარულო იყო.

- ფოტოებზე მუშაობისას ორი განსხვავებული ვარიანტი გავაკეთეთ. ერთი - პირდაპირ ალმოდოვარის სცენის ციტირება იყო ყანწით, მეორე კი - ქართული კინოკლასიკის, კერძოდ, მიხეილ ჭიაურელის ფილმის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ გაცოცხლება.
გახსოვთ ის სცენა, ვერიკო ანჯაფარიძე ყანწს ყურზე რომ მიიდებს და ჰგონია, ელაპარაკებიან? ზუსტად ეს იდეა გამოვიყენეთ. ერთმანეთს დავუპირისპირეთ ორი სრულიად განსხვავებული კულტურა და ესთეტიკა. ჭიაურელის ფილმი შავ-თეთრია, ალმოდოვარს კი პირიქით - მყვირალა, მკვეთრი ფერები, განსაკუთრებით კი წითელი უყვარს. აი, ამ "ფერად ალმოდოვარში“ ჩავსვით ჩვენი შავ-თეთრი კინოს საკულტო სცენა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ეკლექტიკა გამოვიდა.
- გადაღება შვიდ საათს გაგრძელდა. მხოლოდ გრიმსა და ჩაცმას ორი საათი დასჭირდა. ვცდილობდით, ყველაფერი ზუსტად მიგვეახლოებინა იმ ეპოქასთან - რეტრო სტილის ტანსაცმელი, 80-იანების ვარცხნილობა, პარიკი... ფერებსაც კი დიდი ყურადღებით ვარჩევდით.

ალმოდოვართან ფერების თეორია განსაკუთრებულია. ის პერსონაჟების იერარქიას ფერებით განსაზღვრავს: მაგალითად, მთავარ გმირს შეიძლება მკვეთრი წითელი ეცვას, მეორეხარისხოვანს კი იმავე ფერის სხვა გრადაცია. ჩვენც ასე დეტალურად ვარჩევდით დეკორაციებს, ყვითელ ბულგარულ წიწაკასა თუ ვაშლებს, რომ ის ავთენტური გარემო შეგვექმნა. ამ ყველაფერში მოდელის არტისტიზმიც ძალიან დაგვეხმარა.
- სიმართლე გითხრათ, ცოტას ვინერვიულეთ იმაზე, თუ როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება. მაინც პრეტენზიული განაცხადია. ალმოდოვარი თავისი ეპატაჟურობითაა ცნობილი, ხშირად ეხება სექსუალურ უმცირესობებს, ძლიერი ქალების თემას... ვიფიქრეთ, ყანწის გამოყენება ვინმეს ქართული ტრადიციების შეურაცხყოფად არ მიეჩნია.
თუმცა, ყანწი მხოლოდ წარსული არ არის. ის დღესაც აქტიურად გამოიყენება ჩვენს ყოველდღიურობაში, სუფრაზე. ეს ცოცხალი სოციალური სიმბოლოა. ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი გამოყენება და არა, მაგალითად, ხინკლის. ჩვენთვის ეს იყო წმინდა შემოქმედებითი ექსპერიმენტი - კულტურათა გადაკვეთა. ჯერჯერობით გამოხმაურება დადებითია და ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის ფართო მკითხველი, როცა ფოტოებს სრულად იხილავს.

- ეს ჩვენი პირველი "ქართული ვარიანტი“ იყო. მანამდე ოდრი ჰეპბერნის სტილში გვქონდა გადაღება. სამომავლოდ კიდევ ბევრს ვგეგმავთ - გვინდა ანიმეს სტილისა და პიეროს თემების დამუშავება. ეს პროცესი ჩვენთვის, პირველ რიგში, სწავლა და ახალი ფორმების ძიებაა.
***
ცნობისთვის: ნინო ჭელიძის ბაბუა, რომელიც მან ახსენა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო და სწორედ ის მონაწილეობს ფილმის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ მასიურ სცენებში, კონკრეტულად კი ცეკვავს. ასე რომ, ეს ფოტოპროექტი მისთვის გარკვეულწილად პირადი და ოჯახური ისტორიის გაგრძელებაც აღმოჩნდა.