კანის კინოფესტივალი თურქული კინოს კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე უკვე წარმოუდგენელია. წელს ფესტივალს ერთდროულად რამდენიმე გამორჩეული მსახიობი ეწვია, რომლებიც თავიანთი მომხიბვლელობით საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორები უკვე მრავალი წელია ტრადიციულად იწვევენ "თურდიზის“ მთავარ ვარსკვლავს, ჰანდე ერჩელს, რათა მან წითელ ხალიჩაზე ეფექტური გავლით კიდევ ერთხელ მოხიბლოს დამსწრე საზოგადოება.
თურქ ვარსკვლავს მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებულად უყვარს და ყოველთვის უნაკლოდ გამოიყურება.

მისი საღამოს კაბები მილიონობით თაყვანისმცემლისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა ხოლმე.
მაგალითად, გასულ წელს ჰანდე Giambattista Valli-ს ოტ-კუტიურ კოლექციის ნაზ ვარდისფერ კაბაში გამოეწყო, რომელიც ფრთებით იყო შემკული და გრაციოზულ გედს მოგვაგონებდა.
წელს კი მსახიობმა არჩევანი ბრენდ Sophie Couture-ზე შეაჩერა და აქცენტი ფუფუნებაზე გააკეთა. ოქროსფერი, რელიეფური კაბა ორიგინალური კორსეტით სოციალურ ქსელებში უკვე დადებითად შეფასდა და მას ნამდვილი "სამეფო იმიჯი“ უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ერჩელის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მის კარიერას საფრთხე შეუქმნა. სამართალდამცავებმა მსახიობი და მისი ყოფილი რჩეული, მილიარდერი ჰაკან საბანჯი, აკრძალული ნივთიერებების მოხმარებაში დაადანაშაულეს. ანტინარკოტიკული ოპერაცია სახელწოდებით "განთიადი“, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყო, თურქული კინემატოგრაფის ბევრ ვარსკვლავს შეეხო.
საბედნიეროდ, ჰანდეს ანალიზების პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან სოციალურ ქსელებში მკაფიო განცხადება გააკეთა და ყოველგვარ მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა.
დემეთ ოზდემირს ნარკოტიკების სკანდალი არ შეხებია. როგორც ჩანს, ყველა უსიამოვნება 2023 წელს დარჩა, როდესაც იგი მეუღლეს დაშორდა და ჟურნალისტ ბირსენ ალთუნთაშს სასამართლოში დაუპირისპირდა ცრუ ჭორების გავრცელების გამო.

კანში დემეთი მთელი თავისი მშვენიერებით წარდგა და დახვეწილი გემოვნება და იდეალური ფიგურა წარმოაჩინა. მსახიობმა უპირატესობა თეთრ, ფრთებით გაფორმებულ კაბას მიანიჭა, რომელსაც ზურგი ამოღებული ჰქონდა. წითელ ხალიჩაზე მსახიობი თითქმის არ იღიმებოდა - შესაძლოა, ეს სერიოზულობა მისი იდუმალი და მისტიკური იმიჯის ნაწილი იყო.
სუმეიე აიდოღანი, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია პროექტებიდან "დაუნდობელი“ და "უკანასკნელი რეისი“, კოლეგებისგან განსხვავებით, ემოციებს არ მალავდა. მსახიობი მუდმივად იღიმოდა, რითაც ინტერნეტ-მომხმარებელთა გულები მოიგო. მიუხედავად ამისა, კრიტიკოსთა ნაწილმა აღნიშნა, რომ მის მკვეთრ წითელ კაბას სხვაგვარი ვარცხნილობა უფრო მოუხდებოდა.

მსახიობი და მოდელი მელისა ასლი ფამუქი, "მის თურქეთი 2011“-ის ტიტულის მფლობელი, წითელ ხალიჩაზე ზურმუხტისფერ კაბაში გამოჩნდა, რომელსაც ე.წ. "თევზისებრი“ ბოლო ჰქონდა. მისი სამოსი საკმაოდ სადა, თუმცა მელისას გარეგნობაზე მორგებული და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა.
