ავტორი:

"ყველაფერი მქონდა... დავიძინე, გავიღვიძე და აღარაფერი გამაჩნდა... ნეტავ, ვინმეს პატიება ეთხოვა" - დიზაინერი ტკივილსა და იმედზე: რატომ გახდა თათა ვარდანაშვილი ანამარია ხოდელი?

"ყველაფერი მქონდა... დავიძინე, გავიღვიძე და აღარაფერი გამაჩნდა...  ნეტავ, ვინმეს პატიება ეთხოვა" - დიზაინერი ტკივილსა და იმედზე: რატომ გახდა თათა ვარდანაშვილი ანამარია ხოდელი?

"მოგესალმებით, მე ვარ დიზაინერი თათა ვარდანაშვილი. ახლა საზოგადოება ხანდახან მომმართავს, როგორც ანამარია ხოდელს, თუმცა მოდის სამყარო მაინც თათა ვარდანაშვილის სახელით მიცნობს. ჩემი პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე პროფესიაც დიზაინერობაა“, - ასე დაიწყო დიზაინერ თათა ვარდანაშვილის სტუმრობა Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის მორიგ "სახალხო ინტერვიუში“.

დიზაინერმა მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუს ელექტრონულ ვერსიას, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრულ გადაცემას სტატიის ბოლოს ნახავთ.

ნინო:

- თათა, მოგესამებით. როგორ ხართ? ამჟამად რას საქმიანობთ?

- ამ ეტაპზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი და ჩემი ყოველდღიურობა დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე ლექციებით არის დატვირთული, "ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტში, რომელიც ჩემი მეორე სახლია. იქ ჩემი სტუდენტები სულმოუთქმელად მელოდებიან, რომლებიც ჩემ გარშემო არიან შემოკრებილები და პროფესიათა ჩამონათვალის მიხედვით სწავლობენ ტანსაცმლის მოდელირება-კონსტრუირებას, ტყავსაგალანტერიო ნამზადისს, როგორც არის: ჩანთა, ქამარი და ტყავისგან დამზადებული აქსესსუარები, როგორც ხელით შექმნას ასევე პროგრამული დანადგარების საშუალებით კონსტრუირებას და მასალაში შესრულებას. თუმცა, ამ პროფესიათა შორის ყველაზე მთავარი მაინც ფეხსაცმლის მოდელირება-კონსტრუირებაა.

ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, რომ პედაგოგიურ სამყაროში უკან დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა. კიდევ უფრო მეტად მადლიერი ვარ იმ სტუდენტების, რომლებიც ყოველდღიურად დიდი სტიმულს მაძლევენ იმისთის, რომ ეტაპობრივად დავბრუნდე ჩემს საყვარელ პროფესიაში მათთან ერთად და განახლებული სიცოცხლით და განახლებული ძალებით.

უცნობი:

- თქვენს ცხოვრებაში იყო დიდი წარმატება და შემდგომ - ვარდნა. ამ გადასახედიდან ეს რამ გამოიწვია? წლების მერე რას მიხვდით - რატომ მოხდა ის, რაც მოხდა?

- ჩემი პროფესიული წარმატება თავდაუზოგავ, რუტინულ შრომას ეფუძნებოდა, რასაც თავიდან საზოგადოების მხრიდან აღიარება და შემდეგ დიდი სიყვარული მოჰყვა. მოგვიანებით დადგა მომენტი, როდესაც ჩემი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაქმნელად დასჭირდა. საბოლოოდ, ჩემივე შექმნილი წარმოების სახელმწიფოსთვის საჩუქრად გადაცემა და მერე მისი უპირობოდ მიტოვება მომიხდა. ამან ჩემს კარიერაში დიდი წყვეტა გამოიწვია, პიროვნულად კი მტკივნეული დაღი დამასვა.

დღეს ვხვდები, რომ ყველაფერი, რაც ვაკეთე, ვაკეთე 20 წლით ადრე ვაკეთებდი, ვიდრე უნდა მეკეთებინა. საქართველოში, როცა მარტო ეჭიდავები მოდის უკიდეგანო შესაძლებლობებს და ცდილობ, ქვეყანაში დანერგო ტექნოლოგია, რომელიც მხოლოდ შენ გესმის, ძალიან რთულია, რთულია იყო პიონერი. ალბათ, თავი რომ დამეზოგა და ნაკლები მეშრომა, ნაკლები მეფიქრა იმაზე, მოდის ინდუსტრია რა გზით უნდა წასული და განვითარებულიყო, დღეს ისევ ჩემს პროფესიაში ვიქნებოდი. ალბათ მოდის სამყაროში ისევ ლიდერიც ვიქნებოდი. თუმცა, არაფერია გვიან - მოდას ციკლი ახასიათებს. ის მეორდება, რაც 20 წლის წინ იყო აქტუალური და მოდური, დღესაც აქტუალური და მოდურია. ჩემს ძველ მოდელებს რომ დავუბრუნდე და მათი განახლება დავიწყო, დარწმუნებული ვარ, ალბათ ისევ მოდაში შემოვა და ვფიქრობ, კვლავ წარმატებული იქნება. ვფიქრობ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. არ არსებობს ჯვარცმა აღდგომის გარეშე და არც დაცემა - წამოდგომის გარეშე. მთავარია, ადამიანმა საკუთარ თავში ძალა იპოვო და ფეხზე დადგომის სურვილი ხელახლა გაგიჩნდეს.

თიკო:

- დეპრესიამ, რომელიც სამსახურის დაკარგვის შემდეგ მოგიცვათ, თქვენი ჯანმრთელობის გაუარესება გამოწვია... როგორ მოერიეთ?

- იყო პერიოდი, როდესაც ისე გამოვიყურებოდი, ქუჩაში გამოსვლისა და ხალხში გამოჩენის მრცხვენოდა. ეს არ იყო მხოლოდ დეპრესია, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც მქონდა. ჯანმრთელობა შემელახა... უბრალოდ იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებმაც გავათვითცნობიერე, რომ ცოცხალი ვარ და რადგან ცოცხალი ვიყავი, სიცოცხლე უნდა გამეგრძელებინა. ამ სიცოცხლის გზაგასაყარზე ჩემი შვილიშვილების დაბადება იყო ის მთავარი სტიმული, რამაც ადრეული სიბერისთვის და უაზრო გარდაცვალებისთვის ჩემი თავი არ გამემეტებინა. გადავწყვიტე, მეპოვა საკუთარ თავში რაღაც ისეთი ძალა, რომელიც ფეხზე დამაყენებდა, მაიძულებდა, სარკეში ჩამეხედა, მაიძულებდა ჩემი თავი მწყობრში მომეყვანა, არ შევგუებოდი ტკივილებს, არ დავმორჩილებოდი სისუსტეს. დამემორჩილებინა ჩემი ფიზიკური სხეული და ხელახლა ფეხზე დადგომა, გავლა და საზოგადოებაში გამოჩენა შემძლებოდა. მგონი, ნელ-ნელა ეს გამომივიდა.

ზურა:

- მამის გარდაცვალებით დიდი ტკივილი მიიღეთ - მამას, როგორც ჩანს, თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა. ასეა?

- მამა ჩემთვის სიცოცხლისა და სიყვარულის უშრეტი წყარო იყო. როდესაც ეს კავშირი ფიზიკურად ხორციელად დასრულდა, აბსოლუტურად, მარტო აღმოვჩნდი სამყაროში და გავაცნობიერე, რომ გამკლავება ბევრ სირთულესთან მომიხდებოდა. აზრის გამზიარებელი, გულშემატკივარი, ჭკუის დამრიგებელი, თუ არ ჩავთვლით, დედას, აღარავინ მყავდა. მამა ჩემს სულთან ახლოს მდგომი, მონათესავე სული იყო, რომელიც სულ მავსებდა. მოგვიანებით, როდესაც ტკივილი დაცხრა, მამაჩემის საუკეთესო თვისებები საკუთარ თავში ვიპოვე და აღმოვაჩინე, რომ ისევ ჩემ გვერდით არის და უბრალოდ, მას ვერ ვხედავ. პირიქით, დეპრესიიდან გამოსასვლელი ყველაზე მეტი ძალა მან მომცა. მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა ისე, როგორც მამას გაეხარდებოდა, მამას მოეწონებოდა და როგორსაც დამინახავდა და იამაყებდა. ცივი წყალი რომ გადაგასხან ადამიანს, ისეთი რამ დამემართა. შოკიდან პირველი გამოსვლიის შემდეგ მართლაც ძალა ფეხზე წამოდგომის ძალა მომეცა.

ჩემი შვილიშვილების დაბადება და მამის გარდაცვალება სამი თვის პერიოდში მოხდა და ვერ გავათვითცნობიერე ვერც სიხარული. ტკივილმა ეს ყველაფერი გადაფარა, მაგრამ საბოლოოდ, ორივე ფაქტი ჩემს პროფესიაში დაბრუნების დიდ სტიმულად და იმედად იქცა.

ანა:

- ცხოვრების რადიკალურად შეცვლამ იქამდე მიგიყვანათ, რომ სახელი და გვარიც შეიცვალეთ - გახდით ანამარია ხოდელი. გაითავისეთ უკვე ეს გვარი და სახელი? ხომ არ ნანობთ ამ ნაბიჯს?

- როგორც არ უნდა იყოს, საზოგადოება მიცნობს, როგორც თათა ვარდანაშვილს, თუმცა ხოდელი დედაჩემის გვარია. ისევე ვამაყობ დედის წინაპრებით, მისი პროფესიითა და კეთილშობილი გარემოცვით, ასევე წარმომავლობით, როგორც ვამაყობ მამით. კანონიერად მიშვილა რა დედის მამამ, ვამაყობ ვასილ ხოდელით, რომლისგანაც ბევრი კეთილშობილური თვისებები გამომყვა, ისედაც პაპის სამკვიდრო სისხლის მატარებელი ვარ. შესაბამისად, არაფერი დიდი ცვლილება არ მომხდარა. გენეტიკურად დედაც და მამაც ჩემი ბიოლოგიური მშობლები არიან. მაქვს უფლება ვატარებდე როგორც ერთის, ასევე მეორის გვარს.

თუ საზოგადოებამ თავიდან გამიცნო დიზაინერ თათა ვარდანაშვილად. ახლა გამიცნობს, როგორც ანამარია ხოდელს და ჩავთალოთ, რომ ეს არის ჩემი პროზაული, ლიტერატურული ფსევდონიმიც, რადგან მომავალში ჩემი ლექსების კრებულის გამოცემას ვგეგმავ. იქნება წარწერილი როგორც თამარ ვარდანაშვილი, ისე ანამარია ხოდელი. ესეც ჩემი ახალი სახელისა და გვარის გამართლება იქნება.

ლიზა:

- ცხოვრებაში წარმატებას საერთოდ რის ხარჯზე მიაღწიეთ?

- წარმატების მთავარი საწინდარი დაუღალავი შრომაა. როცა ხედავ შენი შრომის ნაყოფს, გავიწყდება დაღლა იმ შემთხვევაში, თუ ეს შენი შინაგანი სამყაროდან მოდის. შიგნით რაღაც ისეთი ანთია, სანამ არ დაასრულებ, მანამდე არ იღლები. როდესაც ხელოვანი რაღაცას ქმნის, დაღლას ვერ გრძნობს, თუ რასაც ქმნის, ის სიხარულს ანიჭებს და გარდა იმისა, რომ თვითონ მოსწონს და საზოგადოებისთვისაც მისაღები ხდება. მაშინ დაღლა უკან გადადის. 10 წლის განმავლობაში დღე და ღამე ვშრომობდი. ეს წარმატება ისე არ მოსულა.

1996-დან 2006 წლამდე ერთი დღეც არ დამისვენია. ჩემი დასვენება მხოლოდ მგზავრობა იყო - ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილება. თითქმის ღამეც არ მეძინა, თუმცა უმადური ვიქნები, რომ არ ვთქვა, ნიჭიც მოსვენებას არ მაძლევდა. როდესაც ეს ორი თანხვედრაშია - ადამიანის შინაგანი სამყარო და ხელიდან გამოსული შრომის ნაყოფი ნებისმიერ სფეროში გარანტირებულად წინსვლის და წარმატების საწინდარია

ნატალია:

- რატომ მოინდომეს თქვენთვის ზიანის მოყენება - მათ შორის, როგორც ვიცი, ნათესავებმაც. ამას ახლა როგორ აფასებთ?

- "წუხილი ადამიანის კეთილდღეობის გამო“ სულხან-საბას მიერ განმარტებულია როგორც როგორც შური. შესაბამისად, მოვიყვან მხოლოდ ვაჟა-ფშაველასეულ ახსნა-განმარტებას: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“.

გიო:

- როგორ გგონიათ, ცხობრებაში რა შეგეშალათ?

- საბედნიეროდ ჩემი თვისებების გამო უკიდეგანო სიკეთისა და უანგაროდ გაღებული თავგანწირვის გამო ცხოვრებაში არაერთხელ დავსჯილვარ. ეს იყო ჩემი სასჯელის ბოლო საფეხური: როცა ყველაფერი მქონდა, დავიძინე, გავიღვიძე და აღარაფერი გამაჩნდა. თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ მაქვს ძალა, ცხოვრება ნულიდან დავიწყო და ახალი სახელითა თუ საქმით ერთი სუფთა ფურცელი მაინც დავტოვო.

უცნობი:

- იმ ზიანისთვის, რაც ადამიანებმა მოგაყენეს, ვინმეს შენდობა თუ უთხოვია?

- ნეტავ, ვინმეს როდესმე პატიება ეთხოვა... თვითონვე გათავისუფლდებოდა იმ ყველაფრისგან, რისი მატარებელიც არის. ღვთის წინაშე ვიტყვი: არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვინც წყენას გულში ჩაიდებს და ის გულჩათხრობილი განწყობა საბოლოო ჯამში, გაანადგურებს. ვიცი, ბოროტებას თუ გული გავუღე, მე თვითონ გამანადგურებს. მე მინდა ვიყო ცოცხალი და სანამ ცოცხალი ვარ, ხელოვნებას ვემსახურო.

არ მინდა ცუდზე ვიფიქრო. მინდა ვიფიქრო მომავალში, რით დავეხმარო ახალგაზრდებს, როგორ გავუკვალო გზა და რა შემიძლია ვასწავლო ისეთი, რაც არც სკოლაში, არც უმაღლეს სასწავლებელში და არც ოჯახში არ უსწავლიათ. პირველი, მათ შორის, მინდა იყოს, უანგაროდ გაღებული სიკეთე. რომც არ მთხოვოს არავინ შენდობა, ღმერთმა შეუნდოს, თვითონ ხომ ყველამ იცის, ვინ რა დამიშავა. მხოლოდ ერთს ვთხოვ ყველას: არავინ არავის ცხოვრებაში არ ჩაერიოს. თუ არ შეუძლია ადამიანს ხელი გაუმართოს, თავის გზით გვერდით გაიაროს და ხელი არ შეუშალოს. ადამიანს როცა გზა და გეზი აქვს არჩეული, ალბათ იცის, რას აკეთებს. სჯობს, ადამიანი საკუთარ თავთან იყოს დამნაშავე, ვიდრე სხვა ადამიანს გულის სიღრმეში თუ იოტისოდენად ადანაშაულებს. ჩემი ბრალია ყველაფრი მართლა! არსაკიძეს სვეტიცხოველი რომ არ აეგო, მარჯვენას არ მოაჭრიდნენ... მუშაობა ბულაჩაურის ქუჩაზე, ხუთკვადრატულ სარდაფში დავიწყე. ვფიქრობ, დღესაც იქ უნდა ვყოფილიყავი და ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი.

ნუცა:

- დრო უკან რომ დაატრიალოთ, გასული ცხოვრებიდან რას დააბრუნებდით?

- ყველაზე მეტად ის დრო მენატრება, როცა 161-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. შევდიოდი ვესტიბიულში და იყო ჩემი ნამუშევრების გამოფენა. სკოლაში როდესაც ვსწავლობდი, ძალიან მინდოდა ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ძველ ეკლესია-მონასტრებში ფრესკების რესტავრაცია გამეკეთებინა და ყოველ საღამოს გულანთებული მივრბოდი ხატვის პედაგოგთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გია გოგლიძეს - ის დღეს სარეცელსაა მიჯაჭვული ავადმყოფია, რომლის სანახავად ხშირად დავდივარ და ყოველთვის დიდ მადლობას ვეუბნები იმ ამაგისთვის და თავდადებისთვის, რაც ჩემში აქვს ჩადებული...

ყოველი კვირის ბოლოს ვესტიბიულში იცვლებოდა ჩემი ნამუშევრების ექსპოზზიცია, ვხატავდი იმ ეკლესია- მონასტრებს, რომლებიც იმ ეპოქაში დაგნრეული იყო და აღდგენილი როგორ წარმომედგინა. გამოფენებზე ხშირად მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები და უკვირდათ, 8-9 წლის გოგოს რანაირად შეეძლო საქართელო ასე ჰყვარებოდა. ეს ჩემი სიამაყის საგანი იყო. როდესაც ქვეყნის სიყვარულისთვის შემაქებდნენ, გული სიხარულით და სიამაყით მევსებოდა და სახლში დაბრუნებულს, მამა ყოველთვის მკოცნიდა და მეუბნებოდა, რომ ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა მომცა, ქვეყნის უბადლო და უანგარო სიყვარულია. მადლობას მიხდიდა ამისთვის. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი სკოლის მეექვსე-მეშვიდე კლასში, შევიდოდი სკოლის ვესტიბიულში და გადავხედავდი კიდევ ერთხელ ჩემს ნამუშევრებს, რომლის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, განადგურებულია. ამის გამო გული ძალიან მწყდება.

ვინი:

- ადრე ვისთანაც გქონდათ ურთიერთობა, მათ შორის, ცნობილ შემკვეთებთან, თუ კონტაქტობთ. გკითხულობენ? ახსოვხართ?

- ალბათ ამ ადამიანებს აღარ ვჭირდები და შესაბამისად, მოკითხვაც ავიწყდებათ. ვფიქრობ, მოვა ისეთი დრო, ისევ საჭირო გავხდები ამ ხალხისთვის და მაშინ პირველი მე ვეტყვი გამარჯობას, არაუშავს.

მკითხველი:

- როგორი დედა და ბებია ხართ. ეს სტატუსი რას იწვევს თქვენში?

- ჩემი შვილის დაბადება ჩემს ცხოვრებაში იყო მოვლენა. მივხვდი, რომ მარტო არ ვარ და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგა სხვა ადამიანის სიცოცხლე, რომლის განვითარებასა და მომავალზე პასუხისმგებლობა ავიღე. ჩემი შვილი დაოჯახდებოდა ამ პასუხისმგებლობას გულმოდგინედ გავართვი თავი.რაც შეეხება ჩემი შვილიშვილების დაბადებას, ჩემთვის იყო სიცოცხლის განახლება. შესაბამისად იმ ეტაპზე ვარ, როდესაც საკუთარი სიცოცხლის განახლებაზე პასუხისმგებელი ვარ. არასდროს მიფიქრია, ჩემი შვილისთვის დამეტოვებინა სახელოვანი დედის სტატუსი, ახლა აქტიურად ვფქორობ, ჩემს შვილიშვილებს დავუტოვო სახელოვანი ბებიის ანდერძი.

ნინო:

- თქვენი გამოცდილებიდან ახალგაზრდებს რას ურჩევდით?

- პირველი, რასაც ახალგაზრდებს ვურჩევდი, არასდროს თქვან ტყუილი, რომ საკუთარ თავში არ დაიკარგონ...