ავტორი:

"სხვისთვის გადასწრებას ცდილობდა, საპირისპირო ზოლში გადმოვიდა და დემოს მანქანას დაეჯახა" - ავარიას 28 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

"სხვისთვის გადასწრებას ცდილობდა, საპირისპირო ზოლში გადმოვიდა და დემოს მანქანას დაეჯახა" - ავარიას 28 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

გუშინ წყალტუბოში, სოფელ პატრიკეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ახალგაზრდის, დემო სალუქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, ტრაგედია სოფელში დატრიალდა. ავტომობილს, რომელსაც დემო სალუქვაძე მართავდა, საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მანქანა შეეჯახა და სამწუხაროდ მიყენებული დაზიანებებით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

გლოვაა სოფელში, სადაც ამ ახალგაზრდას ყველა იცნობდა. დემო ოჯახთან ერთად სოფელ პატრიკეთში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ყველა განიცდის მის გარდაცვალებას.

“ჩემო სიყვარულო, ჩემო ლამაზო ბიჭო, ასე როგორ მოგვიკლეს შენი თავი, რა ვქნათ აწი უშენოდ, რა გზას ვეწიოთ. რამდენი გეგმა გვქონდა, რა ვუთხრა ჩვენს შვილებს, როგორ შევუვსო უშენობა, როგორ დავიძინო და გავიღვიძო უშენოდ, რა მწარე ხარ ვინ იცის. როგორ ვიფიქრებდი შენი ფეხით თუ ვერ შემოხვიდოდი სახლში. ვაი იმას ვინც მაგ დღეში ჩაგაგდო, შენი ცოდვით მაინვ ვერ გაიხარებს. მანქანა გიყვარდა და მაინც მანქანის წერა გაგხადეს”, წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეუღლე.

  • როგორც ადგილობრივი გვიამბობს, მეორე ავტომობილის მძღოლი გასწრებას ცდილობდა, ჩქარა მოდიოდა, გადმოვიდა საპირისპირო ზოლში და ამ მანქანას დაეჯახა.

“თურმე ქალი იჯდა იმ მანქანის საჭესთან. ასე ამბობენ სოფელში, ის ქალი სხვა მანქანის გასწრებას ცდილობდაო, ეტყობა ჩქარა წამოვიდა, გადმოვიდა საპირისპირო ზოლში და სამწუხაროდ დემოს მანქანას დაეჯახა. ასე დაღუპა ოჯახი. არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, კარგი ოჯახის პატრონი და კარგი ახალგაზრდა, ძალიან ძნელია რაიმე სანუგეშო უთხრა ოჯახს. გამეგლიჯა გული და ძალიან განვიცდი” - ამბობს ჩვენთან ადგილობრივი.

კიდევ ერთი თანასოფლელი გვიყვება, რომ მათი სოფლის მაცხოვრებელი საუკეთესო ახალგაზრდაა გარდაცვლილი.

“ძალიან გაგვანადგურა ამ ამბავმა, გუშინ მოხდა ეს ტრაგედია სოფელ პატრიკეთში. მსგავსი ზრდილობიანი, სიკეთით და კარგი ადამიანობით სავსე ბიჭი არ მეგულება. სოფელში მოხდა ავარია და დაიღუპა, სხვა დეტალები არ ვიცი ზუსტად რა და როგორ მოხდა. ძალიან დიდი ტკივილია ყველასთვის, ვინც დემოს იცნობდა. ისევ დადუმდა ჩვენი სოფელი, სიკეთის ბიჭი აღარ გვყავს”, ამბობს ჩვენთან მეზობელი.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.