მსოფლიო მასშტაბით ხელოვნური ინტელექტი უსწრაფესად ვითარდება, წამყვანი ლაბორატორიები კი ცდილობენ შექმნან "მოაზროვნე" რობოტები, რომელთაც შეეძლებათ სამყაროსთან ურთიერთქმედება და ობიექტების გამოყენება. საქმე ეხება რობოტების სხვადასხვა ფორმას, რომლებიც ერთმანეთთან ურთიერთობენ, უსაფრთხოდ მუშაობენ ადამიანების გვერდით და დავალებების შესრულებას სწავლობენ.
ხშირად ხელოვნური ინტელექტი მედიცინაშიც ინაცვლებს. Neuralink-ის შემთხვევაში, ადამიანის ტვინში ელექტროდების მოთავსების დელიკატური პროცედურის შესასრულებლად, ილონ მასკის ტექ კომპანიაში ხელოვნური ინტელექტით მომუშავე რობოტები ქირურგებთან ერთად მუშაობენ.

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია, როგორიცაა ChatGPT და Claude, ჩვენს კომპიუტერებს უკავშირდება და ტექსტურ და ვიზუალურ დახმარებას გვიწევს, ფიზიკური ხელოვნური ინტელექტი კი, როგორც სახელიდანაც ჩანს, ეკრანს სცდება. ის დახმარებას გვიწევს ქირურგიულ ოპერაციებში, საკვების მიწოდებაში და ე.წ. თვითმართვადი ქარხნების შექმნაში.

კიდევ ერთი მილიარდერი, რომელმაც დიდი ინვესტიცია ჩადო AI ტექნოლოგიაში, არის Amazon-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი. მან 2021 წლიდან აქტიური როლი ითამაშა "პროექტ პრომეთეში" (საიდუმლო რობოტიკის ლაბორატორია), რომლის შექმნაშიც Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ვიკ ბაჯბაჯიც მონაწილეობდა.
"ჯეფი ფუტურისტია, რომელსაც აინტერესებს, რა იქნება მნიშვნელოვანი კაცობრიობისთვის 1000 წლის შემდეგ. როგორც თვითონ ამბობს, ისეთ რაღაცებში დებს ინვესტიციას, რითაც მისი შვილიშვილები ისარგებლებენ",- თქვა Amazon-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ითან ევანსმა. თუმცა, პროექტ “პრომეთეს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები დიდწილად კვლავ საიდუმლოებითაა მოცული.

რობოტების შესაძლებლობების დემონსტრირების შემდეგ, Physical Intelligence-მა ცოტა ხნის წინ X-ზე დაპოსტა: "ჩვენს მოდელს უკვე შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან სწავლა. მას შეუძლია ესპრესოს მომზადება, სარეცხის დაკეცვა და ყუთების აწყობა."

Physical Intelligence-მა, რომელიც OpenAI-ის მიერ არის დაფინანსებული, საინტერესო დეტალები გაავრცელა იმის შესახებ, თუ რა შეუძლია რობოტის ტვინს.
ტვინს შეუძლია გააერთიანოს სხვადასხვა სფეროში შეძენილი უნარები ახალი პრობლემების გადასაჭრელად. მაგალითად, ჩაის მოხარშვის, ბოსტნეულის დაჭრისა და სუპის კონცეფციის შესწავლის შემდეგ, ადამიანის ტვინს შეუძლია მიიღოს ეს ინფორმაცია და გააერთიანოს ისინი ბოსტნეულის წვნიანის მოსამზადებლად.
კომპანიის თქმით, რობოტისთვის განკუთვნილი მათი შექმნილი "ახალი ტვინი" დამოუკიდებლად ფიქრობს და არ ეყრდნობა ინტერნეტიდან ამონაწერებს პასუხების მოსაძებნად ისე, როგორც ამას ამჟამად აკეთებენ სხვა ხელოვნური ინტელექტები. კომპანიის თქმით, რობოტი ფიქრობს ნიმუშის პოვნისა და გამეორების ნაცვლად.

თუმცა კითხვაზე, თუ როდის შეგვეძლება რობოტები სახლის საქმით დავტვირთოთ, კომპანიის სპიკერი ამბობს: "შესაძლოა ამას სამი წელი, ხუთი წელი დასჭირდეს, მეეჭვება რომ ამისთვის 10 წელი დაგვჭირდეს."
თუმცა არსებობენ სკეპტიკოსებიც: "(ხელოვნური ინტელექტით მომუშავე რობოტები) შეიძლება ჩვენზე ჭკვიანები გახდნენ და ადამიანები მათ მონებად გვაქციონ, ეს საშინელებაა", - განუცხადა ტექნოლოგიურმა ინვესტორმა პატრი ფრიდმანმა New York Post-ს.

წყარო: nypost.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა