თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში სულ უფრო ხშირად ხდება დავის საგანი ზღვარი დაპირებულ ვიზუალურ სრულყოფილებასა და ქირურგიული ჩარევის თანმდევ რთულ ბიოლოგიურ პროცესებს შორის. ეს შემთხვევა, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით გახდა ცნობილი, პლასტიკურ ქირურგ სალომე სვანაძეს და მის პაციენტს, პერმანენტული მაკიაჟის ცნობილ სპეციალისტს, ანნა რუბანს უკავშირდება.
"ვნანობ, რომ ეს ქირურგი ავირჩიე. Dr. Salome Svanadze-მ და კლინიკამ "Art of care“ ჩემი პროფილი დაბლოკეს, რათა "ინსტაგრამზე" მათი მონიშვნა ვერ შევძლო. ერთი თვე მძიმე და ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ: იმპლანტების ამოღება, მკერდის რეკონსტრუქცია, აბდომინოპლასტიკა და ლიპოსაქცია. დათქმული 2-3 დღის ნაცვლად, კლინიკაში ორი კვირა მძიმე მდგომარეობაში გავატარე. როგორც იქნა, სახლში ვარ. თუმცა შვების ნაცვლად - იმედგაცრუებაა. დიდხანს ვდუმდი და ვცდილობდი საკუთარი თავი დამეჯერებინა, რომ "უბრალოდ უნდა დაველოდო“, რომ "ყველაფერი შეხორცდება და უკეთესობისკენ წავა“.
მაგრამ უკვე ერთი თვე გავიდა, ნაკერები კი დღემდე ანთებითია, ადგილ-ადგილ ჩირქდება, უსწორმასწოროდ გამოიყურება და ძალიან შორს არის მოსალოდნელი შედეგისგან. ყოველ გადახვევაზე ერთსა და იმავეს ვისმენ: "ყველაფერი შესანიშნავია“, "ასეც უნდა იყოს“, "ეს საავტორო ტექნიკაა“. მაგრამ როდესაც საკუთარ სხეულს უყურებ, ხვდები, რომ რაღაც ისე არ არის. მე ეს "საავტორო ტექნიკა“ გულზე არ მეხატება. ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში მინიმუმ ნაკერების გადაკეთება მომიწევს. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ის დამრჩენია, რომ სრულ შეხორცებას დაველოდო და ვეცადო აღდგენას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მორალურადაც. ამას ვწერ არა სიბრალულის ან კონფლიქტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ამაზეც საჭიროა საუბარი. სოციალურ ქსელებში ქირურგების ლამაზი ფოტოების მიღმა ზოგჯერ პაციენტების სრულიად განსხვავებული გამოცდილება იმალება. და თუ თქვენ ახლა ირჩევთ ექიმს - გთხოვთ, ნუ უყურებთ მხოლოდ რეკლამას და "იდეალურ“ ნამუშევრებს პოსტებში. შეისწავლეთ რეალური გამოხმაურებები, ესაუბრეთ პაციენტებს და მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას", - წერდა ანნა რუბანი.
ამ პოსტს შემდეგ მალევე მოჰყვა პლასტიკური ქირურგის, სალომე სვანაძის ვრცელი პასუხი. ექიმი მომხდარს პროფესიული კუთხით ხსნის და აცხადებს, რომ პაციენტის მიერ გავრცელებული კადრები მხოლოდ შუალედური ეტაპია:
როდესაც ადამიანს არ აქვს სამედიცინო გამოცდილება, ქირურგიის ადრეული შეხორცების ეტაპები შეიძლება ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი ჩანდეს. ამიტომ მინდა მშვიდად და პროფესიონალურად ავხსნა, რას ხედავთ რეალურად. ქირურგიული შედეგი არასოდეს ფასდება ადრეული შეხორცების ფოტოებით.
ეს არის მიმდინარე მდგომარეობა დღეს, ოპერაციიდან 1 თვეში, შეხორცება ჯერ კიდევ, ბუნებრივია მიმდინარეობს, თუმცა უკვე ძალიან განსხვავებული სურათია კიდევ უფრო ადრე პერიოდთან შედარებით. ვხედავთ არ არის ჩირქი ან ინფიცირება, არის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მსგავსი მოცულობის ოპერაციების შემდეგ დროს საჭიროებს.
ეს არის ადრეული პოსტოპერაციული პერიოდი რთული და მოცულობითი ოპერაციის შემდეგ, რომელიც მოიცავდა: იმპლანტების ამოღებას, მეორად მკერდის აწევას და რეკონსტრუქციას, მინი აბდომინოპლასტიკას და ლიპო სკულპტურას
ასეთ ეტაპზე შეშუპება, სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა, ფუფხები, გამშრალი სისხლის ცვეთები და განსაკუთრებით T-ზონის შეხორცების სირთულეები შესაძლებელია და მოსალოდნელი.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ოპერაციამდე თითოეულ პაციენტთან დეტალურად განვიხილავთ როგორც ოპერაციის მიმდინარეობას, ასევე შეხორცებისა და რეაბილიტაციის პროცესის ყველა მნიშვნელოვან ეტაპს.
აღნიშნული ინფორმაცია პაციენტს მიეწოდება არა მხოლოდ სიტყვიერად კონსულტაციის დროს, არამედ დოკუმენტურადაც — ინფორმირებული სამედიცინო თანხმობის ფორმის მეშვეობით, რომელსაც პაციენტი დეტალურად ეცნობა ოპერაციამდე.
სწორედ ამიტომ განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც სოციალურ სივრცეში ვრცელდება პროცესის საწყისი და შუალედური ეტაპები კონტექსტისა და სრული სამედიცინო ინფორმაციის გარეშე.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველთვის არის: პაციენტის უსაფრთხოება,სწორი მონიტორინგი, და პასუხისმგებლობიანი სამედიცინო მართვა.
და მიუხედავად ემოციური ფონისა, მე ვირჩევ პროფესიონალიზმს, ფაქტებზე დაფუძნებულ კომუნიკაციას და პატივისცემას".
"არ ვფიქრობ, რომ ჩემი განცხადება ემოციური იყო, ეს ხომ ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ არ გამომიქვეყნებია, არამედ მთელი თვის შემდეგ და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველ გადახვევაზე ცდილობდნენ დამეჯერებინა მათთვის და მიმტკიცებდნენ, რომ ეს ნორმაა, რომ ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ ეს არ არის ნორმა და მარტო მე არ ვფიქრობ ასე.
ჩემი მხრიდან ბრალდებები საერთოდ არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ მათ ინსტაგრამზე დამბლოკეს. მე ვწერ, რომ შევცდი არჩევანში, რომ არ მეფერება ეს საავტორო ტექნიკა, რომ ვნანობ ჩემს არჩევანს.უკმაყოფილო ვარ არა მხოლოდ ვიზუალით, არამედ იმით, რომ ნაკერები არის უსწორმასწორო და დამპალი (დაჩირქებული) ერთი თვის შემდეგ! ასეთი რამ ცალსახად არ უნდა ხდებოდეს.
კლინიკაში 2-3-ჯერ კვირაში მიკეთებენ სამედიცინო გადახვევებს, ნაკერების დამუშავებას.
მე არავის ვეკამათები, მე გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას, რადგან მაქვს გამოცდილება. შესაძლოა, წინასწარ რომ მცოდნოდა მისი "საავტორო ტექნიკის“ შესახებ, მასთან არასოდეს მივსულიყავი, მაგრამ ყველა ფოტოზე ინსტაგრამში ნაკერები დაწებებულია, მე კი აზრადაც არ მომსვლია, რომ 2026 წელს ვინმემ შეიძლება ნაკერი უსწორმასწოროდ დაადოს!
ეს არ იყო გადაუდებელი ოპერაცია აპენდიციტის ამოსაკვეთად, არამედ პლასტიკური ქირურგია! მე არ მქონდა ზედმეტი ქსოვილები, ბევრი ცხიმი ან უზარმაზარი მუცელი, როგორც მაგალითად ორსულს, რომლებსაც საკეისრო კვეთის შემდეგ ექიმები იმაზე უკეთაც კი უკერავენ", - ამბობს Ambebi.ge-სთან პაციენტი.