"რონდელის ფონდის“ უფროს მკვლევარს, საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილს სასამართლომ 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
"ბუკა პეტრიაშვილი ტროტუარზე დგომისთვის დააკავეს, სტუდენტებს იგივე მიზეზით აკავებენ და საზოგადოების უდიდესი ნაწილი დუმილით ხვდება ამ ფაქტებს და თითქოს შეეგუა.
ეს უფრო შიშთან შეგუებაა. ქართული ოცნება მეთოდურად და სწრაფი ნაბიჯით აგრძელებს შიშის დანერგვას.
ეს შიში კი საზოგადოებას გაანადგურებს, თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდა და ამ შიშს თვალებში არ ჩახედა. აქ აღარ არის გემოვნების საკითხი, ვინ მოგწონს პოლიტიკურად და ვინ არა. ყველა, ვინც არ აპირებს ამ შიშს შეეგუოს, უნდა გაერთიანდეს", - წერს სოციალურ ქსელში პაპუნა ჯანელიძე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნური შეფერხება 2-იდან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.