ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაზე ძლიერია მთელ ევროპაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ეს შთამბეჭდავია. ამაში ეჭვი არაა. იმას ვგულისხმობ, რომ თუ შეხედავთ, რუსები ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ თვეში, ვიდრე უკრაინელები, და უკრაინა უფრო პატარა ქვეყანა და, შესაბამისად, უფრო პატარა არმიაა - თუმცა, ცხადი რომ იყოს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაზე ძლიერია, ყველაზე მძლავრი შეიარაღებული ძალებია ამჟამად მთლიანად ევროპაში - რა თქმა უნდა, დიდი დახმარების გამო, რომელიც მიიღეს, მაგრამ ასევე, საბრძოლო გამოცდილების გამო, რომელიც მოიპოვეს”, - განაცხადა რუბიომ.
ამავდროულად, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება და უკრაინას ორი ათწლეული დასჭირდება აღდგენისთვის.
“რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანი უკიდურესია. რუსები 15-20 ათას ჯარისკაცს კარგავენ თვეში - მოკლულებს. დაჭრილებს არა, მოკლულებს. ეს ცუდი ომია. და ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტი მზად არის, მისი გუნდი მზად არის, რომ ომის დიპლომატიურ დასასრულს შევუწყოთ ხელი”, - განაცხადა რუბიომ.