საქართველოს პროკურატურამ 1 004 798 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საზღვარგარეთიდან საქართველოში, 43 ავტომანქანას ჩამოიყვანდა და გადასცემდა. ბრალდებულმა დაზარალებული მოატყუა, რომ თითქოსდა, ავტომანქანების ჩამოსაყვანად საჭირო იყო ავტომანქანების ღირებულების ნაწილის წინასწარ გადახდა, რის შემდეგაც დაზარალებულმა ბრალდებულს ხელზე გადასცა და მის მიერ მითითებულ საბანკო და კრიპტო საფულის ანგარიშებზე გადარიცხა 1 004 798 ლარი. მიუხედავად თანხის გადახდისა, ბრალდებულმა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა და დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას დაეუფლა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში