ავტორი:

არის თუ არა რაიმე მინიშნება პატრიარქობის კანდიდატების სხვადასხვა ფერის შესამოსელში? - "ეს ის მანტიებია, რომლებსაც ეს მღვდელმთავრები თავიანთი მსახურებისას იყენებენ"

არის თუ არა რაიმე მინიშნება პატრიარქობის კანდიდატების სხვადასხვა ფერის შესამოსელში? - "ეს ის მანტიებია, რომლებსაც ეს მღვდელმთავრები თავიანთი მსახურებისას იყენებენ"

საპატრიარქო კანდიდატების სხვადასხვა ფერის მანტიით სამების ტაძარში გამოჩენამ კითხვა გააჩინა, - რატომ იყვნენ ისინი სხვადასხვა ფერის მანტიით წარმოდგენილი. ხომ არ არის ეს რაიმე სიმბოლური ნიშანი და რაიმეზე ხომ არ მიანიშნეს ეს. მართლაც არის თუ არა ეს რაიმეს მიმანიშნებელი.

  • რა არის მანტია?

მანტია სამღვდელმთავრო შესამოსელია, რომლითაც ის საღვთო ლიტურგიის დასაწყისში იმოსება. სამღვდელმთავრო მანტიას ეპისკოპოსი ატარებს მისი ღირსებისა და თანამდებობის ნიშნად. იგი არის ფერადი, ძვირფასი ქსოვილისაგან დამზადებული მოსასხამი, რომელსაც ლათინურად პალიუმი ეწოდება და ნიშნავს ტანსაცმლის ზემო მოსასხამს. მანტიას მხრებზე და ბოლოებზე დაკერებული აქვს ოთხკუთხა დაფები, რომლებიც სიმბოლურად ძველ და ახალ აღთქმებს მოასწავებენ და ასევე იმას, რომ ქრისტიანული სწავლება გამომდინარეობს როგორც ძველი ისევე ახალი აღთქმიდან და მოძღვარმა აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს ორივე აღთქმიდან. ორივე დაფას გასდევს განსაკუთრებული ქსოვილის ზოლები, რომლებიც სიმბოლურად ღვთიურ მადლს აღნიშნავენ. ყველა ეპისკოპოსის მანტია არის იასამნისფერი ან მუქი ლურჯი. მხოლოდ საქართველოს პატრიარქის მანტიაა წითელი ფერის, ხოლო მსოფლიო პატრიარქებისა სხვადასხვა ფერის - ძირითადად მწვანე და ლურჯი. მწვანე ამ შემთხვევაში, სულიწმიდის ფერია და აღნიშნავს იმას, რომ პატრიარქი სულიწმიდის მადლით წინამძღოლობს ეკლესიას. წითელი (ალისფერი) ფერი ქრისტიანულ ტრადიციაში აღნიშნავს სიყვარულს, მოწამეობას, სისხლს (ქრისტეს მსხვერპლს) და მეფურ ღირსებას. პატრიარქის შემთხვევაში, ეს არის ძალაუფლებისა და მორწმუნეთა სულებისათვის თავდადების სიმბოლო და საქართველოს პატრიარქის შემთხვევაში ეს წითელი ფერი ქრისტეს კვართსაც უკავშირდება. მანტიაზე დაკერებულია ზოლები - "წყაროები“ თეთრი და წითელი ფერის, რაც აღნიშნავს ძველი და ახალი აღთქმის მოძღვრებას. ეს არის გრძელი მოსასხამი, რომელსაც გრძელი ბოლო აქვს. ასევე, მანტიაზე დატანილია ქერუბიმთა გამოსახულებები.

  • ambebi.ge-მ კითხვით მიმართა თეოლოგს, სასულიერო აკადემიის პედაგოგს, გიორგი გვასალიას, რა ახსნა აქვს იმას, რომ საპატრიარქო კანდიდატები სხვადასხვა ფერის მანტიით იყვნენ წარმოდგენილი?

თეოლოგი გიორგი გვასალია, თეოლოგი, სასულიერო აკადემიის პედაგოგი:

- არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავს. ამას ვერანაირი მინიშნება ვერ იქნება. ეს ის მანტიებია, რომლებსაც ეს მღვდელმთავრები თავიანთი მსახურებისას იყენებენ. ვიმეორებ, ამაში არაფერია მიმანიშნებელი და სიმბოლური. შემდეგ უკვე არჩეულ პატრიარქი მეწამული მანტიით უნდა შემოსონ, ნიშნად მისი აღმატებულობისა და სამეუფო დიდების ხაზგასმისა, რომელსაც ჩვენი ეკლესია აღიარეს. ამ ფერებში არაფერია უჩვეულო, ეს არის ისტორია, რომელიც ბიზანტიის იმპერიიდან მოდის - ტრადიციაა.