ავტორი:

როგორ დაიცვას თავი არასრულწლოვანმა თუ მას აშანტაჟებენ, ინტიმური კადრების გაგზავნას ან ფულის გადარიცხვას აიძულებენ? - ambebi.ge ეთიკურ ჰაკერს, ლუკა ფეიქრიშვილს ესაუბრა

როგორ დაიცვას თავი არასრულწლოვანმა თუ მას აშანტაჟებენ, ინტიმური კადრების გაგზავნას ან ფულის გადარიცხვას აიძულებენ? - ambebi.ge ეთიკურ ჰაკერს, ლუკა ფეიქრიშვილს ესაუბრა

ხელოვნური ინტელექტის, ინტერნეტის გლობალური გავრცელებისა და ციფრული ეპოქის პირობებში, კაცობრიობას უწევს არათუ შეეგუოს ახალ უნარ-ჩვევებს, არამედ აითვისოს და გამოიმუშაოს ახალი ქცევები, რათა თანამედროვეობას ფეხი აუწყოს.

დღეს ინტერნეტი გამოიყენება ყველგან და ყველაფერში, პირადი ურთიერთობებიდან დაწყებული - საქმიანი მოლაპარაკებებით დასრულებული. ამ “ციფრულ ნახტომში“ ყველაზე მოწყვლადები არიან მცირეწლოვანები და არასრულწლოვანები. როგორც მსოფლიო პრაქტიკამ უკვე აჩვენა, პირადი ინფორმაციის ზედმეტმა გაზიარებამ საფრთხე შეუქმნა მათ. მშობლების დიდმა ნაწილმა კი ზუსტად არ იცის იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც “ინტერნეტის ჯურღმულებში“ გვხვდება.

არსებობს შემთხვევები, როდესაც უცხო პირები იპარავენ ბავშვების ფოტოებს და მათ საკუთარ შვილებად ასაღებენ, ფულს თხოულობენ, თითქოს ბავშვი ავად არის ან უფრო მეტიც - არასასურველ საიტებზე აქვეყნებენ.

“ციფრული გატაცების“ ტერმინით ცნობილ ფენომენზე მსოფლიოს გავლენიანი გამოცემებიც წერენ. მაგალითად, BBC-ი 2024 წელს მომხდარ ერთ-ერთ სკანდალურ ფაქტს სტატიასაც უძღვნის, როდესაც “გაცვლითი პროგრამით“ მოსარგებლე 17 წლის ჩინელი სკოლის მოსწავლე აშშ-ში ჩაიყვანეს, სადაც ის გაუჩინარდა.

შემდეგ გამტაცებლებმა მოზარდის მშობლებს ჩინეთში წერილი და ფოტო გაუგზავნეს და გამოსასყიდი მოსთხოვეს. საბოლოოდ ოჯახმა დამნაშავეებს 80,000 დოლარი გადაუხადა.

  • სტალკერების, პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების, “დიპფეიკების“ (Deepfake), ფსიქოლოგიური და სოციალური ზეგავლენის შესახებ ambebi.ge-თან ეთიკური ჰაკერი, კიბერ ტექნოლოგიების ექსპერტი, ლუკა ფეიქრიშვილი საუბრობს.

- რა საფრთხეები არსებობს ინტერნეტში მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი მომხმარებლებისთვის?

- ინტერნეტი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არასრულწლოვანებისთვის საფრთხეებიც არსებობს. ყველაზე გავრცელებული რისკებია:

  1. არასასურველი კონტენტი - ბავშვები შეიძლება შემთხვევით შეხვდნენ ძალადობრივ, პორნოგრაფიულ ან სხვა ასაკისთვის შეუსაბამო მასალას, რაც ფსიქოლოგიურად საზიანოა.
  2. კიბერბულინგი (ონლაინ ძალადობა) - სოციალურ ქსელებში ან ჩატებში ბავშვები შეიძლება გახდნენ შეურაცხყოფის, დაცინვის ან მუქარის მსხვერპლი.
  3. ონლაინ მტაცებლები (გრუმინგი) - ზრდასრულები ზოგჯერ ცდილობენ ბავშვებთან დამეგობრებას, ნდობის მოპოვებას და შემდეგ მათზე ზეგავლენის მოხდენას ან გამოყენებას.
  4. პირადი ინფორმაციის გაჟონვა - ბავშვები ხშირად არ აცნობიერებენ, რომ ტელეფონის ნომრის, მისამართის ან პაროლების გაზიარება შეიძლება საშიში იყოს.
  5. თაღლითობა და ფიშინგი - შეიძლება შეხვდნენ ყალბ კონკურსებს, თამაშებს ან ბმულებს, რომლებიც მიზნად ისახავს მონაცემების მოპარვას.
  6. ინტერნეტზე დამოკიდებულება - ზედმეტი დრო ონლაინში გავლენას ახდენს ძილზე, სწავლაზე და სოციალურ ცხოვრებაზე.
  7. 7ყალბი ინფორმაცია - ბავშვებს უჭირთ სანდო და არასანდო ინფორმაციის გარჩევა, რის გამოც შეიძლება შეცდომაში შევიდნენ.

- რას ურჩევდით მშობლებს... რა უნდა ვიცოდეთ, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები არასასურველი ყურადღებისგან, რომელიც შეიძლება უწყინარ ავატარს ამოფარებული საფრთხე იყოს...

- აუცილებლად უნდა ასწავლოთ პირადი ინფორმაციის დაცვა. აუხსენით, რომ არასოდეს გაუზიარონ უცხოებს სახლის, სკოლის მისამართი. ტელეფონის ნომერი, პაროლები და სხვა პირადი ინფორმაცია. ეს შეიძლება არასასურველად იყოს გამოყენებული. ასევე საჭიროა ძლიერი პაროლების დაყენება პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ აპლიკაციებზე.

მშობლებს ვურჩევ გამოიყენონ parental control-ის ფუნქცია გაჯეტებში. შესაძლებელია ასევე კონტენტის ფილტრის ჩართვა -ეს არასასურველ საიტებს დაბლოკავს.

გარდა ჩამოთვლილისა, ყველა მშობელსა და შვილებს შორის უნდა არსებობდეს ნდობა და ღია კომუნიკაცია. როდესაც ბავშვმა იცის, რომ შეუძლია ყველაფერი გითხრას და ამის გამო არ დაისჯება, უფრო მარტივია სიტუაციის კონტროლი.

დაარიგეთ თქვენს შვილებს, რომ აუცილებლად გაგიზიარონ, თუ რამე საეჭვოს ნახავს ინტერნეტში. ასევე, არ მიიღონ მეგობრობა უცნობებისგან, არ გაუგზავნონ ფოტოები ან ვიდეოები უცხო ადამიანებს.

უნდა იცოდნენ, რომ ინტერნეტში ადამიანი შეიძლება არ იყოს ის, როგორც წარმოაჩენს თავს.

- როგორ უნდა დავიცვათ პირადი ინფორმაცია. რისი გაზიარება შეიძლება საჯაროდ და რისი არა? მითუმეტეს როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება

- არასრულწლოვანისთვის მკაცრად უნდა იყოს აკრძალული სრული სახელისა და გვარის, სახლის, სკოლის/კლასის მისამართის, ტელეფონის ნომრის, პირადობის ან სხვა დოკუმენტების ფოტოების, საბანკო ინფორმაციის, “ლაივ ლოკაციის“ და ისეთ ფოტოების გაზიარება, სადაც ჩანს სახლი, სკოლა, ქუჩის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები.

ახლა მოდაშია ყოველდღიური რუტინის ვიდეოების გამოქვეყნება. თინეიჯერები ჰყვებიან ყველაფერს: სად, რომელ საათზე, რა წრეზე დადიან. სად ცხოვრობენ, როგორ გამოიყურება მათი სკოლა- სასურველია ეს ყველაფერი იყოს დაფარული.

მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთხელ ატვირთული ინფორმაცია ინტერნეტში სამუდამოდ დარჩება. ძალიან მნიშვნელოვანია დროის შეზღუდვაც, მთელი დღე ონლაინ სივრცეში ყოფნა ტვინის ფუნქციებს აქვეითებს.

- რა უნდა მოიმოქმედოს არასრულწლოვანმა, თუ მას აშანტაჟებენ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან, ან საფრთხის შემცველ ონლაინ გარემოში მოხვდა - როგორ გაუმკლავდეს ციფრულ აგრესიას?

- არ აჰყვეს შანტაჟს, შეინარჩუნოს ცივი გონება. როდესაც ბულერი შიშს და პანიკას ამჩნევს, უფრო თამამი ხდება. აუცილებლად შეინახოს ყველაფრის “სქრინშოტი“ და მიმართოს მშობლებს, ან უფროსს, ვისაც ენდობა. შეწყვიტოს ყველანაირი კომუნიკაცია.

არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გაუგზავნოს მეტი ფოტო/ვიდეო მასალა, ფული ან სხვა რამ. როგორც წესი, მაშანტაჟე ადამიანები არ ჩერდებიან - მათი მოთხოვნები იზრდება არავითარ შემთხვევაში არ წაშალოთ მიმოწერა (ჩატი), ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი დახმარებისთვის.

შეუძლია მოძალადე ყველა პლატფორმაზე დაბლოკოს და დაარეპორტოს.

და ბოლოს, აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს. დღეს კიბერდანაშაული საქართველოში მკაცრ კონტროლზეა აყვანილი. მითუმეტეს, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება.

- თუ არსებობს აპლიკაცია, მესენჯერი ან რაიმე ისეთი პლატფორმა, სადაც პირადი ინფორმაცია მართლაც საიმედოდაა დაცული?

- აბსოლუტურად 100%-ით დაცული აპლიკაცია არ არსებობს, მაგრამ არის პლატფორმები, სადაც პირადი ინფორმაცია ბევრად უკეთაა დაცული, თუ სწორად გამოიყენებ.

მაგალითად: Signal, WhatsApp, Telegram, Viber. ესენია ყველაზე პოპულარული პლატფორმები. აუცილებელია იცოდეთ, რომ აპლიკაცია მხოლოდ ნახევარია - უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია მომხმარებელზე.

- და ბოლოს, ურჩიეთ მშობლებსაც. არაერთი ახალბედა მშობლები შვილების წარმატებას, ლოკაციას, ფოტოებს და სხვა ინფორმაციას უხვად აქვეყნებენ სოციალურ ქსელებში. მართალია, ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით აკეთებენ, თუმცა ალბათ არსებობს წესები, რომელიც შვილების უსაფრთხოებისთვის მათაც უნდა დაიცვან.

- სწორი შენიშვნაა. მშობლები ხშირად სიყვარულით აზიარებენ ბავშვის ფოტოებსა და პირად ინფორმაციას. ეს არის ძალიან სარისკო.

არავითარ შემთხვევაში არ გააზიაროთ ლოკაცია რეალურ დროში. მაგალითად, ხშირად დებენ ფოტოს და წერენ: “ახლა ვართ პარკში“... აქვეყნებენ სკოლაში სწავლის დაწყების ფოტოებს, სადაც მისამართი და ყველა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ჩანს, ასევე ხშირად ჩანს საცხოვრებელი სახლის მისამართი და ა.შ. მშობლებო, სჯობს მოგვიანებით ატვირთოთ ან არ მიუთითოთ დეტალები.

გარდა ამისა, უნდა იფიქრონ ფოტოს შინაარსზეც. ხშირად ისეთი უხერხული მომენტები ჩანს, არასასურველ ყურადღებას მიიპყრობს. რაც დღეს “საყვარელია“, მომავალში შეიძლება ბავშვისთვის უხერხული იყოს

გამოიყენეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები- გახადეთ პროფილი private, შეამოწმეთ ვინ ხედავს პოსტებს, დააყენეთ friends only და პერიოდულად გადახედეთ მეგობრების სიას.

იხილეთ ასევე: