ავტორი:

“სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, რომელიც “მადებს ხელს“... მე თვითონ მრცხვენია ისეთი რაღაცით ვარ დაჭერილი, ერთი ძაღლით და რაღაც კადრით“ - ალეკო ელისაშვილი

“სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, რომელიც “მადებს ხელს“... მე თვითონ მრცხვენია ისეთი რაღაცით ვარ დაჭერილი, ერთი ძაღლით და რაღაც კადრით“ - ალეკო ელისაშვილი

“მტკიცებულებები ნულია, სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, შეიძლება, არც იპოვეს. ის ძაღლი მადებს ხელს, გინდა თუ არა, რომ მე ვიყავი. ორი მტკიცებულებაა საქმეში, ერთი - ძაღლი ამბობს, რომ მე ვიყავი, მეორე მტკიცებულება ვიდეოკადრები, რომელზეც სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, ვინაობის დადგენა შეუძლებელიაო,“ - ამის შესახებ ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდზე ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, “ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

  • აღნიშნულით ის მის მიმართ წარდგენილ კიდევ ერთ ბრალდებას გამოეხმაურა.

"აქ არიან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, ისინი მიცნობენ ბავშვობიდან. მე რომ ვყოფილიყავი 2025 წლის 4 მაისს და გამეკეთებინა ის, რასაც ამბობენ, ვიტყოდი მე ვარო, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მუხლი მაქვს ტერორიზმის და ერთი მუხლი მექნებოდა თუ ორი, სულერთია. მე რომ ის გამეკეთებინა, ნამდვილად ვიტყოდი, ამის პრობლემა არ მაქვს.

მე რომ ეს გამეკეთებინა, ვიტყოდი, მაგრამ არ გამიკეთებია და რადგან პაპუაშვილს და კობახიძეს გაუხარდება, ვერ დავიბრალებ და რომელიღაც გამომძიებელი, 10 თვე რომ საქმეს ვერ ხსნიდა.

მტკიცებულებებზე მინდა ვთქვა, 15 წლიანი მუხლი მაქვს და მისაზღვრავთ, რა ვთქვა და რა არა?

რადგან ტერორიზმის მუხლით დამიჭირეს, გაიხედეს-გამოიხედეს, გაუხსნელი საქმე ედოთ, 10 თვე ქონების დაზიანებით მიმდინარეობდა გამოძიება, რადგან ელისაშვილი დაჭერილი ვიყავი ტერორიზმის მუხლით, გამომძიებლების გამაოგნებელი არაპროფესიონალიზმისა და პოლიტიკური დაკვეთის გამო, ქონების დაზიანების გაუხსნელი მუხლი გადააკვალიფიცირეს ტერორიზმის მუხლით და მე წარმიდგინეს. მტკიცებულებები ნულია, სადღაც, ქუჩაში იპოვეს ძაღლი, შეიძლება, არც იპოვეს ის ძაღლი, ის ძაღლი მადებს ხელს, გინდა თუ არა, მე ვიყავი. ორი მტკიცებულებაა, ერთი ძაღლი ამბობს, რომ მე ვიყავი, მეორე მტკიცებულება ვიდეოკადრებია. მე რომ ვარ თურმე იმით უნდა მიხვდე, რომ სამხარაულის ექსპერტიზა ამბობს, ვინაობის დადგენა შეუძლებელიაო, მაგრამ კადრები ათას ჯადო ტელევიზიაში ატრიალეს, ელისაშვილი ტერორისტიაო, რადგან წითელი შრიფტით მიაწერეს ელისაშვილიაო, რომელზეც სამხარაულმა თქვა, ვერ ხდება ამოცნობაო.

კადრებია, რომელსაც მიაწერეს, რომ მე ვარ, გამაოგნებელი ნოველაა. თეთრი ძაფითაც ნაკერი არ ჰქვია, ფურთხით მიწებებულია. 2025 წლის 4 მაისს ხომ მოხდა ეს ამბავი, სიტყვა სიტყვით ვამბობ, რაც გამოკითხვის ოქმში წერია, იმავე დღეს გამოძიება დაიწყო, პოლიციელები, გამომძიებლები კვანტალიანის ქუჩაზე მივიდნენ, მოქალაქე იაკობაშვილს დაელაპარაკნენ, მას ქუჩაზე სათვალთვალო კამერა ჰქონდა, უთხრეს, საეჭვო ადამიანი, შავებში ჩაცმული თუ ნახე კადრებში, დაგვიკავშირდიო, დაკითხვის ოქმში ეს მოქალაქე პოლიციას ურეკავს და ეუბნება, ეს ადამიანი კადრებში აღმოვაჩინეო. ამის შემდეგ იცით რა ხდება? პოლიციელებს, გამომძიებლებს ეუბნება, კადრებში ვნახე ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ ტერორისტიაო და 8 თვის განმავლობაში მას არც ერთი პოლიციელი არ დაკავშირებია, არ მისულა გამომძიებელი, გვაჩვენე რა კადრები გაქვსო. 2025 წლის 4 მაისიდან 2026 წლის 13 იანვრამდე, არც ერთი პოლიციელი არ მისულა და არ უთქვამს, გვაჩვენე რა კადრები გაქვსო...

აი, ეს არის თავიდან ბოლომდე ფინაჩობა, რა ბრალიც წარდგენილი მაქვს. მე თვითონ მრცხვენია ისეთი რაღაცით ვარ დაჭერილი, ერთი ძაღლით და რაღაც კადრით. თუ ტერორიზმი მოხდა და სასამართლო გადაიბუგა, რა გაძინებთ 8 თვე სახლში? შეკერვაც არ იცით საქმის, ეს რა უბედურებაა?“ - განაცხადა ელისაშვილმა.

  • მოსამართლე მეია მელქაძემ მას შენიშვნა გამოუცხადა და უთხრა, კორექტულად ესაუბრა. მას ელისაშვილმა უპასუხა, რომ შეურაცხმყოფელი არაფერი უთქვამს.

აღნიშნული ეპიზოდი ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება.

ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.