უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა განაცხადა ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენის შესახებ, რომელიც კიევის მახლობლად ელიტური საცხოვრებლის მშენებლობაზე, 460 მილიონი გრივნის ლეგალიზაციაში მონაწილეობდა.
ეჭვმიტანილი გახდა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი, რომელიც 2025 წლის ნოემბრის ბოლოს გაათავისუფლეს კორუფციული სკანდალის - “მინდიჩგეიტის“ ფონზე. მას შემდეგ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.
ეჭვი წარდგენილია მუხლით, რომელიც ეხება დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას (გათეთრებას).

NABU-ს მონაცემებით, მშენებლობა მიმდინარეობდა კოტეჯურ დასახლება “დინასტიაში“. ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ტიმურ მინდიჩი და უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი, შეთანხმდნენ ოთხი კერძო რეზიდენციის შეძენაზე პირადი საკუთრებისთვის.
თითოეული რეზიდენციის ფართობი შეადგენს დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრს, ღირებულება კი დაახლოებით 2 მილიონ დოლარს. რეზიდენციები შენდებოდა საერთო ჯამში 8 ჰექტარზე მეტი ფართობის ნაკვეთებზე, რომელთა ღირებულება შესაძლოა 6 მილიონ დოლარს აჭარბებდეს. გამოძიების ვერსიით, 2021-2025 წლებში ამ მშენებლობაზე თითქმის 9 მილიონი დოლარი გაირეცხა.
ერმაკმა უარი თქვა კომენტირებაზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე.
“ახლა არაფერს ვიტყვი, როცა საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, კომენტარს გავაკეთებ“, — განაცხადა მან.
კითხვაზე, აქვს თუ არა სახლი “დინასტიაში“, მან უპასუხა: “არცერთი სახლი არ მაქვს, მაქვს მხოლოდ ერთი ბინა და ერთი ავტომობილი“. მან ასევე უარყო, რომ ის არის “ქირურგი“ (The Surgeon) ე.წ. “მინდიჩის ჩანაწერებიდან“.
პრეზიდენტის ოფისი კომენტარისგან თავს იკავებს. პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა აღნიშნა, რომ საპროცესო მოქმედებები გრძელდება და შეფასებების გაკეთება ნაადრევია.
ერმაკი ოფისს ხუთ წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა და განცხადება თავად დაწერა. 2026 წლის მარტიდან მან მუშაობა დაიწყო ადვოკატთა ეროვნულ ასოციაციაში და აღადგინა საადვოკატო საქმიანობის უფლება.