გემ Hondius-იდან, რომელზეც ჰანტავირუსი გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო.
მგზავრებს პორტიდან სამხედრო ავტობუსებით პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანენ, საიდანაც ესპანეთის მთავრობის თვითმფრინავით მადრიდში გაემგზავრებიან. მადრიდში მათ საავადმყოფოში გადაიყვანენ და კარანტინში მოათავსებენ.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მონიკა გარსიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი რეისით ესპანეთის 14 მოქალაქე გაემგზავრება, მომდევნო რეისებით კი ნიდერლანდების, გერმანიის, ბელგიის, საბერძნეთის მოქალაქეებს გადაიყვანენ. ბოლო რეისი ხვალისთვისაა დაგეგმილი, რომელიც ავსტრალიაში გაემგზავრება.
მიუხედავად იმისა, რომ გემზე სიმპტომები არავის აღენიშნება, მგზავრები და ეკიპაჟი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავიანთ კაბინებში იყვნენ გამოკეტილები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. გემი, რომლის ბორტზე დაახლოებით 150 ადამიანი იმყოფებოდა, ტენერიფეში დღეს დილით ჩავიდა. თითოეულ მგზავრს ჰანტავირუსზე შემოწმება ჩაუტარდება.
ცნობისთვის, გემი არგენტინიდან 1-ელ აპრილს გაემგზავრა. გემზე 11 აპრილს, პირველი მგზავრი, ნიდერლანდების მოქალაქე, გარდაიცვალა. მისი მეუღლე, რომელიც 24 აპრილს წმინდა ელენეს კუნძულზე გადმოვიდა, იოჰანესბურგში ჩაფრინდა და 26 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2 მაისს, გემზე გერმანელი მგზავრი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეჭვობს, რომ ნიდერლანდელი მგზავრი ჰანტავირუსით გემზე ასვლამდე დაინფიცირდა