ავტორი:

"ჯუნგლებში რამდენიმე კაცის ხმა გავიგე, ეს ანგელოზების ხმას ჰგავდა..." - რას იხსენებს 1971 წლის ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი

"ჯუნგლებში რამდენიმე კაცის ხმა გავიგე, ეს ანგელოზების ხმას ჰგავდა..." - რას იხსენებს 1971 წლის ავიაკატასტროფას სასწაულებრივად გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი

"უეცრად, ხმაური შეწყდა. თვითმფრინავის გარეთ აღმოვჩნდი, სიმაღლიდან ვეშვებოდი, სავარძელზე ვიყავი მიბმული და თავდაყირა ვეკიდე. ქარის შრიალი ერთადერთი ხმა იყო, რაც მესმოდა", - ასე აღწერს ჯულიანა კეპკე წამს, როდესაც 3,2 კილომეტრის სიმაღლეზე მყოფი თვითმფრინავი, პერუს ტროპიკულ ტყის თავზე ნაწილებად დაიშალა.

  • ჯულიანა კეპკე გერმანელ-პერუელი მეცნიერია, რომელიც 1971 წლის 24 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის ერთადერთი გადარჩენილია.

ის 1954 წლის 10 ოქტომბერს, ლიმაში, გერმანელი ზოოლოგების, მარია და ჰანს-ვილჰემ კეპკეს ოჯახში დაიბადა. 14 წლის იყო, როდესაც მშობლებმა დედაქალაქის დატოვება და ამაზონის ჯუნგლებში კვლევითი სადგურის დაარსება გადაწყვიტეს, სადაც ჯერ კიდევ მოზარდმა კეპკემ, ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის საჭირო უნარები შეისწავლა.

23 დეკემბერს, ჯულიანა ლიმაში, სკოლის გამოსაშვებ ცერემონიას დაესწრო. უკან, სახლში დაბრუნება შობის წინა ღამეს, 24 დეკემბერს დაიგეგმა. დღესასწაულის გამო, თითქმის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მხოლოდ ერთ რეისზე დარჩენილიყო თავისუფალი ადგილები. ჯულიანას მამამ ცოლს ურჩია, LANSA-ს ლაინერისგან თავი შორს დაეჭირათ, რადგან კომპანიას ცუდი რეპუტაცია ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დედა-შვილმა ბილეთი იყიდა და თვითმფრინავში კუთვნილი ადგილი დაიკავა.

მალევე, ავიალაინერი ჭექა-ქუხილში მოყვა და ნაწილებად დაშლა დაიწყო.

"როცა თვითმფრინავის გარშემო ელვა დავინახეთ, შემეშინდა. მე და დედამ ერთმანეთს ხელი ჩავკიდეთ, თუმცა ლაპარაკი ვერ შევძელით. მგზავრები ყვიროდნენ, ტიროდნენ.... დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ, მარცხენა გარე ძრავის მხარეს კაშკაშა სინათლე დავინახე. დედაჩემმა მშვიდად თქვა: "ეს დასასრულია ყველაფერი დასრულდა", რაც მისი უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა. თვითმფრინავი დაბლა დაეშვა. ირგვლივ სრული სიბნელე იყო, ხალხი ყვიროდა, შემდეგ კი ძრავების გუგუნმა სმენა დამიხშო”, - იხსენებდა ჯულიანა.

  • ის ჯუნგლების თავზე, სავარძელზე მიბმული, 3000 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა.

“ვხედავდი, როგორ ტრიალებდა ჩემს ირგვლივ ჯუნგლები. შემდეგ გონება დავკარგე და შეჯახების შესახებ აღარაფერი მახსოვს. როცა მეორე დღეს გონზე მოვედი და ზემოთ, ჯუნგლების თავზე ავიხედე, პირველი აზრი, რაც თავში მომივიდა ის იყო, რომ ავიაკატასტროფას გადავურჩი. დედას დავუძახე, მაგრამ ირგვლივ მხოლოდ ჯუნგლების ხმები მესმოდა. სრულად მარტო ვიყავი” - იხსენებდა მოგვიანებით.

გოგონა უამრავი ტრავმის მიუხედავად, გადარჩა. მოტეხილი ჰქონდა ლავიწის ძვალი, სხეულზე კი ღრმა ჭრილობები ჰქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, მან სიარული შეძლო. ამაში კი მშობლებისგან ნასწავლი გადარჩენის წესები და ამაზონის ჯუნგლებში მიღებული გამოცდილება დაეხმარა.

“მესმოდა თვითმფრინავების ხმა, რომლებიც სავარაუდოდ, ნამსხვრევებს ეძებდნენ, მაგრამ ტყე ძალიან ხშირი იყო და ვერაფერს ვხედავდი. მეცვა ძალიან მოკლე, უსახელო კაბა და თეთრი სანდლები. ცალი ფეხსაცმელი დავკარგე... რადგან ახლომხედველი ვარ და სათვალეც დამეკარგა, მეორე ფეხსაცმელს მიწის შესამოწმებლად ვიყენებდი და ასე გადავადგილდებოდი. ჯუნგლებში გველები კარგად არიან შენიღბულები, გამხმარი ფოთლების მსგავსად გამოიყურებიან. გამიმართლა, რომ მათ არ შევხვდი ან იქნებ, უბრალოდ ვერც შევამჩნიე…”

  • ჯულიანამ საკვების მოპოვება შეძლო და წყლის დინებას მიჰყვა, როგორც ეს თავის დროზე, მამამ ასწავლა.

“დავინახე სკამი, რომელშიც სამი მგზავრი თავით მიწაში იყო ჩაჭედილი. პანიკისგან გავიყინე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მკვდარი ადამიანი ვნახე. მეგონა, რომ დედაჩემი შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი ყოფილიყო, მაგრამ როცა სხეულს ჯოხით შევეხე, დავინახე, რომ ქალს ფრჩხილები შეღებილი ჰქონდა, დედა კი მანიკიურს არ ისვამდა. მომეშვა, მაგრამ შემდეგ სირცხვილის გრძნობა დამეუფლა…ჭრილობები ძალიან მტკიოდა, რადგან მატლები კიდევ უფრო ღრმად შესვლას ცდილობდნენ. ჭრილობიდან დაახლოებით, 30 მატლი ამოვიღე და საკუთარი თავით, ძალიან ვამაყობდი. გამთენიისას, რამდენიმე კაცის ხმა გავიგე, ეს ანგელოზების ხმას ჰგავდა..."

კეპკე გამოჯანმრთელების შემდეგ, სამაშველო ჯგუფს შეუერთდა. დედის ცხედარი 1972 წლის 12 იანვარს იპოვეს. მოგვიანებით, ის დასავლეთ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო. 2000 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის მიერ დაარსებული კვლევითი სადგურის ხელმძღვანელობა გადაიბარა.

ჯულიანა კეპკეს შესახებ დაიწერა უამრავი წიგნი, გადაიღეს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. ერთ-ერთი ასეთია “Wings of Hope” სადაც ჯულიანა ავიაკატასტროფის ადგილზე ბრუნდება და გადარჩენის ისტორიას დეტალურად იხსენებს. მისი ამბავი ბევრისთვის იმის მტკიცებულებაა, რომ სასწაულები ჯერ კიდევ ხდება...

მოამზადა მარიამ გამზარდიამ