ტრაგედია დატრიალდა დღეს დილით გარდაბანში. სოფელ ბირლიკში BMW - ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შემდეგ მანქანა ნაწილებად იქცა.
გარდაცვლილია 7ადამიანი, ხოლო ერთი ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი, ახლა ის სიკვდილს ებრძვის. როგორც ჩანს, ძალიან სწრაფად მოდიოდნენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა ეს უბედურება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან.

არსებული ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდები კახეთიდან, მეგობრის დაბადების დღიდან მოდიოდნენ. ავარიის თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
"240 [სიჩქარით მოძრაობდაო], ასე ამბობენ, თავისუფალი იყო გზა. მე რომ მოვედი დაზარალებულები საავადმყოფოში იყვნენ, მარტო მანქანა ვნახე და პოლიცია" - უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი "ტვ პირველს. სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები, სადაც უმძიმესი მომენტია ასახული - მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელიც ჯერ ხეს ეჯახება, შემდეგ ტრიალდება და ცეცხლი ეკიდება.
დაღუპული ალიევების პედაგოგი AMBEBI.GE-ს უყვება:
"ქამილი 19 წლის იყო, შამილი 17 - ის. ბიჭებს მშობლები დაღუპული ჰყავთ. ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. მშობლები ადრე დაეღუპათ, ჯერ მამა, შემდეგ დედა. ორივე გამორჩეულები იყვნენ ზრდილობით, მოწესრიგებულობით, კულტურით და არასდროს არავის აწუხებდნენ. ყველას ძალიან უყვარდა ძმები. ძალიან კეთილი იყო შამილი. ყველას გულშემატკივარი. გული მტკივა ძალიან. შამილი მიმტანად მუშაობდა, შრომობდა, ქამილი სპორტს მისდევდა, კრივით იყო დაკავებული. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, სიტყვები არ მყოფნის, როგორი გამორჩეული ძმები იყვნენ, გული მტკივა ძალიან და ვუსამძიმრებ ყველას".
ადგილობრივი პედაგოგი სოციალურ ქსელში ეხმაურება დღეს მომხდარ ტრაგედია და აქცენტს აკეთებს, 17-18 წლის ახალგაზრდების მიერ მანქანების არასწორ მართვაზე.
"ნელ-ნელა გამოვდივარ შოკიდან. როგორც უკვე გითხარით დღეს გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვებიდან ოთხი ჩემი ყოფილი მოსწავლეა. იმით დავიწყებ რომ ძალიან საშიში გახდა გარდაბანში მანქანის ტარება კი არა ქვეითობაც. ძალიან გახშირდა საგზაო ავარიების რაოდენობამ. მე როგორც მოქალაქე , როგორც შვილი, როგორც მამა, როგორც მეუღლე, როგორც ძმა- ძალიან ვბრაზდები და განვიცდი ამას. ამას გარდაბანში ყველამ დაგიდასტურებთ ის თუ როგორი სიჩქარით დადიან მანქანები. ის თუ როგორი "ბამბეია" გარდაბანი. ის თუ როგორ ატარებს ზოგი მანქანას "მართვის მოწმობის" გარეშე. ის თუ როგორი ელვისებური სიჩქარით დადიან და ეს რომ საამაყოდ მიაჩნიათ. ის თუ როგორ ატარებენ ზოგი წართმეული მართვის მოწმობის მოუხედავად.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი და სიგიჟე და ამისი პოპულარიზაცია? ამ ყველაფერზე "თვალის დახუჭვა" როდემდე უნდა გაგრძელდეს?
რამდენმა უნდა დაიღუპოს რომ გავიგოთ შესაბამისმა უწყებებმა, მშობლებმა, საზოგადოებამ რომ ასე ვერ გაგრძელდება? მე როგორც მასწავლებელი ვხედავ როგორი წყურვილით ჩქარობენ 16-17-18 წლის ბავშვები მართვის მოწმობის ასაღებად. ერთი სული აქვთ, თუ როდის აიღებენ ამ წყეულ მართვის მოწმობას და როდის "იდრიფტავებენ". ეს პრობლემა ხომ საჭიროებს მასშტაბურ ღონისძიებებსა და ცნობიერების ამაღლებას. მართვის მოწმობის ფეტიში, დრიფტობის სურვილი , სიჩქარის მოყვარულობა - ამ ყველაფერს შობს ის სიცარიელე რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებშია. ვკითხე ერთ-ერთ მე-12-ე კლასელ მოსწავლეს ის თუ რატომ ამხელა წყურვილით ნატრობს მართვის მოწმობას, დრიფტსა და ტარებას. პასუხი:- აბა გარდაბანში სხვა რა უნდა ვქნა მასწ? " - წერს ჰამიდ ბუკოვსკი.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ამ დრომდე გრძელდება ტრაგედიის ადგილას საგამოძიებო სამუშაოები.
წაიკითხეთ ასევე: