ადამიანები ხშირად რთული დავალებების ნაცვლად მარტივს ირჩევენ, რადგან ჩვენი ტვინი ბუნებრივად ცდილობს ენერგიის დაზოგვას. ამიტომ გვიზიდავს ის, რაც მარტივი და კომფორტულია.
თანამედროვე ტექნოლოგიამ ეს ჩვევა კიდევ უფრო გააძლიერა. დღეს ბევრი საქმე მინიმალური ძალისხმევით სრულდება, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ გონებრივი დატვირთვის მუდმივად შემცირებამ შესაძლოა დროთა განმავლობაში ტვინის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
ექსპერტების თქმით, ტვინის აქტიურად დატვირთვა ერთ-ერთი მთავარი გზაა, რომელიც ასაკთან ერთად გონებრივი შესაძლებლობების შენარჩუნებაში გვეხმარება. როდესაც ადამიანი რთულ ან ახალ აქტივობებში ერთვება, ტვინი ქმნის "კოგნიტიურ რეზერვს“ - დამატებით რესურსს, რომელიც მომავალში მეხსიერებისა და აზროვნების დაცვაში ეხმარება.
სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე მარტივ, თუმცა ეფექტურ ჩვევას, რომელიც ტვინის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი უნარების სწავლაა. ეს შეიძლება იყოს უცხო ენის შესწავლა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ხატვა ან თუნდაც ახალი ჰობის დაწყება.
ასევე მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები. მეგობრებთან საუბარი, ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა და ადამიანებთან რეგულარული კომუნიკაცია ტვინისთვის ერთგვარი "ვარჯიშია“. კვლევები აჩვენებს, რომ სოციალურად აქტიური ადამიანები ასაკთან დაკავშირებულ კოგნიტურ პრობლემებს შედარებით ნაკლებად აწყდებიან.
ასაკის მატებასთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ტვინის კონკრეტული უბნების აქტივობა. მაგალითად, ჰიპოკამპი - ტვინის ის ნაწილი, რომელიც სივრცითი ნავიგაციისთვისაა პასუხისმგებელი, ხშირად პირველად ზიანდება ალცჰაიმერის დაავადების დროს - ხშირად სიმპტომების გამოჩენამდე რამდენიმე წლით ადრე.
ამიტომ, ტვინის ეს ნაწილი აქტიურად უნდა ვამუშაოთ: რუკების გამოყენება, ახალი გზების ან ქუჩების აღმოჩენა, გარემოს დამახსოვრება - ეს ვარჯიშები ხელს უწყობს ჰიპოკამპის გაძლიერებას და შესაძლო დაავადების განვითარების შენელებას.

აქტიური სოციალური ცხოვრება ტვინის ჯანმრთელობას იცავს და კოგნიტური დაქვეითების რისკს ამცირებს. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც აქტიურად იყვნენ სოციალურ ცხოვრებაში ჩართული, უკეთეს მეხსიერებას და ტვინის ფუნქციებს ინარჩუნებდნენ.
ფართომასშტაბიანი დაკვირვებითი კვლევაც აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც შუა და გვიან ასაკში სოციალურად აქტიურები არიან, დემენციის განვითარების რისკს 30–50%-ით ამცირებენ.
სოციალური აქტივობა სტრესსაც ამცირებს. ქრონიკული სტრესი უკავშირდება ჰიპოკამპში ნეირონების დაკარგვას, რაც კოგნიტურ დაქვეითებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მეგობრებთან საუბრები, დებატები და იდეების გაზიარება ტვინის მრავალ ნაწილს ამუშავებს.
კვლევებით დადასტურებულია, რომ აქტიური სწავლა ანელებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას და ზრდის ტვინის მდგრადობას. ანუ, ახალი უნარების ათვისება, ახალი ენის სწავლა, მუსიკალური ან ხელოვნების აქტივობებში ჩართულობა ან უბრალოდ ახალი ცოდნის მიღება - ყველა ეს აქტივობა ტვინისთვის ერთგვარი ვარჯიშია, რომელიც ჯანმრთელობას იცავს.