მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი ვარაუდობს, რომ „ახალარჩეული პატრიარქი დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თაობაზე დააყენებს საკითხს“.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია უნდა შედგეს.
მან გაერთიანებულ კრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
„გუშინ შედგა სინოდალური გაერთიანებით კრება. საკითხი გახლდათ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. სინოდალურმა სხდომამ ჩაიარა მშვიდ გარემოში, ღიად ჩაიარა. 22 ხმით იქნა გამორჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე.
საერთოდ კათოლიკოს-პატრიარქების არჩევა ხდება სვეტიცხოვლის ტაძარში. ეს არის დადგენილი წესი. სხვა ტაძარში ეს არ ხდება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვაქვს ერთსულოვნება. მომავალი პატრიარქი სიბრძნით, გონიერებით წარმართავს თავის მოვალეობას. მინდა რომ დავლოცო, ვუსურვო სიმტკიცე რწმენაში, სულიერებაში, მრავალჟამიერი სიცოცხლე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.