"საქართველოში საჯაროდ აღიარეს, რომ დასავლეთმა მათგან რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნა მოითხოვა", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"დასავლელებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონი გეოგრაფიულად შორეული და კულტურულად უცხოა. მათ იქ არა კონსტრუქციული, არამედ დესტრუქციული ჩანაფიქრები აქვთ, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ თამაშებთან და უკვე არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ. ამ მხრივ, მრავლისმეტყველია თბილისის საჯარო აღიარება, რომ ფაქტობრივად 2022 წლიდან მისგან მოსკოვის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას მოითხოვდნენ“, - განაცხადა კალუგინმა.
"რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნიორები არიან. ჩვენ მზად ვართ თბილისთან თანამშრომლობა უფრო განვავითაროთ და პრაქტიკული საკითხები კონსტრუქციულად გადავჭრათ. ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ საკუთარი ხალხის ინტერესებით იხელმძღვანელებს და რესპუბლიკის რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრევას არ დაუშვებს.
სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღებით მუშაობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს პოსტკონფლიქტური ურთიერთობების აღდგენის შესახებ“, - აღნიშნა კალუგინმა.