ავტორი:

იაპონიას მთვარის გარშემო მზის პანელების "სარტყლის“ აშენება და უსასრულო ენერგიის მიღება სურს - უტოპია თუ რეალური პროექტი?

იაპონიას მთვარის გარშემო მზის პანელების "სარტყლის“ აშენება და უსასრულო ენერგიის მიღება სურს - უტოპია თუ რეალური პროექტი?

იაპონია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ფუტურისტულ პროექტს განიხილავს. ლაპარაკია მთვარის ეკვატორზე გიგანტური მზის პანელების "სარტყლის“ აგებაზე, რომელიც დედამიწას ამოუწურავი ენერგიით უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია შეიქმნას სისტემა, რომელიც მზის სინათლის გადაადგილების პარალელურად, მთვარის ზედაპირზე ენერგიის უწყვეტ გენერირებას მოახდენს.

გეგმის მიხედვით, მზის პანელების ზოლი მთვარის გარშემო დაახლოებით 11 000 კილომეტრის სიგრძისა და 400 კილომეტრის სიგანის იქნება.

საინტერესოა მშენებლობის მეთოდი, პანელების დასამზადებლად გამოყენებული იქნება თავად მთვარის გრუნტი. მიღებული ელექტროენერგია დედამიწაზე სპეციალურ მიმღებ სადგურებზე გამოიგზავნება მიკროტალღების ან ლაზერული სხივების მეშვეობით.

პროექტის მხარდამჭერების ვარაუდით, მშენებლობა შესაძლოა უკვე 2035 წელს დაიწყოს.

  • რატომ მაინცდამაინც მთვარე?

მთვარეზე მზის პანელების განთავსებას რამდენიმე კრიტიკული უპირატესობა აქვს:

ატმოსფეროს არარსებობა - მთვარეზე არ არის ღრუბლები, შტორმები ან ნალექი, რომელიც მზის სხივებს ინტენსივობას დაუკარგავს. პანელების სისუფთავის შენარჩუნების შემთხვევაში, ენერგიის მიღება ყოველგვარი მეტეოროლოგიური მოულოდნელობების გარეშეა შესაძლებელი.

თუმცა, არსებობს ერთი ტექნიკური ნიუანსი, მთვარეზე დღე და ღამე დედამიწისგან განსხვავდება. ერთ კონკრეტულ წერტილზე დღის სინათლე დაახლოებით 327,5 საათს (დაახლოებით ორ კვირას) გრძელდება, რასაც ამდენივე ხნით წყვდიადი მოსდევს.

სწორედ აქ ჩნდება "ბეჭდის“ საჭიროება, სანამ სისტემის ერთი ნაწილი სიბნელეშია, მეორე მხარე ყოველთვის მზის ქვეშ იქნება, რაც ენერგიის უწყვეტ ნაკადს უზრუნველყოფს. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს გრძელ ელექტროგადამცემ ხაზებს მთვარის ზედაპირზე და მუდმივ მომსახურებას ექსტრემალურ პირობებში.

მთავარი დაბრკოლებები ფასი და რეალიზაციაა. მიუხედავად მომხიბვლელი იდეისა, პროექტის წინაშე სერიოზული გამოწვევები დგას:

ჯერ კიდევ 2011 წელს, CSP Japan-ის პრეზიდენტმა, ტეცუჯი იოშიდამ განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტს კოლოსალური დაფინანსება სჭირდება, რომლის ზუსტი ოდენობა დღემდე არ არის განსაზღვრული.

საინტერესოა ისიც, რომ მშენებლობა რობოტებმა უნდა განახორციელონ, რომლებსაც წლების განმავლობაში მოუწევთ მუშაობა მთვარის მტვერში და ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობაში. ასევე ენერგიის დისტანციური გადაცემის სისტემა მოითხოვს უზარმაზარ მიმღებ პლატფორმებს დედამიწაზე და მკაცრ საერთაშორისო რეგულაციებს უსაფრთხოების დასაცავად.

ვიდრე მთვარის პროექტი რეალობად იქცევა, დედამიწა საკუთარ რეკორდებს ამყარებს. ევროპაში უმსხვილესი მზის ელექტროსადგური თურქეთში, კონიის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც მოიცავს 3,5 მილიონამდე მზის პანელს, უკავია 20 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობი და წელიწადში გამოიმუშავებს 3 მილიარდ კილოვატ-საათს, რაც საკმარისია 2 მილიონიანი ქალაქის მოსამარაგებლად.

იაპონური "მზის ბეჭედი“ კი ამ მასშტაბებს ათასჯერ გადააჭარბებს და, შესაძლოა, კაცობრიობის ენერგეტიკული მომავალი სამუდამოდ შეცვალოს.წყარო