თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი პარკის მოწყობა იგეგმება. აღნიშნულზე ტენდერი თბილისის მერიამ ხელახლა გამოაცხადა.
კერძოდ, თბილისის ზღვის მიმდებარე სანაპირო ზოლზე პარკის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, შესყიდვა 14 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი წინა ტენდერისგან განსხვავებით შემცირებულია და 822 033 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ამ მიზნით, წინა ტენდერი მიმდინარე წლის მარტშიც გამოცხადდა, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 865 ათასი ლარი იყო. როგორც შესყიდვების ვებგვერდიდან ირკვევა, ეს ტენდერი არ შედგა.
თბილისის ზღვის სანაპიროზე პარკის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, რომ ტექნიკური დავალების მიზანია ტერიტორიაზე თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრადი, საზოგადოებისთვის ღია და დახურული მრავალფუნქციური სივრცის შექმნა.