აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოს მეჩეთში სროლის შედეგად 3 მამაკაცი დაიღუპა, 2 მოზარდი კი, ახლომდებარე ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ცნობით, სწორედ ისინი არიან სისხლისღვრის მოწყობაში ეჭვმიტანილები.
პოლიციამ პირველად ზარი ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დედისგან მიიღო გაქცეული არასრულწლოვანის შესახებ. ეჭვმიტანილის დედა თვლიდა, რომ მისი შვილი თვითმკვლელობისკენ იყო მიდრეკილი და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მისი რამდენიმე იარაღი და ავტომობილი გაუჩინარდა.
ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ მისი შვილი თანმხლებ პირთან ერთად იმყოფებოდა და ორივეს კამუფლაჟი ეცვა. ამის შემდეგ სამართალდამცავებმა საფრთხის დონე გაზარდეს და მოზარდების მოსაძებნად ოფიცრები გაგზავნეს.
მოგვიანებით პოლიციამ მომხდარის შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა.
კლარკი მედისონის საშუალო სკოლაში (Madison High School) სწავლობდა და სკოლის სოციალური მედიის გვერდის მიხედვით, გამორჩეული მოჭიდავე იყო.
“ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. ჩვენც იმდენივე ვიცით, რამდენიც თქვენ. ეს შოკია,“ - განაცხადა პაპამ, 78 წლის დევიდ კლარკმა მედიასთან.
კლარკი და ველასკესი სან-დიეგოს ისლამური ცენტრიდან სულ რამდენიმე კვარტალში, თეთრი ფერის BMW-ს მარკის ავტომობილში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული თვითდაზიანებების შედეგად გარდაცვლილები იპოვეს.
ადგილზე, სადაც თავდამსხმელების ცხედრები აღმოაჩინეს, ნაპოვნია თოფი და ბენზინის კანისტრა, რომელზეც “SS“-ის სტიკერი იყო დაკრული. ეს სტიკერი, სავარაუდოდ, აღნიშნავს “შუცშტაფელს“ (Schutzstaffel) - გასამხედროებულ ორგანიზაციას, რომელსაც ჰაინრიხ ჰიმლერი ხელმძღვანელობდა ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის დროს გერმანიაში.
როგორც პოლიცია აცხადებს, ერთ-ერთმა მოზარდმა თავდასხმამდე, სახლში გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა, სადაც ანტიისლამურ მოტივებზე საუბრობდა. გარდა ამისა, მათ მეჩეთში ცეცხლის გახსნამდე მათ კედლებზე სიძულვილით სავსე წარწერები დაწერეს. ტექსტი იყო დატანილი თავდასხმის დროს გამოყენებულ ერთ-ერთ იარაღზეც.
ორივე მოზარდი შენიღბული იყო. რაც შეეხება იარაღს - სახლიდან მოპარულ იარაღს შორის იყო “9 მმ-იანი პისტოლეტი, თოფი და Mini-14 ტიპის ქვემეხი“.
გამომძიებლების თქმით, ისინი ასევე იკვლევენ მანქანაში აღმოჩენილ ანტიისლამურ გრაფიტებს.
ალ-რაშიდის სკოლა იმავე შენობაშია განთავსებული, სადაც მეჩეთი მდებარეობს. სკოლა ასწავლის ბავშვებს საბავშვო ბაღიდან მესამე კლასის ჩათვლით.
“მთელი სკოლა უსაფრთხოდ არის. ყველა ბავშვი, პერსონალი და მასწავლებელი ისლამური ცენტრის გარეთ უსაფრთხოდ არიან“, - განაცხადა იმამ ტაჰა ჰასანმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მეჩეთთან დაღუპულები არიან: დაცვის თანამშრომელი და რვა შვილის მამა ამინ აბდულა, სასურსათო მაღაზიის მფლობელი და კიდევ ერთი მამაკაცი.