ავტორი:

"იციან, რომ ის სანდრო გირგვლიანის მწამებელია, მე კი - გიორგი... ამიტომაც მოდის სითბო" - ჯალათი, მოღალატე, ბანდის მეთაური: როგორ ხვდება გიორგი დევაძე მუდმივად ანტიგმირის როლში

"იციან, რომ ის სანდრო გირგვლიანის მწამებელია, მე კი - გიორგი... ამიტომაც მოდის სითბო" - ჯალათი, მოღალატე, ბანდის მეთაური: როგორ ხვდება გიორგი დევაძე მუდმივად ანტიგმირის როლში

ცოტა ხნის წინ რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის "გააზიარე სიყვარული" პრემიერა შედგა. ფილმის ჟანრი ისტორიულ-რომანტიკული გახლავთ. ის „ვეფხისტყაოსნის“ მიჯნურობის ათ თვისებაზეა, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ გმირშია (შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებლი, დავით სარაჯიშვილი, ნიკო ფიროსმანი, გალაკტიონის და სხვ.) გაცოცხლებული, მათი ცხოვრების ეპიზოდებია მოთხრობილი. ეს არის ეპოქალურად განსხვავებული, თუმცა იდეურად გადაჯაჭვული რამდენიმე ამბავი, რომლებიც ერთ მთლიანობად იკვრება და ქართული სულისა და სიყვარულის თავდადების ისტორიას გვიყვება.

ფილმს უამრავი პერსონაჟი ჰყავს, მაგრამ მათგან ერთი - ანტიგმირია, - მას მსახიობი გიორგი დევაძე თამაშობს. AMBEBI.GE-მ გიორგი დევაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. მსახიობმა არა მხოლოდ ამ როლზე, მის მიერ განსახიერებულ სხვა როლებზეც გვესაუბრა, რომელთაგან ძირითადი უმრავლესობა უარყოფითი პერსონაჟია. ისინი უკვე მისი კინოკარიერის მთავარ გალერეას ქმნიან.

– გიორგი, რას გვეტყვით ნიკოლოზ ხომასურიძის ახალ ფილმზე?

– არაჩვეულებრივი, ძალიან ღრმა, აკადემიური და დიდებული ფილმია. ნიკოლოზი საამაყო კაცია, ნამდვილი ქართველი, რომელიც ძალიან დასაფასებელია. ფილმი საამაყო ადამიანების შესახებაა და მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, გარდამტეხი ისტორიებია ამოწეული. მაგალითად, ფიროსმანის ტრაგიკული სიყვარული, რუსთაველის ცხოვრების ეპიზოდები... სხვადასხვა ეპოქის ამბები რეჟისორმა ერთ მხატვრულ ფილმად აქცია.

– ვინ არის თქვენი გმირი?

– ჩემი გმირი ივანე ენიკოლაპაშვილია, რომელიც 1939 წელს დიდუბის პანთეონის დირექტორი იყო. რეალური ისტორიული პერსონაჟია. სწორედ მან ამოათხრევინა პანთეონიდან დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინეს ცხედრები და ვაკის სასაფლაოზე გადაასვენებინა. თუმცა მანამდე მიცვალებულების პატრონებს ცინიკური ტონით დაემუქრა, თუ ათი დღის ვადაში არ გადაასვენებთ, ცხედრებს უპატრონოთა სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილსო. მისი არგუმენტი ასეთი იყო: „ესენი არც ხელოვანები არიან, არც რეჟისორები, არც საზოგადო მოღვაწეები, ქვეყნისთვის არაფერი შეუქმნიათ და აქ მათი ადგილი არ არის“. სარაჯიშვილების ნეშტები მხოლოდ ათწლეულების შემდეგ, 1997 წელს გადმოასვენეს ქაშვეთის ეკლესიის ეზოში. მოკლედ, ივანე ენიკოლაპაშვილი ძალიან საზიზღარი პერსონაჟია.

"გააზიარე სიყვარულის" გადაღებები

– მიუხედავად იმისა, რომ არაერთი უარყოფითი როლი გაქვთ შესრულებული. როგორ მიიღეთ ეს შეთავაზება?

– ნიკოლოზმა რომ დამირეკა (ეს მასთან ჩემი მეორე ფილმია), აშკარად ეტყობოდა, რომ თქმა ერიდებოდა. მითხრა: „გიორგი, როლი მაქვს შენთვის, ოღონდ... ცუდი როლიაო“. წუხდა, რომ ისევ ბოროტი გმირის განსახიერება მიწევდა... არადა, მსახიობმა ყველაფერი უნდა ითამაშოს, თუმცა ჩემ შემთხვევაში ბოლო 20 წელია, ძირითადად, უარყოფით როლებს მთავაზობენ. გავიხსენოთ თუნდაც „კომა“, სადაც ციხის ბალანდიორს, საშა ჟღენტს ვთამაშობდი, ან სერიალი „ქერჩი“, სადაც ჩემი გმირი, ენვერ კობიაშვილი, საბჭოთა ჯალათი იყო და ბრძოლის ველიდან უკან დახეულ საკუთარ ჯარისკაცებს ზურგიდან ხვრეტდა... სერიალში „ჰეროკრატია“ ცხონებული სანდრო გირგვლიანის ერთ-ერთი მთავრი მწამებელი ვიყავი, ხოლო მხატვრულ ფილმში „პატარძლები“ ციხეში პატიმრების ამანათების მჩხრეკავის უსულგულო პერსონაჟი. ფილმში „მძევლები“ (თვითმფრინავის ბიჭები) შევარდნაძის ცივსისხლიანი „კაგებეს“ თანამშრომელი, რომელმაც გეგა კობახიძის დედას ეს საზარელი ამბავი შეატყობინა და დაკითხვებზე მასვე დაჰყავდა.

– ემოციურად როგორი აღმოჩნდა ენიკოლაპაშვილის როლი?

– ამას საჯაროდ პირველად ვამბობ: ეს იყო ჩემ კარიერაში ყველაზე მძიმე და რთული გადაღება. ვიღებდით სარაჯიშვილების საფლავის ამოთხრის სცენას. კარგად მახსოვს, 2024 წლის 14 იანვარი იყო. სახლიდან ჯანმრთელი წავედი, მაგრამ დიდუბის პანთეონში თითქოს რაღაც ვირუსი დამხვდა. გადაღებისას ვგრძნობდი, როგორ მინგრევდა ორგანიზმს სისხლში გამჯდარი პათოლოგიური სიცივე.გამოცდილი მაქვს „ქერჩის“ გადაღებები გომბორის ყინვაში, ტალახში, მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ იმ დღემ ისე გამანადგურა, როგორც არაფერმა. ყინვისგან თითქოს სისხლი გამეყინა. იმ წუთას ვინმეს ფურცელი და კალამი რომ მოეცა, პროფესიიდან წასვლაზე მოვაწერდი ხელს. ეს ისეთი გაუსაძლისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხი იყო. მესამე დღეს საოცარმა ტკივილმა გამაღვიძა, ვერ ვხვდებოდი, ყური მტკიოდა, კბილი თუ თავი. საბოლოოდ, იმ ერთმა დღემ სმენაზე პრობლემები შემიქმნა, რასაც დიდხანს ვმკურნალობდი. ივანე ენიკოლაპაშვილმა ლამის ჩემი სმენა შეიწირა.

– ალბათ, ეკრანზე ამას მაყურებელი ვერ შეამჩნევს... საერთოდ, მსგავსი ისტორიები მსახიობებისგან მსმენია – სცენაზე სიცხიანები, ჭრილობებით მდგარან და მაინც უთამაშიათ...

- ეს არის ალბათ ამ პროფესიისადმი ის პათოლოგიური სიყვარული, რომელიც გაიძულებს, ყველაფერი ბოლომდე მიიყვანო, მაშინაც კი, როცა გრძნობ, რომ თვალსა და ხელს შუა ნადგურდები. როდესაც არტისტი ხარ, თანაც გარკვეული მასშტაბის, ხარისხის, იქ პროფესიონალიზმი სხვა რამეს მოითხოვს. ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე, სანამ ენერგია, რესურსი და გონება გყოფნის, სანამ სხეული არ გიღალატებს... სწორედ პროფესიონალიზმისა და ღვთის წყალობით ყველაფერი ბოლომდე მივიყვანე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირი უარყოფითია, მაინც საოცარი სიყვარული და დადებითი შეფასებები წამოვიდა ყველასგან - კინომცოდნეებისგან, თეატრალებისგან თუ რიგითი მაყურებლისგან. ამად ნამდვილად ღირდა. ფილმში ყველა პროფესიონალურად თამაშობს. არაჩვეულებრივი ჯგუფია: არიან ტიპაჟებიც, პროფესიონალებიცა და არაპროფესიონალებიც, მაგრამ თავის საქმეს ყველა დიდებულად აკეთებს. ამ მრავალპერსონაჟიან ფილმში მხოლოდ ერთი იყო ასეთი „გათახსირებული“ და უარყოფითი... მიუხედავად მისი ხასიათისა, ვიმეორებ, მაყურებლისგან მაინც დიდ სითბოს ვგრძნობდი და ვგრძნობ...

- ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ ცხოვრებაში სრულიად სხვა ადამიანად გიცნობენ. თუმცა, ზოგჯერ პერსონაჟთან გაიგივებაც ხდება ხოლმე...

- ალბათ. იციან, რომ ის ივანეა, მე კი - გიორგი დევაძე. ის „კომას“ საშა ჟღენტია ან ბოროტი ენვერ კობიაშვილი, ან შევარდნაძის ჯალათი „კაგებე“-ს თანამშრომელი, ან სანდრო გირგვლიანის მწამებელი, მაგრამ მე მაინც გიორგი ვარ! ამიტომაც მოდის სითბო, რაც სოციალურ ქსელებშიც ჩანს. თუმცა ალბათ ზოგჯერ პერსონაჟის მსახიობთან გაიგივებაც ხდება. ფილმი „კომა“ ციხის თემას ეხება, 2004-2012 წლების რეალურ ისტორიებზეა აგებული. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ერთმა ადამიანმა ტიტრებში მომძებნა, ფეისბუკზე მიპოვა და საშინელებები მომწერა: „ცხოვრებაშიც ისეთივე ნაძირალა ხარ, რასაც თამაშობო“. თავიდან ძალიან მეწყინა, გულზე მომხვდა, მაგრამ მერე დავფიქრდი და პროფესიული კუთხით შევხედე - ეს ხომ მსახიობის გამარჯვებაა! თუ მაყურებელმა ისე დაიჯერა შენი პერსონაჟის, რომ მასთან გაიგივებს, ე.ი. როლი უმაღლეს დონეზე შეგისრულებია.

"კომა"

- ვინ იყო ეს ადამიანი?

- სავარაუდოდ, ყოფილი პატიმარი. ეტყობა, იმ პერსონაჟში საკუთარი ტკივილი ან ის ჯალათი დაინახა, ვინც რეალურად სულს უხუთავდა. ჩემზე კი იყარა ჯავრი, მაგრამ აღარ გავბრაზებულვარ. პირიქით, მივხვდი, რომ როდესაც როლის თამაშისას შენი სახელი და გვარი „იშლება“, მაყურებლისთვის მხოლოდ საშა ჟღენტი, ენვერ კობიაშვილი, ან დანარჩენი ჩამოთვლილი უარყოფითი პერსონაჟი ხდები, - ეს დიდი წარმატებაა.

- საინტერესოა, რატომ შეიკრა ეს „ჯადოსნური წრე“ - რეჟისორები პირდაპირ თქვენ გხედავენ ასეთ როლებში?

- კი, რაღაც ასე მოხდა. აი, ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში „გააზიარე სიყვარული“ მხოლოდ ერთი უარყოფითი როლი იყო - ივანე ენიკოლაპაშვილი. რეჟისორს შეეძლო, სხვა ვინმე აეყვანა, მე დადებითი გმირი მეთამაშა, მაგრამ ეს როლი სპეციალურად ჩემთვის „შეინახა“... მაგრამ კინორეჟისორებს ჰგონიათ, რომ თუ პერსონაჟი მოღალატეა, მკვლელი, სადისტი თუ „ნასედკა“, ის აუცილებლად ჩემთან უნდა მოვიდეს (იცინის). ალბათ, ბედისწერაა და კინოსთვის მკვეთრად დრამატული, სპეციფიკურად გამორჩეული ჩემი კინოფაქტურა... ახლაც სამი ფილმია რიგში. ერთ-ერთია კინორეჟისორ გიორგი გერსამიას მხატვრული ფილმი „ექიმი“ (მასთან ეს ჩემი მეორე ნამუშევარი იქნება), რომელიც 90-იანების ისტორიას, ცნობილი ექიმის ნოდარ ბოხუას მკვლელობას ეხება. ბატონ ნოდარს ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი თამაშობს, მე კი... ალბათ აღარც უნდა იკითხოთ - იმ ბანდის მეთაური ვარ, ვინც ეს საზარელი მკვლელობა ჩაიდინა...

სერიალი ''ქერჩი''

- ვინ იყო თქვენი პედაგოგი? აშკარაა, რომ მსახიობის ოსტატობა თავის საქმის პროფესიონალმა ძალიან კარგად გასწავლათ...

- თეატრალურ ინსტიტუტში პროფესორმა ანზორ ქუთათელაძემ მიმიღო. მოგვიანებით ის ჯგუფიდან წავიდა და პროფესორი ასიკო (ავქსენტი) გამსახურდიას ჯგუფში გადავედი. ორივე პედაგოგი უდიდესი სიყვარულით მინდა მოვიგონო - ერთმა მიმიღო, მეორემ კი დამამთავრებინა. ასევე აუცილებლად უნდა გამოვყო ჩემი მეტყველების საოცარი პედაგოგები: ეკა ქუთათელაძე, იურა ფოფხაძე, თათია ხაინდრავა და მხატვრულ კითხვაში - მურმან ჯინორია. ქართული თეატრის ისტორიას მასწავლიდა თეატრმცოდნე, პროფესორი და ჩემთვის ძვირფასი ქალბატონი ნათელა ურუშაძე.ამ ადამიანებმა პროფესიული აგური დადეს ჩემს განვითარებაში, თუმცა ყველაფრის შემოქმედი მაინც ღმერთია. თუ სამსახიობო ნიჭი არ გაქვს, მას ვერცერთი პედაგოგი ვერ ჩაგიდებს. ბევრი სტუდენტი მინახავს, ვინც მეოთხე კურსის ბოლოს, სადიპლომო სპექტაკლით კარიერას ამთავრებს და რადარებიდან ქრება. ასე რომ, რაც უნდა ბრწყინვალე რეჟისორის კურსი დაამთავრო, თუ შინაგანი რესურსი და უფლისგან ბოძებული ნიჭი არ გაქვს, მხოლოდ განათლება ვერ გიშველის... ბედისწერაც მნიშვნელოვანია, ის წყვეტს, სად გაგისვრის და რას გიზამს. ამიტომ, ვისი ჯგუფიც უნდა დაამთავრო, შენი პროფესიული განვითარება მაინც ბედისწერასა და ღვთის წყალობაზეა დამოკიდებული.

- როლები უარყოფითია, თუმცა მიუხედავად ამ საერთო ნიშნისა, თითოეული თქვენ მიერ შესრულებული როლი მაინც სხვადასხვანაირია. ამას პერსონაჟის ხასიათი იწვევს თუ რაიმე სხვა?

- ამას თავად პერსონაჟი განაპირობებს. სულ რომ სამი მეფის თამაში მოგიწიოს ერთდროულად ერთი და იმავე სახელითა და გვარით - ისინი მაინც სხვადასხვა ადამიანები იქნებიან. ამიტომ სამივე განსხვავებულად უნდა ითამაშო. მერე რა, რომ პერსონაჟი უარყოფითია? შენ თუ ერთ სტილში განასახიერე ციხის ზედამხედველიც, ომისდროინდელი მოღალატეც და პანთეონის დირექტორიც, თუ ყველგან გიორგი დევაძე იყავი, მაშინ უნდა დატოვო პროფესია, „ქუდი დაიხურო“ და სხვაგან წახვიდე. ასე არ შეიძლება. ასი ერთი და იმავე ამპლუის პერსონაჟიც რომ მოგცენ, კარგმა არტისტმა და პროფესიონალმა, კეთილი უნდა ინებოს და ასივე რადიკალურად განსხვავებული შექმნას. ესაა ჩემი დევიზი. პერსონაჟები ერთმანეთს არ უნდა ჰგავდნენ. მაყურებელმა ვერც ვიზუალურად და ვერც ხმით ვერ უნდა ამოიცნოს, რომ მათ გიორგი დევაძე თამაშობს.

ესაა ჩემი კრედო და ესაა ნამდვილი გარდასახვა. თუ ყველგან - შექსპირში, ბრეხტში, კლდიაშვილში და ვაჟა-ფშაველაშიც - ერთი და იგივე ხარ, ეგ არტისტობა არ არის.ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ინსტიტუტიდანვე მქონდა მიდრეკილება რაღაც სპეციფიკურისა და განსხვავებულისკენ. მახსოვს ჩვენი მეოთხე კურსის სადიპლომო სპექტაკლი - რობერ ტომას „მახე“, - მაწანწალა მხატვარს ვთამაშობდი. ოცი წლის ბიჭისთვის ფანტასტიკური პერსონაჟი იყო სამსახიობო ოსტატობის გამოსავლენად. სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი გზა არაორდინარული, „არამიწიერი“ როლებისკენ. გარეგნობაც ხელს მიწყობს - სპეციფიკური ვიზუალი მაქვს... თეატრშიც საოცარი როლები მქონდა: 22 წლისამ „თეატრალურ სარდაფში“ ვინსენტ ვან გოგი ვითამაშე, მერე იყო ძაღლი დიოგენე... მერე რუსი ებრაელი ალექსი, ათონელის თეატრში, სემ შეპარდის პიესაში „დამარხული ბავშვი“ სულით ავადმყოფ ტიპს, ტილდენის ვთამაშობდი და ამავე თეატრში გოგი თოდაძის სპექტაკლში „უჩვეულო რეპეტიცია“ მოსულელო ფიზიკოსი სასიძო ვიყავი. ასე რომ, მარტო უარყოფით როლებს არა, მათ „არაჩვეულებრივ როლებს“ დავარქმევდი.

ვინსენტ ვან გოგის როლში -''თეატრალური სარდაფი''

- კარგი. თეატრზე რას მეტყვით?

- ამჟამად თეატრში არ ვარ. არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე თეატრის შტატის მსახიობი, ყოველთვის თავისუფალი, მიწვეული არტისტი ვიყავი. ბოლოს გოგი ქავთარაძესთან ვიმუშავე სპექტაკლში „მკაცრი ქალიშვილები“, სადაც კვლავ სპეციფიკური როლი მქონდა - ძველი კომუნისტი, ნომენკლატურული მუშაკი, მოხუცი, ცილინდრითა და იღლიაში ამოჩრილი წითელი საქაღალდით. იმის მერე სცენაზე აღარ დავბრუნებულვარ, ძირითადად კინოსა და სერიალებში გადავინაცვლე. ღვთის წყალობით, ქართულმა კინოინდუსტრიამ მასშტაბურად გამიღო კარი და მეც მთლიანად იქ გადავბარგდი.

- როგორც მახსოვს, სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ იყავით...

- კი, იქაც სპეციფიკური როლი მქონდა. მე-7 სეზონში გამოვჩნდი - დეპრესიული მუსიკოსი გოჩა, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობს თავის ტკივილსა და დრამაზე. „დეტექტივებშიც“ ვთამაშობდი (რეჟისორი ლაშა ცერიაშვილი). იქ ჩემი პერსონაჟი მაკლერი ნოდარი იყო - აფერისტი, რომელიც ქურდებთან იყო შეკრული და ბინებს „ატეხინებდა“. მანამდე იყო „ჟამი ყვავილობისა“, სადაც რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი - ინტრიგანი სტილისტი საშა გახლდით, რომელიც ორ ოჯახს შორის ჭორებს დაატარებდა. უფრო ადრე სერიალში „ჩვენი ოფისი“ დაცენტრილი, გიჟპოეტა ნოდარა ვიყავი, ხოლო სერიალში „ქაღალდის ტყვია“ აფერისტი ჟურნალისტი, როემელიც შეკვეთილ სტატიებს წერდა...

- საქართველოს ფარგლებ გარეთ ფესტივალებზე თუ მიგიღიათ რაიმე ჯილდო?

- დიახ, ეს იყო მისტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი „სხვა გზა“, სადაც მთავარ როლს, ალექსის ვთამაშობ, რითაც თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მერგო. ამ როლით მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც მსახიობთა ბრწყივალე სამეულში მოვხვდი.

- და რა არის თქვენი სასურველი როლი?

- ეგ ღმერთმა უკეთ იცის. რაც ჩემს ცხოვრებაში ზემოდან, უფლისგან მოდის, ყველაფერს მადლიერებით და სიყვარულით ვიღებ. ყველა რეჟისორი, ვისაც ჩემთან მუშაობა უხარია, ჩემთვის სასურველია.ბედნიერი ვარ, რომ მაესტრო ოთარ იოსელიანის ზედიზედ ორ ფილმში („შანტრაპა“, „ზამთრის სიმღერა“) ვითამაშე და იქაც უარყოფითი როლები მერგო. ცოტა ხნის წინ მაესტრო მერაბ კოკოჩაშვილთან ფილმში „ტერცო მონდო“ ვიმუშავე, იქ ტრანსილვანიელ პოეტს ვასახიერებ. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩემს კარიერაში თითო აგური დადო. უმადურობა საშინელი ცოდვაა. მადლიერება კი არის უნარი, დაინახო ის სიკეთე, რაც შენთან მოდის.პირველ რიგში, უფალს ვუხდი მადლობას ასეთი ადამიანების გამოგზავნისთვის - დაწყებული ჩემი პედაგოგებიდან, დამთავრებული ყველა იმ კინო თუ დრამის რეჟისორით, ვისთანაც კი მიმუშავია.

მაქსიმალისტი ვარ და საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. როგორც კი „თვითტკბობაში“ ჩავარდები და იტყვი, რომ გენიალური ხარ, მაშინვე დამთავრდები, როგორც არტისტი. სულ ვფიქრობ: „ნეტავ, იქით გამეხედა“, „ნეტავ, ეს სხვანაირად მექნა“... სწორედ ეს დაუნდობელი თვითკრიტიკაა იმის მიზეზი, რომ დღეს ამ პროფესიაში ჩემი გამორჩეული ადგილი მაქვს და მაყურებელი თუ კოლეგები მაფასებენ.თუკი სასურველ როლზე მიდგება საქმე, სპეციფიკური, საზიზღარი, გარყვნილი კაცის, რომის იმპერატორ კალიგულას დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. რაც შეეხება საოცნებო, ფავორიტ რეჟისორს, ეს ესპანური კინოს მეფე, პედრო ალმოდოვარია...