მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ დასანქცირებას გამოეხმაურა და იმას, რომ მოლდოვამ „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიტაციაზე უარი უთხრა.
„ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად, სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება.
აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. რასაც ჩვენ ევროპარლამენტში ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა „იმედს“ ერთი წლით შენობაში მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია "იმედმა" თავად გაავრცელა. ტელეკომპანიის თანახმად, მიზეზი ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიანესთან ინტერვიუს მცდელობა გახდა. მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, ხოლო მოლდოვამ კი „იმედს”, „რუსთავი 2” -ს და „პოსტივის" აკრედიტაციაზე უარი უთხრა.