ავტორი:

წმინდა სინოდმა ისტორიული არჩევანი გააკეთა - ყველაფერი საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეზე

წმინდა სინოდმა ისტორიული არჩევანი გააკეთა - ყველაფერი საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამეზე

დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ზუსტად 13:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაწყებულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ, რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ, ქვეყნის ახალი სულიერი წინამძღოლი გამოავლინა. წმინდა სინოდის წევრებმა, სამღვდელოებამ და ერისკაცთა წარმომადგენლებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.

ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჯერ კიდევ კანდიდატების შერჩევისას ყველაზე მეტი, 20 ხმა, სწორედ მან მიიღო სინოდისგან. 49-წლიანი ეპოქის შემდეგ, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახელს უკავშირდებოდა, ეკლესიის მესაჭის კვერთხი მისმა რჩეულმა მოსაყდრემ ჩაიბარა. სამების ტაძრის გარშემო შეკრებილი მრევლი ამ გადაწყვეტილებას ზარების რეკვითა და სიხარულით შეხვდა.

  • "ეს არის გზა ილია მეორის კვალდაკვალ“

არჩევნების წინა დღეს, საკვირაო ქადაგებისას, მეუფე შიომ თითქოს წინასწარ განამზადა მრევლი ამ დიდი მოვლენისთვის.

"მინდა დავძინო, რომ მხოლოდ მადლის მეშვეობით შეგვეძლება ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ ჩვენ ყველას გველის. ეს არის დიდი, გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს - პატრიარქის გამორჩევა.

ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი, ღვთის ნებით, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო ისევე, როგორც 49 წლის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ერში. ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელების.

ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთისმსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო“,-აღნიშნა მეუფე შიომ.

ახალმა პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობა იქნება ილია მეორის გზის პირდაპირი გაგრძელება - გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ხალხის სიყვარულისა და საქართველოს გამთლიანებისთვის თავგანწირული მსახურების.

  • გზა კონსერვატორიიდან მონასტრამდე: არისტოკრატი ჩელოთი ხელში

ახალი პატრიარქის პიროვნება ყოველთვის იწვევდა საზოგადოების დიდ ინტერესს. მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი) 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში, გამორჩეულ ინტელიგენტთა ოჯახში დაიბადა. მისი გენეალოგია ნამდვილი თბილისური არისტოკრატიის ნიმუშია: მამა, თეიმურაზ მუჯირი, ცნობილი არქეოლოგი იყო; დედა, ნანა ქურდიანი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; პაპა და ბებია კი აღიარებული ექიმები.

როგორც მისი ბავშვობის მეგობარი, კინორეჟისორი გიო მგელაძე იხსენებს, ელიზბარი ბავშვობიდანვე ყველასგან გამორჩეული იყო. 53-ე სკოლის მოსწავლე, რომელიც ვერაზე ცხოვრობდა, თავისი სიმაღლითა (190 სმ) და კეთილშობილური გარეგნობით ყოველთვის იქცევდა ყურადღებას. თუმცა, მისი მთავარი გატაცება მუსიკა იყო.

"წარმოიდგინეთ, შეეძლო ისე ევლო ჩელოთი ხელში, რომ ამის გამო ხმა არავის გაეცა. მუსიკა ძალიან უყვარდა. კონსერვატორიაში რომ ჩააბარა, კონკურსებს იგებდა“, - იხსენებს გიო მგელაძე.

ერთ დღეს მან მეგობარს გაუმხილა: "ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, სიცხე მიწევს 40 გრადუსამდეო“. ეს იყო სულიერი ნიშანი იმისა, რომ მისი გზა სხვაგან მიდიოდა. 1991 წელს ის შიომღვიმის მონასტერში წავიდა და 5 წლის განმავლობაში თბილისში არ გამოჩენილა. დედაქალაქში ის უკვე ბერად აღკვეცილი დაბრუნდა.

  • მუსიკოსების მოგონებები: "გულში ისევ უკრავს...“

ერთადერთი ვრცელი მოგონება ელიზბარ მუჯირის სასულიერო გზაზე შედგომაზე, მუსიკოს ქეთი ლოლაძეს ეკუთვნის. წლების შემდეგ კი, როცა მეუფე შიო უკვე მაღალი იერარქი იყო, ერთ-ერთ კონცერტზე შენიშნეს, როგორ ამოძრავებდა თითებს ჰაერში პატარა ჩელისტის დაკვრისას - თითქოს გულში ისევ ძველებურად უკრავდა.

"მახსოვს, პირველად რომ ვნახე კონსერვატორიაში, მზესავით იყო, ნათელი, თბილი, ფუმფულა და საყვარელი სულ ღიმილით, მაშინაც წვერიანი დადიოდა, ეს პატარა 17 წლის ბიჭი და ირგვლივ სიკეთეს და სითბოს აფრქვევდა. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ არა, რომ ყველასგან განსხვავებული იყო გარეგნობით თუ ხასიათით. მერე მახსოვს, პირველად მოვისმინე როგორ უკრავდა ჩელოზე, მაშინ კი დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ყველასგან განსხვავებული იყო.

ეს არ იყო ჩვეულებრივი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული პატარა ბიჭი, სცენაზე ზრდასრული, ჩამოყალიბებული მუსიკოსი იჯდა. ისიც მახსოვს, თუ როგორ "აფეთქდა" მისი სახელი პირველივე კონცერტიდან, როგორ ეხვეოდნენ თავს პროფესორები და ლექტორები, კომპლიმენტებს არ იშურებდა არავინ, წარმატებულ მომავალს ხედავდნენ მასში.

ასე გახდა ყველასათვის საყვარელი ელიზბარი, მუსიკოსი, რომლის პირველივე ბგერიდან ბურთი გებჯინებოდა ყელში და ცრემლი გერეოდა ისე უკრავდა... რა მომენტში დავმეგობრდით არ მახსოვს, მახსოვს ჩვენს შორის ორი საერთო ინტერესი და სიყვარული გამოიკვეთა: ჯაზი და მურაბა. მერე იყო ჩემთან სამზარეულოში ღამეების თენება, გაუთავებელი საუბარი ყველაფერზე და არაფერზე (მურაბის და ჯაზის თანხლებით, რა თქმა უნდა). ერთხელაც, უცებ საიდუმლო გამიმხილა, თუ როგორ აპირებდა ჩელოსთან განშორებას და სხვა გზის არჩევას.

თავიდან მეგონა ხუმრობდა, მახსოვს, დავცინე კიდეც (პირველი რეაქცია იყო ასეთი) და მე რომ იმ ღამეს ხუმრობა მეგონა, ჩემს მაესტროს (იმ დროს კონსერვატორიის რექტორს) ბატონ ნოდარ გაბუნიას სულაც არ ეხუმრებოდა. რა არ მოუყვანა მაგალითად, ვისი ბიოგრაფია არ გაახსენა და წაუკითხა, როგორ არ ეცადა, გადაეთქვა ელიზბარს თავისი გადაწყვეტილება, როგორ ემოციურად უხსნიდა მთელი თავისი არსებით რომ მუსიკაა სწორედ ის გზა, ღვთის გზა, რომელიც უფალთან მიიყვანდა, რომ მუსიკაც ბუნების ძალაა ღმერთისგან შექმნილი... ყველაფერი ამაო იყო.

ელიზბარი ჯიუტად თავისას ითხოვდა. ვიჯექი როიალთან ხმაგაკმენდილი და ვუსმენდი მათ დიალოგს (უფრო კამათს). ვიჯექი და მთელი გულით მამა ნოდარის მხარეს ვიყავი იმ წუთას. გვენანებოდა ელიზბარი, გვენანებოდა მისი მონაცემები, ნიჭი, უზადო შესაძლებლობები, მომავალი, კარიერა და ვინ მოთვლის კიდევ რა... ის კი ჯიუტად ითხოვდა ხელმოწერას კონსერვატორიიდან გარიცხვის შესახებ. ასეც მოხდა, დაიყოლია, აიღო ფურცელი, თვალი ჩამიკრა და გაუჩინარდა. დაგვტოვა დამუნჯებული. იმ დღეს გაკვეთილი ვეღარ გავაგრძელეთ, განწყობა გაქრა, შევყურებდით ერთმანეთს მაესტრო და მე გაკვირვებული, ჩუმად, უხმოდ.

მას მერე წლები გავიდა არაფერი მსმენია მასზე... ნოდარ გაბუნიას პანაშვიდზე ყველა მამაოს ელოდა წესის ასაგებად, და შემოვიდა მამაო, ისევ ისეთი ნათელი სახით, ისევ მზესავით თბილი, მშვიდი და ისევ ყველასგან განსხვავებული. როგორი გულწრფელი იყო, როგორი პასუხისმგებლობით აღასრულა რიტუალი. ისევ სამზარეულოში აღმოვჩნდით, ამჯერად გაბუნიებთან სახლში, ვისხედით პირისპირ, ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით.

რაღაც ერთი საერთო ტკივილი გვქონდა, დიდ მაესტროს ვემშვიდობებოდით, ბოლოს გაიღიმა, წამიერად ერთი და იგივე აზრი დაგვიტრიალდა თავში, დუმილი კი მან დაარღვია და მითხრა: "ქეთი, წლების წინ, მაშინ, ნოდართან კაბინეტში, ჩვენ სამნი რომ ვისხედით, რომელიმე ვიფიქრებდით, რომ ბატონ ნოდარს ამ ცხოვრების უკანასკნელ გზაზე მე გავაცილებდი?". ნამდვილად ვერ ვიფიქრებდით ვერც იმას და ვერც ამას, თუ რა ხდება დღეს მის თავს...

ისე, ცხოვრების მანძილზე დრო და დრო სულ შემთხვევით ვეკვეთებოდით ერთმანეთს (ამით აღარ შეგაწყენთ თავს). ბოლოს ორი წლის წინ ვნახე, სენაკში, სადაც ვალერიან შიუკაშვილის ფესტივალი იმართება ყოველწლიურად. დარბაზში იჯდა, მომეჩვენა რომ იმ ნათელ გამომეტყველებას დარდი ჰქონდა შეპარული, ცოტაც მობერებული, თმა-წვერ თეთრიანი, სევდიანი იყო. სცენაზე პატარა ჩელისტი ბიჭი ავიდა, როგორც კი დაკვრა დაიწყო, სახე გაუნათდა ისევ, თვალებში სითბო ჩაეღვარა და გაეღიმა. ჰო, და კიდევ კვერთხი ეჭირა. თვალი რომ გავაპარე, თითებს ამოძრავებდა აღმა-დაღმა, უკრავდა ალბათ გულში".

  • საეკლესიო იერარქია და აკადემიური ღვაწლი

მეუფე შიოს გზა ეკლესიაში სწრაფი და ნაყოფიერი იყო:

1993 წელი: ბერად აღკვეცა სახელით შიო.

1995-1996 წლები: დიაკვნად და მღვდლად კურთხევა.

1990-იანი წლების ბოლო: თბილისის სხვადასხვა ტაძრების, მათ შორის ანჩისხატისა და ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრობა.

2001 წელი: მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი. სწორედ მოსკოვში ყოფნისას მიიღო მან უმაღლესი სასულიერო განათლება წმინდა ტიხონის ინსტიტუტში.

2003 წელი: სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი.

2015 წელი: დაიცვა დისერტაცია თემაზე "ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ და მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი.

2017 წლის 23 ნოემბერი: გიორგობის დღესასწაულზე, პატრიარქმა ილია II-მ დაასახელა თავის მოსაყდრედ, რითაც მას უდიდესი ნდობა გამოუცხადა.

საეკლესიო კრების დასრულების შემდეგ, ახლად არჩეულმა პატრიარქმა მრევლს პირველად დალოცა. წინ აღსაყდრების ოფიციალური ცერემონიაა, თუმცა მთავარი უკვე მოხდა - საქართველო ახალ ეპოქაში შევიდა.

წაიკითხეთ ასევე: