დიქტატორების სახელები ისტორიაში ყველაზე მძიმე მოვლენებსა და რეპრესიებს უკავშირდება, საზოგადოებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მათი პირადი ცხოვრება: ურთიერთობები და ქორწინებები, რომლის დეტალებიც ხშირად, იდუმალი და ამოუხსნელი რჩებოდა.
26 წლის წინ, 2000 წლის ივნისში - მაშინ, როცა სირიის დიქტატორი, ჰაფეზ ასადი გარდაიცვალა, პრეზიდენტის პოსტი მისმა უმცროსმა შვილმა, ბაშარ ალ ასადმა დაიკავა. ამავე წელს, ბაშარი ახალგაზრდა, ჭკვიან და ელეგანტურ ქალზე, ასმა ახრასზე დაქორწინდა. მათი სიყვარულის ისტორია უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მედიისა და ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცეოდნენ.

ბაშარმა და ასმამ ერთმანეთი 90-იან წლებში, ლონდონში გაიცნეს. მაშინ, როცა ბაშარი ოფთალმოლოგიის პროფესიას ეუფლებოდა, ასმა კი საინვესტიციო ბანკირის წარმატებული კარიერით ტკბებოდა. ასმას ოჯახი ბრიტანულ აკადემიურ წრეში დიდი გავლენით სარგებლობდა: მამა - ფავაზ ახრასი ნიჭიერი და დაფასებული ქირურგი, დედა კი ყოფილი დიპლომატი, რომელიც ლონდონში, სირიის საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა.

სწორედ მაშინ, როცა ასმა ჰარვარდში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, ბაშარ ასადმა ხელი სთხოვა. 25 წლის ასაკში, ასმა ლონდონიდან დამასკოში გადავიდა და სირიის პირველი ლედი გახდა. მათი შეუღლება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მედიაში წყვილის შესახებ არაფერი იწერებოდა. ქორწილიც 2000 წლის დეკემბერში, საიდუმლოდ გამართეს. ზუსტი თარიღი დღემდე არ საჯაროვდება.
მირტა დიას ბალარტი, კუბის რევოლუციის ლიდერის და დიქტატორის, ფიდელ კასტროს ერთადერთი კანონიერი ცოლი იყო.
მათი სიყვარულის ისტორია ჰავანის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც მირტა ფილოსოფიასა და ლიტერატურას სწავლობდა, ფიდელი კი იურიდიულ განათლებას იღებდა. კასტროსა და ბალარტის ურთიერთობას მედიაში, “რომეოსა და ჯულიეტას” ისტორიას ადარებდნენ. მათ ქორწინებას ვერავის წარმოიდგენდა, რადგან მირტას მამა, რაფაელ ხოსე დიას-ბალარტი კუბის ქალაქ ბანესის მერი და ბატისტას რეჟიმის ერთგული იყო.

ქორწილი 1948 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა, მაშინ, როცა ფიდელი 22 წლის, მირტა კი 20 წლის იყო. თაფლობის თვე ნიუ-იორკსა და მაიამიში გაატარეს. თერთმეტი თვის შემდეგ, 1949 წლის 1 სექტემბერს, მათ ვაჟი, ფიდელ-ანხელი შეეძინათ. თუმცა, მალევე, ქორწინებას ბზარები გაუჩნდა.
შვიდი წლის შემდეგ,1955 წელს, წყვილი განქორწინდა.

2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბალარტისა და კასტროს შვილმა, ფიდელ-ანხელ კასტრომ თავი მოიკლა. რამდენიმე თვის განმავლობაში ექიმები კასტროს ღრმა დეპრესიის დაძლევაში ეხმარებოდნენ. პროფესიით იყო ფიზიკოსი და მეცნიერებათა დოქტორი. სხვადასხვა დროს კი სამეცნიერო საკითხებში, კუბის სახელმწიფო საბჭოს მრჩევლად და კუბის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა.
"ჩემი ქორწინება ფიდელთან, შორეული მოგონებასავით მახსოვს, თუმცა ამავდროულად, როგორც ახალგაზრდობის ძალიან ლამაზი პერიოდი. არასდროს მსურდა მისთვის ცუდი, ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო", - ამბობდა მირტა LOC-თან ინტერვიუში.
ესპანელმა გენერალმა და დიქტატორმა მმართველმა, ფრანსისკო ფრანკომ 30 წლის ასაკში, 1923 წლის 23 ოქტომბერს, ასტურიის პროვინციის ერთ-ერთ გავლენიან ოჯახის შვილზე, მარია დელ კარმენზე იქორწინა. კარმენ პოლოს, ხშირად იმ რელიგიური და სოციალური წესრიგის ფუნდამენტურ ფიგურად მიიჩნევდნენ, რომელიც მისი ქმრის რეპრესიული რეჟიმის დროს, ესპანეთში დამყარდა.

1926 წელს, მათ ერთადერთი შვილი - მარია დელ კარმენი ("კარმენსიტა") შეეძინათ. ფრანკო ესპანელებს ავალდებულებდა, რომ მის ცოლს ისე მოჰპყრობოდნენ, როგორც ნამდვილ დედოფალს: სახელმწიფო ცერემონიებზე მისთვის სამეფო მარშს უკრავდნენ და ამით, მოწიწებასა და პატივისცემას გამოხატავდნენ.
გარდაცვალებიდან თითქმის 44 წლის შემდეგ, ფრანკოს სამარხი, მადრიდის ახლოს მდებარე სახელმწიფო მავზოლეუმიდან ამოიღეს და ელ-პარდოს სასაფლაოზე დაკრძალეს, იქ, სადაც მისი ცოლია დაკრძალული.
აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორი, უგანდის მმართველი, იდი ამინი მოცეკვავე სარა კიოლაბაზე 1975 წელს დაქორწინდა. სარა ამინის მეხუთე და გამორჩეულად საყვარელი ცოლი იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათი ქორწილისთვის, 2 მლნ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაიხარჯა.
კიოლაბა ამინს უგანდაში შეხვდა მაშინ, როცა სხვა კაცთან ჰქონდა ურთიერთობა. გავრცელებული ინფორმაციით, 1974 წელს, შვილი ყოფილი პარტნიორისგან გააჩინა, თუმცა დიქტატორმა ბავშვი თავისად გამოაცხადა და ნამდვილი მამაც მალევე გაუჩინარდა.

სარამ ქმარი 1982 წელს მიატოვა და ოთხი შვილიდან ერთ-ერთი, თან წაიყვანა. მოგვიანებით, ლონდონში დასახლდა, გახსნა კაფე და სალონი.
1999 წელს სარას სამართლებრივი პრობლემები შეექმნა - მის კაფეში სისუფთავის სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა: წაუყენეს ბრალი, რადგან მთელი ტერიტორია მღრღნელებითა და ტარაკნებით იყო სავსე.
მიუხედავად ყველაფრისა, კიოლაბა სიცოცხლის ბოლომდე იცავდა ამინს. მისი სიკვდილის შემდეგ, ცივსისხლიან დიქტატორს "ნამდვილი აფრიკელი გმირი“ და "შესანიშნავი მამა“ უწოდა.
2015 წელს, სარა კიოლაბა ლონდონში, სიმსივნით გარდაიცვალა.
მოამზადა მარიამ გამზარდიამ