რუსები უკრაინის პრეზიდენტის ოფისსა და რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"უკრაინის თავდაცვის დაზვერვის სპეციალისტებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსები ამზადებენ ახალ სარაკეტო და დრონებით დარტყმებს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის, როგორც ისინი უწოდებენ, "გადაწყვეტილების მიღების ცენტრების“ წინააღმდეგ. მათ შორისაა თითქმის ორი ათეული პოლიტიკური ცენტრი და სამხედრო სამეთაურო პუნქტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ინფორმაცია გავითვალისწინეთ. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ უკრაინა, საბოლოო ჯამში, არ არის რუსეთი და განსხვავებით აგრესორი სახელმწიფოსგან, სადაც ამ ომს ჰყავს კონკრეტული ავტორი და მის გარშემო არსებული წრე, რომელიც რეალობისგან მის მოწყვეტას უწყობს ხელს, უკრაინის თავდაცვის წყარო არის უკრაინელი ხალხის მზადყოფნა, იბრძოლოს თავისი დამოუკიდებლობისა და საკუთარი სუვერენული სახელმწიფოსთვის. უკრაინელები იმსახურებენ სუვერენიტეტს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ერი. ხალხის დამარცხება შეუძლებელია. რუსეთმა უნდა დაასრულოს ომი და აწარმოოს მოლაპარაკებები ღირსეულ მშვიდობაზე, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინის დასაშინებლად ახალი გზები ეძებოს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. დიდება უკრაინას!“ - წერს ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის პოსტს მიბმულია სატელიტური ფოტოები, რომლებიც უკრაინულმა დაზვერვამ რუსეთის სამხედრო კაბინეტებიდან მოიპოვა. მათზე რამდენიმე ობიექტის კოორდინატები და მონაცემებია აღნიშნული, კერძოდ კი "უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის“, პრეზიდენტის რეზიდენციის (სახელმწიფო აგარაკის) და კიევის ცენტრში მიწისქვეშა დაცული ნაგებობების.

ფოტოები 6 მაისით არის დათარიღებული.