ინდოეთში მძვინვარე ქარიშხალი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა , რომელსაც უკვე ემსხვერპლა 96 ადამიანის სიცოცხლე.
სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, თუ როგორ აიტაცა გრიგალმა დაახლოებით 12 მეტრის სიმაღლეზე საკუთარ სახურავს ჩაჭიდებული ადგილობრივი მცხოვრები და მოშორებით გადაისროლა.


უტიარ-პრადეშის შტატის ქალაქ ბარეილიში მცხოვრები ნანჰე მიია სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩა. დრამატულ ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობს მამაკაცი თოკით დაამაგროს სახლის თუნუქის კონსტრუქცია, თუმცა ქარის ძლიერმა ნაკადმა სახურავი ჰაერში აიტაცა, მიია კი მასთან ერთად ცაში აღმოჩნდა.
“დაახლოებით 10-12 მეტრის სიმაღლეზე ვიყავი. არც კი ვიცი, სად დავეცი. მინიმუმ 15 მეტრის მოშორებით აღმოვჩნდი" - იხსენებს მიია საავადმყოფოს საწოლიდან.
მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი
ოფიციალური პირების განცხადებით, მტვრის ქარიშხალმა, თავსხმა წვიმამ და მეხმა ჩრდილოეთ ინდოეთში სახლები და ნაგებობები მიწასთან გაასწორა. მხოლოდ უტიარ-პრადეშის შტატში, გასულ ოთხშაბათს ღამით, სტიქიის შედეგად 50 -ზე მეტი დაშავებული და ათეულობით დაღუპულია. სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი წაქცეული ხეები, ჩამონგრეული კედლები და მეხის დაცემა გახდა. სამაშველო სამსახურები ამწეებისა და ელექტროხერხების მეშვეობით გზებისა და სარკინიგზო მაგისტრალების გაწმენდას ცდილობენ.

ადგილობრივების განცხადებით, "შტორმი მოულოდნელად დაიწყო, ცა რამდენიმე წუთში სრულიად დაბნელდა. თუნუქის სახურავები კი ჰაერში დაფრინავდა, როდესაც კედლებმა ზანზარი დაიწყო, მოსახლეობის ნაწილი შენობებიდან გარეთ გამოცვივდა".
შტატის მთავარმა მინისტრმა, იოგი ადიტიანატმას განკარგულების თანახმად, დაზარალებულ ოჯახებს დაუყოვნებლივ გაეწევათ ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება.