ავტორი:

ერმაკის, სავარაუდოდ, იგივე "ალი-ბაბას" ომში გამდიდრების ისტორია - ზელენსკის ხელისუფლების ერთ დროს ყველაზე გავლენიან პირს ციხე ემუქრება: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

ერმაკის, სავარაუდოდ, იგივე "ალი-ბაბას" ომში გამდიდრების ისტორია - ზელენსკის ხელისუფლების ერთ დროს ყველაზე გავლენიან პირს ციხე ემუქრება: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?

უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კლიმენკომ, განაცხადა, რომ პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ან 180 მილიონი გრივნის გირაოს ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ერმაკმა განაცხადა, რომ “სამართლიან, პატიოსან სასამართლოს” ელის.

შეგახსენებთ, გასულ ორშაბათს, უკრაინის ნაციონალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) ანდრეი ერმაკს, პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელსა და წარსულში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში დასდო ბრალი.

პროცესი ოპერაცია “მიდასის“ უახლეს გაგრძელებას წარმოადგენს. საქმე ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩის დანაშაულებრივ ჯგუფს შეეხება, მოვლენებმა, რასაც გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი, მთელი უკრაინული პოლიტიკა შეძრა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის თავად ერმაკის, გადადგომა გამოიწვია.

თავად ერმაკმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარში უარყო საკუთარი კავშირი იმ ელიტური იმ რეზიდენციის მშენებლობასთან, რასაც გამოძიება მას მიაწერს.

  • რაში სდებენ ბრალს ანდრეი ერმაკს?

ერმაკს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციაში ედება ბრალი.

ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებიდან ირკვევა, რომ, გამომძიებლების ვერსიით, ერმაკი უკანონო შემოსავლებით იმ სახლის მშენებლობას აფინანსებდა, სადაც მომავალში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავდა.

უწყების განცხადებაში ერმაკის კონკრეტულ ქმედებებზე ცოტა რამ არის ნათქვამი. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ იგი კოოპერატივ “დინასტიაში“ მიმდინარე მშენებლობით 2020 წლის ზაფხულში დაინტერესდა, პერიოდულად ამოწმებდა სამუშაოების მიმდინარეობას და მომავალი სახლის ინტერიერის დიზაინსაც კი ათანხმებდა.

გამოძიება “დინასტიის“ რეზიდენციის ღირებულებას დაახლოებით 2 მილიონ დოლარად აფასებს, თუმცა უშუალოდ ერმაკის მიერ მითვისებული ან გათეთრებული თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება. სავარაუდოდ, დეტალები სასამართლო სხდომაზე გახდება ცნობილი, სადაც მას აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ. პროკურატურა ერმაკისთვის პატიმრობას ითხოვს, გირაოს ალტერნატივად კი 180 მილიონ გრივნას (4.1 მლნ დოლარი) ასახელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.

  • რა წარმოადგენს კოოპერატივი ‘დინასტია“ და როგორ უკავშირდება ის "მიდასის“ საქმეს?

“დინასტია“ დაუმთავრებელი კოტეჯური დასახლებაა, რომელიც კიევის პრესტიჟულ გარეუბანში, “კოზინში“ მდებარეობს. ის ოთხ კერძო რეზიდენციას (თითოეული 1000 კვ.მ.) და სპა-ზონითა და აუზით აღჭურვილ საერთო დასასვენებელ კომპლექსს მოიცავს.

მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 6 მილიონ დოლარად არის შეფასებული. უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამ ობიექტს ყურადღება პირველად 2025 წლის ივლისში მიაქციეს, “BIHUS Info“- ს მიერ ამ დროს მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, მშენებლობის უკან, შესაძლოა, ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი მდგარიყო.

ჩერნიშოვი ზელენსკისა და ერმაკის ახლო მეგობარია (ერმაკი ჩერნიშოვის შვილის ნათლიაა). მანამდე ის “ნაფტოგაზსა“ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ხელმძღვანელობდა, თუმცა გასულ წელს კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით ყოფილი ვიცე-პრემიერი “მიდასის“ საქმის ფიგურანტიც გახდა, გამოძიებამ ენერგეტიკის სფეროში არსებული მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინა, რომლის სათავეშიც ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი იდგა.

გამოძიების ვერსიით, ლეგალური დაფინანსების წილი რეზიდენციის მშენებლობისთვის გამოყოფილი მთლიანი თანხების დაახლოებით 10%-ს შეადგენდა, დანარჩენი კი სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის “ენერგოატომიდან“ კრიმინალური გზით მიღებულ და გათეთრებულ ფინანსებზე მოდიოდა. “НАБУ“ ინფორმაციით რეზიდენციის მომავალმა მფლობელებმა და სხვა პირებმა 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში თითქმის 9 მილიონი დოლარის ოდენობის თანხები გაათეთრეს, რომელიც კომპლექსის მშენებლობაში ჩადეს.

  • რას საქმიანობდა ბოლო დროს ერმაკი?

გასული წლის ბოლოს ანდრეი ერმაკის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც მან 28 ნოემბერს გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. ამ დროის მერე პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელი მედიასთან კონტაქტს ერიდებოდა.

გარკვეული პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ის ფრონტზე აპირებდა წასვლას, თუმცა საბოლოოდ ეს მისი ერთ-ერთი რეპლიკის “არასწორი ინტერპრეტაცია“ აღმოჩნდა. 2026 წლის თებერვალში გავრცელდა ცნობები, რომ ერმაკი ფორმალური თანამდებობის გარეშეც ინარჩუნებდა გავლენას სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

ა.წ. მარტში ერმაკმა უკრაინელ ადვოკატთა ნაციონალური ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტს ხელმძღვანელობა ჩაიბარა და სოციალურ ქსელებშიც გააქტიურდა, სადაც სამხედროებთან და ჰოლივუდის ვარსკვლავ შონ პენთან ერთად გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო.

ანტიკორუფციული უწყების წარმომადგენლების თქმით, საინტერესო აღმოჩნდა “მიდასის“ ფარული ჩანაწერებიც, რომელშიც ფიგურირებენ პერსონაჟები ფსევდონიმებით: “ალი-ბაბა“ (რასაც ბევრი ერმაკის ინიციალებს ა.ბ.-ს , ანდრეი ბორისოვიჩს უკავშირებს) და “ქირურგი“. გამომძიებლების თქმით, ეს ფსევდონიმიც ერმაკს ეკუთვნის, ხოლო “ქირურგიული განყოფილება“ პრეზიდენტის ოფისს აღნიშნავს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ეკუთვნის თუ არა მას აღნიშნული ფსევდონიმები, ერმაკმა უპასუხა, რომ მას მხოლოდ ერთი სახელი ანდრეი გააჩნია.

  • რას უნდა ველოდოთ შემდეგ?

ერმაკისთვის ბრალის წარდგენა ახალი სკანდალის ფონზე ხდება. ჟურნალისტმა მიხაილ ტკაჩმა ახალი ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელშიც ტიმურ მინდიჩი, სავარაუდოდ, მაღალ თანამდებობებზე დანიშვნებსა და სამხედრო შესყიდვებზე (დრონებსა და რაკეტებზე) ახდენდა გავლენას.

თუმცა, ტკაჩის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე რეზონანსული ტექსტები, სავარაუდოდ, უშიშროების საბჭოს მდივნისა და რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის საუბარს ასახავს. ჩანაწერები მიუთითებს, რომ ტიმურ მინდიჩი, უმეროვთან საუბრისას, სავარაუდოდ, დრონებისა და რაკეტების მწარმოებლის “Fire Point” -ის ინტერესებს ლობირებს და მისი პროდუქციის შესაძენად სახელმწიფო სახსრების გამოყოფაზე სვამს შეკითხვებს.

თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის რომ ჯერ ერთი, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, როგორც ჩანს, ბიზნესმენს უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის საიდუმლო დეტალებს უზიარებდა და მეორეც, რომ კონკრეტული იარაღის მწარმოებელი სახელმწიფო სახსრების გამოყენებით მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას იძენდა სხვა იარაღის მწარმოებლებთან შედარებით.

რუსტემ უმეროვი ამჟამად ზელენსკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და სამშვიდობო მოლაპარაკებების ცენტრალური ფიგურას წარმოადგენს, ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ მისმა პრესსამსახურმა განაცხადა, რომ “ნებისმიერი ჩანაწერის ან ფრაგმენტის ავთენტურობა, სისრულე და შესაბამისობა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ“.

თავად ზელენსკის მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, მისმა მრჩეველმა კი აღნიშნა, რომ “ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, შეფასებების გაკეთება ნაადრევია“.

წყარო