ინტერვიუ იაპონელთან, რომელსაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ველოსიპედი ქობულეთში მოჰპარეს - "6 წელიწადი ვიშრომე ამ ველოსიპედის შესაქმნელად"

ინტერვიუ იაპონელთან, რომელსაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას ველოსიპედი ქობულეთში მოჰპარეს - "6 წელიწადი ვიშრომე ამ ველოსიპედის შესაქმნელად"

ყველგან, მთელ დედამიწაზე, არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უარი თქვან მშვიდ ცხოვრებაზე, გაიხურონ სახლის კარი და მარტოდმარტომ გასწიონ დედამიწაზე სამოგზაუროდ. ამბობენ, რომ არ არსებობს საკუთარი შესაძლებლობების დანახვისა და შიშებზე გამარჯვების უფრო ზუსტი საზომი და არც საფრთხისა და ბედნიერების მეტი მარაგი არსებობს, ვიდრე ეს გზაა. იმავდროულად, ვერც უფრო მეტ მეგობარს იჩენს ვინმე, ვიდრე მოგზაურები. ჩვენი პატარა ზღვისპირა ქალაქი ქობულეთიც სულ რამდენიმე საათში დაუმეგობრდა 32 წლის იაპონელ მოგზაურს ნაოია ტაბიბიტოს, როდესაც კარავში ჩაძინებულს ველოსიპედი ვიღაც არამზადამ მოჰპარა. სასოწარკვეთილმა ნაოიამ დასახმარებლად ხალხს მიმართა. ჩვენც, ალბათ, წამებში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს ემოცია: კაცმა 6 წელიწადი იშრომა ისეთი ველოსიპედის შესაძენად და შესაქმნელად, რომელიც დედამიწას მარტოს შემოატარებდა და სწორედ ასეთი შექმნა, მერე ამ ველოსიპედით 3 წელიწადში დედამიწის 45 ქვეყანა შემოიარა და 46-ე ქვეყანაში, საქართველოში, ქობულეთში მოჰპარეს. აქვე შეგვიძლია ისიც წარმოვიდგინოთ, როგორ განიცადეს ამ ქალაქში ნაოიას ტკივილი და კიდევ ისიც, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოგზაურის დაცვა ვერ შეძლო, ყველა ხომ ქურდი და არამზადა არ არის! ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც სოციალური ქსელით ამ ხალხის აღშფოთებულ ჩანაწერებს წაიკითხავთ: "რა ხალხი ხართ ასეთი! კაცმა 45 ქვეყანა შემოიარა, 2023 წლიდან მოგზაურობს და მაინცდამაინც საქართველოში გაქურდეს. ამის გამკეთებელი უნდა დაიჭირო, ჯერ ველოსიპედი დააბრუნებინო და მერე პასუხი აგებინო"; "შემიძლია თანხით დაგეხმარო, რომ ახალი ველოსიპედი შეიძინო. ალბათ, სხვებიც შემომიერთდებიან და ამით ცოტათი გამოვასწორებთ ჩვენს შერცხვენას. ისე, რომ იცოდე, საქართველოში სტუმარი უყვართ და ყოველთვის ასე არ ხდება"; "გადააზიარეთ ეს ამბავი. ნახოს მომპარავმაც და მისმა მცნობელმაც და აუტოკდეს სინდისის ნერვი. სირცხვილია, 45 ქვეყანას რომ გაივლი და ქობულეთში გაგქურდავენ, თანაც, რაც შენი გეგმისთვის ყველაზე ძვირფასია, იმას რომ მოგპარავენ".

ნაოია ტაბიბიტო კი ქობულეთში ზღვას გულდამძიმებული გასცქერის და გაუჩინარებული ველოსიპედის დაბრუნებას მაინც იმედით ელოდება. თავად ამბობს, რომ ამის ძალას ისევ აქაურების თანაგრძნობა აძლევს. დანარჩენს ნაოიასთნ ამ საუბრით შეიტყობთ.

- როდესაც თქვენი ველოსიპედის დაკარგვაზე შევიტყვე, მეც აღვშფოთდი. წარმოვიდგინე, რამხელა სასოწარკვეთა დაგეუფლათ, როდესაც დილაადრიან კარვიდან გამოხვედით და ველოსიპედი აღარ დაგხვდათ.

- წამიერად ყველაფერი გაუფერულდა, ვეღარაფერს ვხედავდი. ეს, ალბათ, შოკის გამო მოხდა, თვალებში მხოლოდ ჩემი ველოსიპედი მქონდა და სასოწარკვეთილი აქეთ-იქით დავეძებდი. იმ ღამეს რატომღაც ველოსიპედი ხეზე არ მიმიბამს. ალბათ, აქაურობის, ამ ქვეყნის ნახვაზე უნებურად სიმშვიდემ შემიპყრო და იმიტომ. ველოსიპედის ბორბლები მხოლოდ ჯაჭვით შევკარი, კარავი გავშალე და მშვიდად დავიძინე, დილით კი თავზარი მელოდა. სრული 6 წელიწადი ვიშრომე ამ ველოსიპედის შესაქმნელად. ხელოვანი ვარ, უმაღლესში ხატვა ვისწავლე, სკოლაში ბავშვებს ხელოვნებას ვასწავლი და მათაც კი ვუყვებოდი ჩემს ოცნებაზე, რომ დედამიწა შემომევლო ველოსიპედით. ბავშვებიც კი მაძლევდნენ რჩევებს, ველოსიპედი როგორი ყოფილიყო და თავადაც 6 წელიწადი დავდიოდი ველომაღაზიებში, რათა ყველა დეტალი გამეთვალისწინებინა მის შესაქმნელად. ბოლოს შევქმენი, 3 წელიწადში 45 ქვეყანა მოვიარე და როდესაც საქართველოში, 46-ე ქვეყანაში შემოვედი, სწორედ მაშინ მომპარეს.

- რატომ გადაწყვიტეთ ველოსიპედით მოგზაურობა და თანაც მარტო, ეს ხომ სახიფათოა?

- მართლაც სახიფათოა, არ ვმალავ, ზოგიერთ ქვეყანაში ვნახე, როგორ შევარდა შეიარაღებული ხალხით სავსე ავტომანქანა პოლიციაში, ზოგან კი ქვებით მომდევდნენ. ამიტომ წუხდა ჩემი ოჯახი და დღესაც წინააღმდეგნი არიან, რომ დარჩენილი გზა გავიარო. დედამ იტირა, მაგრამ მისმა ცრემლებმაც ვერ შემაჩერა. ამიტომ ხანდახან სინდისი მქენჯნის, ვფიქრობ, ალბათ, ცუდი შვილი ვარ-მეთქი; თუმცა იმ პირობით ვამხნევებ, რომ აუცილებლად მშვიდობით დავბრუნდები. სამაგიეროდ, ხიფათთან ერთად ამ გზაში ბევრი რამ კარგიც ვნახე და დავრწმუნდი, რომ ოცნების ასრულებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. რაც შეეხება ველოსიპედს, მოვყვები, რატომ დავუმეგობრდი. გააგრძელეთ კითხვა