ავტორი:

"კატიუშა" რუსთაველის თეატრში - რას აცხადებს თეატრის დირექტორი რუსებისთვის სცენის დათმობაზე: "კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო"

"კატიუშა" რუსთაველის თეატრში - რას აცხადებს თეატრის დირექტორი რუსებისთვის სცენის დათმობაზე: "კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო"

სკანდალი რუსთაველის თეატრში - ცნობილი ხდება, რომ 14 მაისს, რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა კონცერტი გამართეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა... კადრებში ჩანს, რუსთველის თეატრის სცენაზე როგორ ასრულებენ რუსი მსახიობები სხვადასხვა სიმღერებს, მათ შორის "კატიუშას".

წარმოდგენის შესახებ კომენტარი სოციალურ ქსელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ გააკეთა და დაწერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან 35 წლის თავზე ამ პროგრამის რუსთაველის თეატრში ჩატარება "გამაოგნებელია".

"მგონი ბევრს გამოგვრჩა, მეც მხოლოდ ახლა ვნახე და ვერ ვიჯერებ, რომ ეს საქართველოში, რუსთაველის თეატრში მოხდა.

კრემლის ოფიციალური ნარატივით წარმოდგენილი მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებას ასე პირდაპირ უნდა იღებდეს და მოიხმარდეს ჩვენი საზოგადოება?!

მით უფრო მაშინ, როდესაც კონცეფცია "დიდი სამამულო ომი" მხოლოდ ისტორიული მეხსიერება აღარ არის და თანამედროვე რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიის ცენტრალურ ელემენტად იქცა. პუტინის რეჟიმი მეორე მსოფლიო ომის ტრიუმფს აქტიურად იყენებს როგორც მისი პოლიტიკური ლეგიტიმაციის, იმპერიული გავლენისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამართლების ინსტრუმენტს.

უფრო მეტიც, პუტინის რუსეთში მეორე მსოფლიო ომის დისკურსი უკვე აღარ ფუნქციონირებს როგორც ისტორიის რთული და ტრაგიკული გამოცდილება. ის გადაიქცა სახელმწიფო კულტად, სადაც გამარჯვება წარმოდგენილია როგორც რუსეთის განსაკუთრებული ცივილიზაციური მისიის მტკიცებულება, ხოლო კრიტიკული რეფლექსია თითქმის ღალატად ითვლება. "დიდი გამარჯვების" კულტი თანამედროვე რუსეთში არა მხოლოდ წარსულის გახსენებას, არამედ მუდმივი სამხედრო მობილიზაციისა და იმპერიული იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება.

რუსეთი "საერთო ისტორიის" იდეას ასევე იყენებს "Русский мир" სივრცეში საკუთარი გავლენების გასავრცელებლად. ფრაზები, როგორიცაა "ჩვენი საერთო ისტორიის გმირული ფურცლები", ნეიტრალური კულტურული ენა არ არის. ეს არის იმპერიული მეხსიერების პოლიტიკის ნაწილი, სადაც რუსეთი კვლავ ისტორიულ ცენტრად, ხოლო პოსტსაბჭოთა საზოგადოებები ერთიან "ცივილიზაციურ სივრცედ" არიან წარმოდგენილი.

თან რუსთაველის თეატრი ხომ უბრალოდ კულტურული სივრცე არ არის. ეს არის ქართული კულტურული მეხსიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება საბჭოთა ტერორისა და რეპრესიების გამოცდილება.

არ აქვთ სირცხვილის გრძნობა რუსთაველის თეატრის მსახიობებს და რატომ არ ისმის მათი ხმა?!" - წერს მიქელაძე.

წარმოდგენის შემდეგ რუსმა სტუდენტებმა "TV პირველთან" კომენტარი გააკეთეს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ისინი საქართველოში ძალიან თბილად მიიღეს… "თითქოს ეს სხვა ქვეყანა არ არის, ეს არ არის რაღაც სხვა ქალაქი. თითქოს, არსად არ წავსულვართ სინამდვილეში, თითქოს ჩვენც სულ აქ ვიყავით და თითქოს ვიქნებით, ამიტომ ეს ძალიან მშობლიურია ჩვენთვის".

რუსთაველის თეატრის დირექტორმა, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, რუსი სტუდენტების მიერ გამართულ სპექტაკლზე პირველ განმარტებას "TV პირველთან" გააკეთა.

გია თევზაძე ამბობს, რომ სცენის დათმობის სანაცვლოდ, თეატრის ადმინისტრაციამ ფული აიღო. "რუსთაველის თეატრის" დირექტორი აღნიშნავს, რომ 9 მაისის თემატიკა მას უხერხულობას არ უქმნის.

"ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, სტუდენტები იყვნენ ГИТИС-ის. ჩვენ არავინ დაგვიკარგავს ამ ომში? [მეორე მსოფლიო ომში]... ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რასაკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო", - თქვა გია თევზაძემ.

წარმოდგენის შემდეგ რუსმა სტუდენტებმა "TV პირველთანვე" კომენტარი გააკეთეს. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ისინი საქართველოში ძალიან თბილად მიიღეს: "თითქოს ეს სხვა ქვეყანა არ არის, ეს არ არის რაღაც სხვა ქალაქი. თითქოს, არსად არ წავსულვართ სინამდვილეში, თითქოს ჩვენც სულ აქ ვიყავით და თითქოს ვიქნებით, ამიტომ ეს ძალიან მშობლიურია ჩვენთვის".