ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის, ოლენა ზელენსკასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მისი დაპატიმრება იგეგმება.
“ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ეხმაურებიან რუსულ და პრორუსულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციის კიდევ ერთ ტალღას, რომ თითქოს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის წინააღმდეგ “გამოძიება“ მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ამ დეზინფორმაციაში აღნიშნულ არცერთ პროცედურულ ქმედებას არ ახორციელებენ“, - აღნიშნულია ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
უწყების განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია აგრესორი სახელმწიფოს მიერ სისტემატური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ინსტიტუტების დისკრედიტაციას, ანტიკორუფციული სააგენტოების მიმართ ნდობის შელახვას, სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და უკრაინის ერთიანობის შესუსტებას.