ავსტრალიის შტატ კუინსლენდში დაგეგმილი 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების Trump Tower-ის პროექტი გაუქმდა. ავსტრალიური დეველოპერული კომპანია Altus Property Group-ი გადაწყვეტილების მიზეზად დონალდ ტრამპის “ტოქსიკურ“ ბრენდსა და ირანის ომთან დაკავშირებულ ვითარებას ასახელებს.
პროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია უკვე წაიშალა Trump Organization-ის ოფიციალური ვებსაიტიდან. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დეველოპერმა შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები ვერ შეასრულა.
Altus Property Group-მა ეს ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ პროექტი სხვა ბრენდებთან თანამშრომლობით გაგრძელდება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ იანგმა კი განაცხადა, რომ “ირანის ომისა და სხვა მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტრამპის ბრენდი ავსტრალიაში სულ უფრო ტოქსიკური გახდა“.
მისივე თქმით, კომპანიამ გარკვეული დროის წინ გადაწყვიტა Trump Organization-თან თანამშრომლობის შეწყვეტა და ეს ფინანსურ დავალიანებას არ უკავშირდება.
პროექტი თავდაპირველად აგვისტოში უნდა დაწყებულიყო. გეგმის მიხედვით, ცათამბჯენში 285 სასტუმროს ნომერი, 272 ბინა, მაღაზიები, რესტორნები და კერძო სანაპირო კლუბი უნდა განთავსებულიყო.