ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი კვლავ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი სერიოზულობას გამოიჩენს, - ინფორმაციას The Iran International-ი ავრცელებს.
"მოლაპარაკებებით მხოლოდ მაშინ ვართ დაინტერესებული, თუ მეორე მხარე სერიოზულად არის განწყობილი. ამერიკელების მიმართ ნდობა არ გვაქვს. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რათა დიპლომატიას შანსი მივცეთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი მტკიცებით, "ირანი სრულად მზადაა საბრძოლო მოქმედებებს დაუბრუნდეს და ასევე მზადაა დიპლომატიური გადაწყვეტილებებისთვის“.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეერთებულ შტატებს გამარჯვების გზა არ აქვს.
არაღჩის თქმით, თეირანი მიესალმება ჩინეთის ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც სიტუაციის შემსუბუქებისკენ იქნება მიმართული.
"ირანი მიესალმება ყველაფერს, რასაც ჩინეთი გააკეთებს სიტუაციის შესამსუბუქებლად“, - განაცხადა არაღჩიმ.