“300-500 ადამიანის წამებას ეს კინკილა 5 ადამიანი ვერ ჩაიდენდა. მთავარია, დავალებების გამცემი, წამების ორგანიზატორი, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ და პლუს, ხუთი კი არა, ასეულობით მოძალადე, მწამებელი გამოაშკარავდეს,“- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
“27 წუთი ათეულობით “რობოკოპმა" ფაქტობრივად წამება გამატარა. აქედან, ამბობენ, ორი დავიჭირეთო. ჩემთვის ესეც დაუდასტურებელია, ეს ორი რეალურად იყო თუ არა მონაწილე, მაგრამ როგორც უნდა იყოს და რაც უნდა იყოს, შეთავაზება მაქვს პროკურატურასთან - ვაპატიებ დაკავებულ ჩემზე მოძალადეებს და არანაირი პირადი შურისძიება არ მამოძრავებს. ჩემთვის საინტერესოა იმ ასეულობით ახალგაზრდის წამების დამაორგანიზებელი, მათი დამსახიჩრებელი.
ქვეყანას ახალი პატრიარქი ჰყავს, რასაც ვულოცავ სრულიად საქართველოს და პირადად შიო მესამეს. შესაბამისად, მზად ვარ, პირადი მაგალითით ვაპატიო ჩემზე მოძალადეებს. ვერ ვაპატიებ ვერასდროს ახალგაზრდების დასახიჩრებას, მაგრამ საკუთარ თავზე მზად ვარ.
უნდა გვესმოდეს, რომ 300-500 ადამიანის წამებას ეს კინკილა 5 ადამიანი ვერ ჩაიდენდა. მთავარია, დავალებების გამცემი, წამების ორგანიზატორი, პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ და პლუს, ხუთი კი არა, ასეულობით მოძალადე, მწამებელი გამოაშკარავდეს.
მივმართავ რეჟიმს, როგორც ხედავთ (ჩემი მწამებლებისგან) არც აღიარებას, არც პატიებისთვის მომართვას არ ვითხოვ და რაც პირადად მე მიკავშირდება, ამას ვაცხადებ. საზოგადოება კი იმსახურებს იცოდეს, ვინ არის, თუნდაც ეს 5 ადამიანი“,- წერს ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი. ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.