ავტორი:

"მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად" - ნიკა გვარამია

"მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად" - ნიკა გვარამია

მოვიდა დრო, მივმართოთ საფრანგეთის პროკურატურას, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო კონვენციური დანაშაულების ჩადენისთვის პასუხისგებაში მისაცემად, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

  • ის საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

"გუშინ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც გმობს საქართველოს მთავრობის „არალიბერალურ და ავტორიტარულ რეგრესს“ და ხაზს უსვამს ივანიშვილის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე;

რეზოლუცია შეიცავს მოთხოვნას, რომ საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის ადრე მინიჭებული საპატიო ლეგიონის ორდენის ჩამორთმევის საკითხი;

ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას მანამ, სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება დემოკრატიულ ღირებულებებს და არ ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები,“ - წერს გვარამია.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ სვლას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა გამოხატავს სრულ სოლიდარობას დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის მობილიზებული ქართველი ხალხის მიმართ.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეინარჩუნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება მანამ, სანამ არ მოხდება პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულება, კერძოდ, „პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა და ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა გამოხატვის უფლებები, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვა და თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“.

მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულ აქტორებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს; მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.

ამასთან, რეზოლუცია საფრანგეთის მთავრობას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ შეიძლება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა შეუქმნას და მოწოდებით გამოდის, რომ გაწევრიანების პერსპექტივა ღია დარჩეს იმ პირობით, რომ პოლიტიკური წინაპირობები შესრულდება და მოქმედი მთავრობის მიერ კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმები დასრულდება“.