საბერძნეთის ოფიციალურმა პირებმა საზოგადოებას იმ უზარმაზარი, უძველესი აკლდამის ინტერიერი წარუდგინეს , რომელიც, შესაძლოა, ალექსანდრე მაკედონელს უკავშირდებოდეს. ადგილზე არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოებს კვლავ გრძელდება.

გათხრები “კასტას აკლდამაზე“ მიმდინარეობს, რომელიც ჩრდილოეთ საბერძნეთში, თესალონიკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ანტიკური მაკედონური ქალაქის ნანგრევებში - ამფიპოლისში იქნა აღმოჩენილი.
ოფიციალური პირების განცხადებით, ამფიპოლისის "კასტას აკლდამაზე" ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად, პირველად გამოჩნდა ძეგლის სრული გალავანი, რამაც ამ ანტიკური მაკედონური მონუმენტის გრანდიოზული მასშტაბები გამოავლინა.

როგორც სააგენტო “Cover Media“ იუწყება, ძვ. წ. IV საუკუნეში აგებული გალავნის გარშემოწერილობა დაახლოებით 500 მეტრს შეადგენს. ის გარს საგვარეულო სამარხ ბორცვს აკრავს, რომლის ფართობიც 8 ჰექტარზე მეტს მოიცავს.


სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე მარმარილოთი მოპირკეთებული დერეფნები, დახვეწილი არქიტექტურა და ნატიფი სკულპტურული დეტალები მოჩანს, რაც მიანიშნებს, რომ ნაგებობა მაკედონური ელიტის წარმომადგენლისთვის იყო განკუთვნილი. მონუმენტის შიდა სივრცის სრულად გამოსაჩენად, სპეციალისტებმა ძველი ლითონის საყრდენები მოხსნეს. სამომავლო გეგმებში აკლდამის, ორფრთიანი მაკედონური მარმარილოს კარის დამონტაჟება და იმ სფინქსის ქანდაკებების ნაწილობრივი აღდგენა შედის, რომლებიც ოდესღაც შესასვლელს იცავდნენ.

კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ამფიპოლისი “მაკედონიის სამეფოს ისეთ უმნიშვნელოვანეს ფიგურებთან არის დაკავშირებული, როგორებიც ალექსანდრე მაკედონელის სამი გენერალი ნეარქოსი, ჰეფესტიონი და ლაომედონი იყვნენ - ისინი ამ ქალაქში ცხოვრობდნენ“.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თავად “კასტას აკლდამა“ “ალექსანდრე მაკედონელთან ძალიან დაახლოებული ადამიანისთვის - შესაძლოა მისი დედისთვის, ერთ-ერთი ცოლისთვის ან ახლო მეგობრისთვის აშენდა“