22 ხმა - 16 წინააღმდეგ, ეს ეკლესიის ძლიერების მაჩვენებელია. ძალიან ნორმალური მოვლენაა, პირიქით, ასე თუ არ არის, ეს საწუხარი უნდა იყოს - ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი საოცარი ინსტიტუციური სიმწიფე და პასუხისმგებლობა გამოავლინა ,- ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა მღვდელმთავარი მოწადინებული იყო, პროცესებს მშვიდ ვითარებაში წარმართულიყო.
"ილია მეორის შემდეგ, ახალი პატრიარქი გამოირჩა, რაც ადვილი საქმე არ არის. მისმა უწმინდესობამ [ილია მეორემ] დიდი სიყვარული დატოვა. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კი საოცარი ინსტიტუციური სიმწიფე და პასუხისმგებლობა გამოავლინა. ყველა მღვდელმთავარი მოწადინებული იყო იმისათვის, რომ რაც შეიძლებოდა მშვიდ ვითარებაში ჩატარებულიყო გაფართოებული კრება.
შიო III წლებია მოსაყდრის თანამდებობას იკავებდა, მას უკვე კარგად იცნობდნენ. მას პირველ ტურში უკვე ჰქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ მეორე ტურში კი 2 ხმა დაემატა და 22 ხმა მიიღო და ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ავირჩიეთ. ემოციური მომენტი იყო, სამების საკათედრო ტაძარში დიდი შეკრება, როგორიც არასდროს ყოფილა. ამის მერე კი ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა. დებულების ძირითადი პრინციპები, მართვა-გამგეობის, ჩაშლილი არ არის, ამიტომ ყველაფერზე თავიდან ფიქრი დასჭირდა ეკლესიას“,- განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.
მეუფე დოსითეოსის თქმით, დღეს ქართულ ეკლესიას გარკვეული გამოწვევები აქვს, თუმცა ეს გამოწვევები განსხვავდება, იმ პერიოდის გამოწვევებისგან, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო.
"დღევანდელი გამოწვევები სხვაა, ხოლო მისი უწმინდესობის [ილია მეორის] დიდი ეპოქის გამოწვევისგან. მაშინ ეკლესიას თავისი გამოწვევები ჰქონდა და მისი უწმინდესობა დიდი დიპლომატიურობით გაუმკლავდა, შესაძლოა ვინმეს მოსწონდა ან არ მოსწონდა, გარკვეული რაღაც დიპლომატიური მიდგომა, მაგრამ კათოლიკოს-პატრიარქს განსხვავებული და სხვა პასუხისმგებლობა აქვს. მისი [შიო მესამის] ყველა სიტყვა და ნაბიჯი ძალიან აწონ-დაწონილი უნდა იყოს და მგონია, რომ ეს ასე გაგრძელდება. შესაძლოა ვიღაცებისთვის რაღაც მიმართულებით მეტი მოლოდინი არსებობდეს, თუმცა დროს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გვიჩვენოს“,- განაცხადა მეუფე დოსითეოსმა