ავტორი:

"მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის... მისი აზრი არ მაინტერესებს" - რატომ დაიწყო დაპირისპირება ექიმებს შორის

"მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის... მისი აზრი არ მაინტერესებს" - რატომ დაიწყო დაპირისპირება ექიმებს შორის

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის დაწყებული კამათი სოციალურ ქსელში ნამდვილ სკანდალად იქცა. ყველაფერი ექიმ ციცინო შურღაიას სკანდალური განცხადებით დაიწყო, რასაც მოგვიანებით კოლეგების მწვავე კრიტიკა და პირადი შეურაცხყოფებიც კი მოჰყვა.

  • ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გოგოლა კალანდაძის გადაცემაში სტუმრობისას, ექიმმა ციცინო შურღაიამ წონისა და გონებრივი შესაძლებლობების კავშირზე ისაუბრა:

"წლებია არ ვჭამ. შენი გარეგნობა მეტყველებს შენს ინტელექტზე - არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. იმისთვის, რომ არ გასუქდე, აუცილებელია სწორად იკვებო. არ უნდა ჭამო სამი თეთრი ფხვნილი: შაქარი, მარილი და ფქვილი. სიმინდის ფქვილი შეიძლება. სიგამხდრე არის ჯანმრთელობა.“

შურღაიას ამ სიტყვებს საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კოლეგა მწარედ გააკრიტიკა:

„სერიოზულად ჩავფიქრდი ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ამას რომ ექიმი პირიდან ამოუშვებს, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ“.

მოგვიანებით, ციცინო შურღაიამ კრიტიკას YouTube-გადაცემა „სარკასტიკაში“ უპასუხა და ამჯერად მაია ბუწაშვილის გარეგნობას შეეხო:

"ღოღობერიძეს (ექიმი გიორგი ღოღობერიძე ავტ.) თავისი ერთი აზრი არ გააჩნია... ბუწაშვილის აზრი არ მაინტერესებს, მაგას პლასტიკური ქირურგია მაინც არ უშველის. რომ შევხედე, მასთან პლასტიკური ქირურგია უძლურია...".

ექიმებს შორის ატეხილ ამ დაპირისპირებას კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძეც გამოეხმაურა. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ თავადაც ხშირად გამხდარა ბულინგის მსხვერპლი გარეგნობის გამო:

"ესე იგი, ყველაფერს ბედი უნდა. ერთი ექიმი ქალბატონის გარეგნობას შეეხო მეორე ექიმი ქალბატონი და ჩამოიქცა ქვეყანა, დადგა მცველთა ჯარი. რაც თავი მახსოვს, ვისაც არ ეზარება, ყველა მე მათრევს გარეგნობის გამო (სხვათა შორის, იმ დამცველთა ჯარიდანაც ბევრი) და კაციშვილს თავი არ მოუკლავს ჩემი დაცვით.

არ მოგატყუებთ, არც მიფიქრია, რომ ვინმეს უნდა დავეცავი - გარეგნობა გემოვნების ამბავია, ყველას არ და ვერ მოეწონები“. – წერს ნადირაძე.