ა.წ. აპრილში ოკეანის ტემპერატურამ თითქმის რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და როგორც სინოპტიკოსები გვაფრთხილებენ, მსოფლიო შესაძლოა ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ელ-ნინიოს (El Niño) მომსწრე გახდეს.
ეს არის წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის ცვალებადობა, რაც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე. ამ მოვლენისას, წყლის ზედაპირული ფენა უჩვეულოდ თბება 1 °C-დან 5 °C-მდე. ელ-ნინიო ვრცელდება სამხრეთ ნახევარსფეროში, ეკვადორის სანაპიროს გაყოლებით ეკვატორამდე სამხრეთ განედის 5-7°-მდე, ხოლო ცალკეულ წლებში ძლიერდება და აღწევს სამხრეთ განედის 15°-ს. ელ-ნინიო განსაკუთრებით კარგად ვლინდება პერუსა და ეკვადორის სანაპიროებთან, ზამთრის თვეებში ჩნდება აშშ-შიც. ატმოსფეროს ცირკულაციის ცვლილება ახდენს გავლენას დედამიწის სხვადასხვა რეგიონების კლიმატზე. იგი იწვევს გვალვას, უხვ ნალექიანობას; წარმოქმნის უჩვეულოდ თბილი ან ცივი ამინდის პირობებს. ელ-ნინიოს თბილი წყლების თხელი ფენა წყვეტს ჟანგბადის მიმოსვლას ზედაპირის ფენაში, რაც დიდ გავლენას ახდენს პერუს პროდუქტიული რაიონების მდგომარეობაზე. გაძლიერებული წვიმები გამშრალ სანაპიროებზე იწვევს კატასტროფულ წყალდიდობებს...
ანომალიური და გლობალური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო თბილი, სეზონური ზედაპირული დინების სახით წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში სამ ან შვიდ წელიწადში ერთხელ ჩნდება და არანაკლებ ერთი წელიწადს ბატონობს.

პროგნოზების თანახმად, არსებობს 25%-იანი შანსი, რომ წელს უჩვეულოდ ძლიერი, ე.წ. სუპერ ელ-ნინიო ჩამოყალიბდეს და ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ დათბობის პროცესი სულ მალე დაიწყება.
ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის, “Copernicus“ -ის მონაცემებით, აპრილში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა ელ-ნინიოზე გადასვლის ნიშნებს უკვე ასახავდა. ექსტრა პოლარულ ოკეანეებში (ყველა რეგიონი არქტიკისა და ანტარქტიდის გარდა) ზედაპირის ტემპერატურამ 21°C-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი ისტორიაში მეორეა და მხოლოდ 2024 წლის აპრილის რეკორდს (21.04°C) ჩამორჩება.
დედამიწის ბოლო ელ-ნინი 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის აპრილამდე გაგრძელდა, რამაც ისედაც დათბობის პროცესში მყოფ პლანეტას დამატებითი სიცხე შემატა. 2024 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელ წლად დასახელდა და პირველად გადააჭარბა პარიზის შეთანხმებით (Accord de Paris ) დადგენილ გლობალური დათბობის ყოველწლიური ზრდის 1.5°C -იან ზღვარს.

ელ-ნინიოს წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში ატმოსფეროსა და ზღვის ტემპერატურის ცვლილებით სდევს თან, თუმცა ოკეანეების გახურება მხოლოდ ბუნებრივი მოვლენას არ წარმოადგენს, მასზე დიდ გავლენას ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობაც ახდენს.
ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული სამმართველო (NOAA) ელ-ნინიოს წარმოქმნას მხოლოდ მაშინ აღიარებს, როდესაც წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურა საშუალო ისტორიულ მაჩვენებელზე 0.5°C-ით უფრო მეტად იმატებს.
ამასთანავე, NOAA -ს პროგნოზით, არსებობს 61%-იანი შანსი, რომ ელ-ნინიო მაის-ივლისში გამოჩნდეს და წლის ბოლომდე შენარჩუნდეს და არის 25%-იანი შანსი, რომ “ძალიან ძლიერი ელ-ნინიოც (ტემპერატურის მატება 2°C-ზე მეტით) ჩამოყალიბდეს.


თუკი ე.წ. სუპერ ელ-ნინიო მართლაც ჩამოყალიბდა, ეს აუცილებლად გამოიწვევს თევზჭერის შემცირებას, მასშტაბური გვალვებსა და ტყის ხანძრებს, მარჯნის რიფების კვდომას.
ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის (Met Office) პროგნოზით, 2027 წლის მოვლენა თავისი მასშტაბით შესაძლოა 1998 წლის რეკორდულ ელ-ნინიოს გაუტოლდეს.
ანალიტიკური ჯგუფი “Carbon Brief’ -ის მონაცემებით , 2026 წელი ყველაზე ცხელ წლებს შორის სავარაუდოდ მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო ძლიერი ელ-ნინიოს წარმოქმნის ალბათობა წელს სიცხის აბსოლუტურ რეკორდს მოხსნასაც არ გამორიცხავს.
მიუხედავად იმისა, რომ “პარიზის შეთანხმების“ გლობალური დათბობის 1.5°C-იანი ლიმიტი ტექნიკურად ჯერ დარღვეულად არ ითვლება (რადგან ის 20-წლიან საშუალო მაჩვენებელს ეყრდნობა), გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამა მოელის, რომ კლიმატის ცვლილება მომდევნო ათწლეულში ამ ზღვარს საბოლოოდ გადააბიჯებს.