შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქის სამი სკოლიდან 50-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს. გატაცებულთა უმეტესობა 2-5 წლამდეა.
ბორნოს შტატის ქალაქ მუსაში თავდასხმების თვითმხილველები ჰყვებიან, რომ გამტაცებლებმა მოტოციკლებით გაქცევის დროს ბავშვები ცოცხალ ფარებად გამოიყენეს, რათა უსაფრთხოების ძალებს მათთვის ცეცხლი არ გაეხსნათ.
გატაცებები ქალაქის სამთავრობო საშუალო სკოლაში, მუსას ცენტრალურ დაწყებით სკოლაში და სახელმწიფო უნივერსალური საბაზისო განათლების საბჭოს საშუალო სკოლაში მოხდა. ზოგიერთი ცნობით, თავდასხმებს "ბოკო ჰარამის" დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდა (ბოკო ჰარამი - ისლამისტური დაჯგუფება, რომელიც რეგიონის კონტროლისთვის იბრძვის).

თვითმხილველთა მიხედვით, შეიარაღებული პირები სკოლაში მყოფი ბავშვების მშობლების მიმართულებით ისროდნენ: “ბევრი მშობელი უმწეოდ უყურებდა ახლომდებარე გორაკიდან, თუ როგორ სვამდნენ მათ შვილებს მოტოციკლებზე და მიჰყავდათ“.
ძირითადად ფერმერული თემი, რომელიც ისედაც ეკონომიკურად გაჭირვებულია, ახლა განგაშით მიმართავს მთავრობას, რომ ბავშვების სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმარონ.
წყარო: bbc.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა