ავტორი:

რა ვიცით პატრიარქის ინტრონიზაციაზე, რომელიც დღეს სვეტიცხოველში გაიმართება

რა ვიცით პატრიარქის ინტრონიზაციაზე, რომელიც დღეს სვეტიცხოველში გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქმა,შიო III-მ განაცხადა.

როგორც ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება დაიწყება 10:00 საათზე.

"ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“,- აღნიშნა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ.

პროცედურა:

  • ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავრები ახალ პატრიარქს წაუკითხავენ პატრიარქად გამორჩევის ლოცვას.
  • გადასცემენ საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.
  • შიო მესამეს ასევე მიმართავს არქიდიაკონი, დემეტრე დავითაშვილი.

რით შეიმოსება შიო III ინტრონიზაციისას

გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას თქმით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს ინტრონიზაციისთვის შესამოსელი ჯერ არ აქვს, ამიტომ, სავარაუდოდ, ილია მეორის შესამოსელს გამოიყენებენ.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს ღირსშესანიშნავი და ეპოქალური მოვლენა არის. მოხდა ახალი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა, რომელიც წმინდა და გაფართოებულმა კრებამ გამოარჩია მაღალყოვლადუსამღვდელოესი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელსაც უკვე უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის რანგში ჩვენ მოვიხსენიებთ შიო III-დ.

თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ.საზოგადოებრივი ტრანსპორტი 12 მაისს, 08:00 საათზე გავა თბილისიდან მცხეთის მიმართულებით.

სწორედ სვეტიცხოველში, 1977 წლის 25 დეკემბერი გაიმართა ილია მეორის ინტრონიზაცია.

ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი.