ავტორი:

კოღოები მსხვერპლს შემთხვევით არ ირჩევენ - მეცნიერებმა განმარტეს, რატომ გკბენენ მაინც და მაინც თქვენ

კოღოები მსხვერპლს შემთხვევით არ ირჩევენ - მეცნიერებმა განმარტეს, რატომ გკბენენ მაინც და მაინც თქვენ

კოღოები ადამიანის ორგანიზმის გარკვეულ სიგნალებზე რეაგირებენ, რის გამოც ზოგიერთ ადამიანს ისინი გაცილებით ხშირად კბენენ, ვიდრე სხვებს. მწერების ამ "არჩევანზე“ გავლენას ახდენს სისხლის ჯგუფი, სხეულის ტემპერატურა, ფიზიკური აქტივობა და ტანსაცმლის ფერიც კი.

სისხლის ჯგუფი და მეტაბოლიზმი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სისხლის ჯგუფია.

ჟურნალ Medical Entomology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მწერები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად ჯდებოდნენ I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებზე, ვიდრე მათზე, ვისაც II ჯგუფი აქვს. მკვლევრები ამას იმ ნივთიერებებით ხსნიან, რომლებსაც ორგანიზმი კანის მეშვეობით გამოყოფს და კოღოებს ჩვენს სისხლის ჯგუფზე "ანიშნებს“.

ფლორიდის უნივერსიტეტის ენტომოლოგიის პროფესორი, ჯონათან დეი აღნიშნავს, რომ კოღოები პირველ რიგში ნახშირორჟანგზე (CO2) ორიენტირდებიან. ადამიანები, რომლებსაც აქტიური მეტაბოლიზმი აქვთ, მეტ CO2-ს გამოყოფენ და მწერებისთვის უფრო ადვილად შესამჩნევები ხდებიან. სწორედ ამიტომ, ფიზიკური დატვირთვისას კბენის ალბათობა იმატებს.

  • "მეორადი სიგნალები“ - სითბო და ფერი

გარდა ნახშირორჟანგისა, მწერებს იზიდავს "მეორადი სიგნალებიც“. მათ შორისაა რძემჟავა, რომელიც კანზე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გამოიყოფა. ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხეულის ტემპერატურა - კოღოები გრძნობენ სითბოს და ეძებენ კანის იმ უბნებს, სადაც სისხლი ზედაპირთან ახლოსაა.

საინტერესოა ვიზუალური ფაქტორიც. პროფესორ დეის თქმით, ეს მწერები მიწის ზედაპირიდან დაბლა დაფრინავენ და კარგად ამჩნევენ კონტრასტულ ობიექტებს. სწორედ ამიტომ, მუქი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები მათ ყურადღებას უფრო მეტად იქცევენ, ვიდრე ისინი, ვისაც ღია ფერის სამოსი აცვია.

  • ალკოჰოლი და სხვა ფაქტორები

კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგი, მელისა პილიანგი დასძენს, რომ კოღოების ინტერესი იმატებს ალკოჰოლის მიღების შემდეგაც. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებმაც მხოლოდ ერთი ქილა ლუდი დალიეს, უფრო მეტად იზიდავდნენ მწერებს. გარდა ამისა, ორსულობა და ზედმეტი წონა აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც ასევე აძლიერებს კოღოებისთვის გადაცემულ სიგნალებს.

  • როგორ დავიცვათ თავი?

შეზღუდეთ გარეთ ყოფნა მათი აქტივობის პიკის დროს - განთიადზე და მზის ჩასვლისას. ატარეთ ღია ფერის სამოსი, სასურველია გრძელი შარვალი და სახელოიანი ზედა. გამოიყენეთ ვენტილატორი: კოღოებს უჭირთ ფრენა ქარიან პირობებში.

თუ კბენას მაინც ვერ გადაურჩით, ექიმები გირჩევენ, არ მოიქავოთ ნაკბენი ადგილი, რადგან ეს ქავილს კიდევ უფრო აძლიერებს და ინფექციის რისკს ზრდის. სიმპტომების შესამსუბუქებლად საუკეთესოა ცივი კომპრესი ან სპეციალური ანტიჰისტამინური კრემები.