ფილიპინების სენატში დაძაბული ვითარება შეიქმნა - საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ ძებნილმა სენატორმა რონალდ დელა როსამ მხარდამჭერებს მოუწოდა, ხელი შეეშალათ მისი შესაძლო დაკავებისთვის.
რონალდ დელა როსა 2016-2018 წლებში ფილიპინების ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი იყო და ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს ანტინარკოტიკული კამპანიის მთავარ ფიგურად ითვლებოდა. სწორედ ამ პერიოდში ათასობით ადამიანი — მათ შორის სავარაუდო ნარკოდილერები და წვრილი გამსაღებლები — მოკლეს. უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, მსხვერპლთა დიდი ნაწილი სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასაჯეს.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დელა როსას ათობით ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებს. ყოფილი პრეზიდენტი დუტერტე უკვე დააკავეს და 2025 წლის მარტში ჰააგაში გადაიყვანეს, ხოლო დელა როსას დაკავების ორდერი ოფიციალურად ორშაბათს გაიცა — იმავე დღეს, ის რამდენიმე თვიანი გაუჩინარების შემდეგ სენატის სხდომაზე გამოჩნდა.
ყოფილი პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს მმართველობის დროს ფილიპინებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დატოვა, თუმცა ICC-მ გამოძიება არ შეწყვიტა. სასამართლო აცხადებს, რომ მას მაინც აქვს უფლება გამოიძიოს ის მკვლელობები და დანაშაულები, რომლებიც ქვეყანაში 2019 წლამდე მოხდა.
გასულ წელს რონალდ დელა როსა სენატორად ხელახლა აირჩიეს. არჩევნები ყოფილი პრეზიდენტის ჰააგაში გადაყვანიდან ორი თვის შემდეგ ჩატარდა. მიუხედავად არსებული პოლიტიკური კრიზისისა, დუტერტეს მხარდამჭერმა კანდიდატებმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები აჩვენეს.

რა მოხდა ფილიპინების სენატში?
ოთხშაბათს საღამოს, სენატის სხდომის შესვენების დროს, დელა როსამ Facebook-ზე პირდაპირი ეთერი ჩართო და განაცხადა, რომ სამართალდამცავები მის დასაკავებლად მიდიოდნენ.
„მე აქ თქვენს დახმარებას ვითხოვ — ნუ გაგზავნით ჰააგაში კიდევ ერთ ფილიპინელს, როგორც პრეზიდენტ დუტერტეს შემთხვევაში მოხდა“, — თქვა მან პირდაპირ ეთერში.
რამდენიმე ხანში სენატის შენობაში დაძაბულობა გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით ერთ საათში შენობაში რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა. ტელევიზიებით გავრცელებული ცნობებით, სროლა სავარაუდოდ მეორე სართულიდან ისმოდა.

სენატში შექმნილი ქაოსური ვითარება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ტერიტორიაზე პოლიციელები და სამხედროები პატრულირებდნენ, ხოლო შენობის უსაფრთხოების მიზნით ფოლადის კარები ჩაკეტეს.
ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა საზოგადოებას მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში მან განაცხადა: „ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე გავარკვევთ… უნდა ვიცოდეთ, იყო თუ არა ეს დესტაბილიზაციის მცდელობის ნაწილი.“
მომდევნო დილით პოლიციამ დაადასტურა, რომ სროლასთან დაკავშირებით სულ მცირე ერთი ადამიანი დააკავეს.