"როდესაც გავიგე, რომ 5000-ზე მეტ მონაწილეს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი, თავიდან ეს ყველაფერი ვერც კი გავიაზრე. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ამირჩევდნენ, თუმცა, ამის ხმამაღლა თქმა მეშინოდა" - ამბობს თათული ვაჩაძე, რომელმაც მაროკოში გამართულ ჯირითში გაიმარჯვა და იქ ჩვენი ქვეყნის დროშა აწია. თავის შთამბეჭდავ გამარჯვებაზე და საინტერესო ცხოვრებაზე თათული თავად გვიამბობს...
- თათული, სად დაიბადეთ და აღიზარდეთ, ოჯახი, გარემო, მიზნები, მისწრაფებები...
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში, თუმცა ჩემი ფესვები, ულამაზეს რაჭას უკავშირდება, ეს გახლავთ ამბროლაურის რაიონი, სოფელი ქედისუბანი. რაჭველობა, ყოველთვის იყო ჩემი იდენტობის განსაკუთრებული ნაწილი, ხოლო - ქედისუბანი, ჩემი უსაყვარლესი ადგილი მთელს საქართველოში. ბავშვობიდან ვიზრდებოდი ქართული ტრადიციებით, თბილ ოჯახურ გარემოში, ბუნების სიყვარულით და ოჯახური ისტორიებით. რაჭას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ჩემს გულში. მისმა ბუნებამ, უბრალოებამ, სულმა და ადამიანებმა ჩემი პიროვნების დიდი ნაწილი ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, საქართველო ყოველთვის ჩემშია და ყველგან თან დამაქვს. ჩემი ბავშვობის მოგონებები, ფესვები და ის ღირებულებები, რითაც გავიზარდე, დღემდე მაძლიერებს ცხოვრების ყველა ეტაპზე.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ, რა ასაკში დაიწყეთ ჯირითობა?
- დავამთავრე თბილისის მე-6 გიმნაზია, პეტრიაშვილის ქუჩაზე, სადაც ჩემი ცხოვრების საოცარი 11 წელი გავატარე. აქ შევიძინე ერთგული მეგობრები, რომლებიც დღესაც ჩემ გვერდით არიან და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ... საინტერესო ის არის, რომ ჩემი ცხენოსნობის ისტორია ბავშვობიდან არ იწყება. ცხენები ჩემს ცხოვრებაში ბევრად მოგვიანებით გამოჩნდნენ, მაგრამ ეს კავშირი მაშინვე ისეთი ბუნებრივი და ნაცნობი აღმოჩნდა, თითქოს ეს სიყვარული მთელი ცხოვრება სადღაც ჩემში მელოდებოდა და ასეც იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნობა მხოლოდ წლინახევრის წინ დავიწყე, ჩემთვის ეს კავშირი თითქოს ყოველთვის არსებობდა. მამა ახალგაზრდობაში ჯირითობდა და სულ მეუბნებოდა: “ერთხელ რომ დაჯდები ცხენზე, მოიწამლები მათი სიყვარულით და ვეღარასოდეს მოეშვებიო” - ასეც აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 35 წლის ასაკში მოვახერხე ამეხდინა ეს ოცნება, რადგან, ბევრი წელი დავუთმე სწავლას საზღვარგარეთ.

- გვიამბეთ თქვენი პროფესიული სასწავლებლების შესახებ..
- 2008 წელს ჩავაბარე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და ჩინური ენის სპეციალობით. ჩემი ბაკალავრის წლები სავსე იყო გამოწვევებით, შრომით, წარმატებებით და დაუვიწყარი გამოცდილებებით. ამ პერიოდში ვმონაწილეობდი სხვადასხვა ჩინური ენის კონკურსებში და არაერთხელ გავხდი გამარჯვებული. 2011 წელს პირველად გავემგზავრე ჩინეთში ენის კურსზე, რაც ჩემთვის სრულიად ახალი სამყაროს აღმოჩენა იყო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მივიღე ჩინეთის მთავრობის სრული სტიპენდია და მაგისტრატურის სწავლა გავაგრძელე სოციოლოგიის მიმართულებით, სრულად ჩინურ ენაზე, ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, პეკინში (Tsinghua University). ჩემი სტუდენტური წლები იყო ძალიან დატვირთული, ინტენსიური და გამოწვევებით სავსე. მთელი ყურადღება სწავლაზე, კონკურსებზე და აკადემიურ განვითარებაზე მქონდა მიმართული, რის გამოც იმ პერიოდში ვერ ვახერხებდი ჰობებისა და სწავლის ერთმანეთთან შეთავსებას.
- ამ ყველაფრის პარალელურად როგორ აუმჯობესებდით ჯირითობას?
- დროთა განმავლობაში! როგორც უკვე აღვნიშნე, ცხენოსნობა მხოლოდ დაახლოებით 1.5 წლის წინ დავიწყე. თავიდან გავიარე 12 გაკვეთილი არენაზე (მანეჟში), ნელ-ნელა ვავითარებდი ძალას, ბალანსს და თავდაჯერებულობას. იყო შიშის მომენტებიც. ჩემი მწვრთნელი ყოველთვის მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ შემეძლო მალე საფუძვლიანად შემესწავლა ჯირითი. ამის შემდეგ, გავბედე და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე მოკლე უდაბნოს ტრეილებში ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა, ჯერ ნელ ჯგუფში, შემდეგ კი - გალოპის ჯგუფებში. ნელ-ნელა შევიძინე გამოცდილება, თავდაჯერებულობა და ნდობა როგორც საკუთარი თავის, ისე ცხენების მიმართ. ეს იყო ეტაპობრივი გზა, მაგრამ თითოეულმა ნაბიჯმა ჩამომაყალიბა იმ მხედრად, როგორიც დღეს ვხდები. თუმცა, სასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს.

- ადრე ამერიკაში იყვნენ ცხენზე მოჯირითე გურული ქალები, რას იტყოდით მათზე?
-სამწუხაროდ, არ მსმენია გურული ქალების ცხენოსნობის შესახებ ამერიკაში, თუმცა მინდა ვახსენო ადამიანი, რომელმაც, ჩემამდე უკვე გახსნა გზა ქართველი მხედრებისთვის მაროკოში. ეს გახლდათ, მარიამ კერესელიძე, რომელიც მაროკოს საცხენოსნო ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ქართველ მხედრად ითვლება. საცხენოსნო საზოგადოების ისტორიულ ცნობებსა და გადმოცემებზე დაყრდნობით, იგი დაახლოებით 1935 წელს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში, მონაწილეობდა უდაბნოს ცხენოსნობასა და გამძლეობის რბოლებში და იმ დროის პუბლიკაციებშიც ყოფილა ნახსენები მისი მიღწევები. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ასეთი შთამაგონებელი ფიგურის, მარიამ კერესელიძის შემდეგ, თითქმის ერთი საუკუნის მერე, საქართველოს დროშა და სახელი კვლავ გამოჩნდა მაროკოში, ამჯერად International Trek of Peace-ზე, რითაც გრძელდება ისტორია, რომელიც ჩემამდე დაიწყო და იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრ მხედარს შთააგონებს.
- ახლანდელ თქვენს ასპარეზობაზე დეტალურად რომ გვიამბოთ...
- საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელებში. მრავალი წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს ინსტაგრამზე ყველაზე პოპულარულ და ცნობილ საცხენოსნო კლუბებს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია Cheval Essaouira. მათი ჯადოსნური კონტენტი ყოველთვის იყო ჩემთვის დიდი შთაგონება, შორიდან ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც ვიქნებოდი მათი ზღაპრული სამყაროს ნაწილი. Cheval Essaouira - ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხენოსნობის კლუბი, რომელიც მდებარეობს მაროკოს ერთ-ერთ პატარა ქალაქ - ესაუირაში. ეს კლუბი განსაკუთრებით პოპულარულია სოციალურ მედიაში. კლუბი დაარსეს მოჰამედმა და სტეფანიმ და მათი დევიზია: “La vie est belle” - ცხოვრება მშვენიერია.

ეს არ არის უბრალოდ ცხენოსნობის სკოლა, მათი მიზანია სიხარულის, თავისუფლებისა და ცხოვრების მშვენიერების გავრცელება გარშემო. აქ ოცნებები გადაიქცევა რეალობად, ხოლო ველური გალოპები უსასრულო სანაპიროებზე მათი ყოველდღიურობაა. ისინი მუშაობენ დიდი სიყვარულითა, ვნებით და ამაყობენ იმით, რომ ყველა დონის მხედარს სთავაზობენ უნიკალურ გამოცდილებას. კლუბში შესვლისთანავე ხდები მათი ოჯახის ნაწილი. Cheval Essaouira დააარსეს მოჰამედმა და სტეფანიმ, რომლებსაც ცხენების და ცხენოსნობის მიმართ აქვთ მთელი ცხოვრებისეული სიყვარული და გამოცდილება. მათი ოცნება იყო გაეზიარებინათ დაუვიწყარი ცხენოსნობის გამოცდილება და უნიკალური მაროკოული სტუმართმოყვარეობა, მთელი მსოფლიოს მხედრებისთვის. მოჰამედი არის Cheval Essaouira-ს სული.
ის სტუმრებს ხვდება დიდი გულითა და ენერგიით. ის არის გამოცდილი მხედარი, რომელმაც სწავლა გაიარა რაბათის ეროვნულ ცხენოსნობის ინსტიტუტში და თავად გაწვრთნა ყველა ცხენი დიდი სიყვარულითა და ვნებით. სტეფანი ცხოვრობს საფრანგეთში და მართავს, კომუნიკაციებს და სტუმრებთან ურთიერთობას როგორც მოგზაურობამდე, ასევე მის შემდეგ. მოჰამედსა და სტეფანის ეხმარება გუნდი, რომელიც ამაყობს თავისი საქმიანობით, პატივს სცემს ცხენებს და ზრუნავს იმაზე, რომ ყველა სტუმარმა წაიღოს საუკეთესო მოგონებები და ღიმილი. გუნდი საუბრობს არაბულად, ფრანგულად და ინგლისურად. Cheval Essaouira-ს წარსულშიც არაერთი ტრეკი აქვს ორგანიზებული, მაგრამ International Trek of Peace მათთვის სრულიად ახალი და განსაკუთრებული პროექტი იყო. მათ ეს ტრეკი შექმნეს და სრულად დააფინანსეს თავად, მსოფლიოს გარშემო არსებული ომებისა და კონფლიქტების შთაგონებით.
მათი მიზანი იყო ეჩვენებინათ, რომ მხოლოდ ერთიანობა, სიყვარული, პატივისცემა და საერთო ვნება შეიძლება გახდეს ნამდვილი მშვიდობის საფუძველი. ამ პირველი ტრეკისთის, რომელიც შესაძლოა გახდეს, რაღაც ბევრად უფრო დიდის დასაწყისი მომავალში, მათ მოიწვიეს 30 მხედარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და სხვა რეგიონებიდან. ეს გახდა არა მხოლოდ ცხენოსნობის ტრეკი, არამედ ერთიანობის, მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლო, ცხენების საერთო სიყვარულის მეშვეობით. მსოფლიოს 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა განაცხადში, რათა წარმოედგინათ თავიანთი ქვეყნები. შერჩევის კრიტერიუმები არ იყო საჯარო და პროცესი სრულიად საიდუმლოდ მიმდინარეობდა.

2026 წლის 1 თებერვალს მე ოფიციალურად გამომაცხადეს International Trek of Peace-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად, გავხდი პირველი ქართველი მხედარი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ გამოცდილებაში და 3-დღიანი ტრეკის განმავლობაში ესაუირაში, მაროკოში, მქონდა პატივი აღმემართა საქართველოს დროშა სხვა 29 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად. როდესაც გავიგე, რომ 5000-ზე მეტ მონაწილეს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი, თავიდან ეს ყველაფერი ვერც კი გავიაზრე. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ამირჩევდნენ, თუმცა, ამის ხმამაღლა თქმა მეშინოდა. არ მინდოდა იმედგაცრუება, თუ ეს არ მოხდებოდა. ჩემთვის, ჩუმად ველოდი გამარჯვებულების სახელებს. და შემდეგ ეს მოხდა. იმ მომენტში, როცა ჩემი სახელი დავინახე, ისეთი ემოციების ტალღა დამეტაკა გულში, რომ მაშინვე ავტირდი, თავი ვეღარ შევიკავე. ეს, ალბათ იყო იღბლის, მადლობისა და სიამაყის განცდა ერთად, რომლებმაც ერთდროულად მოიყარა თავი და გახდა ერთი დაუვიწყარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. ეს ტრეკი არ იყო მხოლოდ ლამაზი და სასიამოვნო მომენტები. ის ასევე იყო სავსე გამოწვევებით, მოულოდნელი სიტუაციებით, გამძლეობით და გუნდურად ადაპტაციის სწავლით.
ყოველ დღე ცხენებით გავდიოდით დაახლოებით 22 კილომეტრს, ვამოწმებდით საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ შესაძლებლობებს და ვსწავლობდით როგორ გავმკლავებოდით სხვადასხვა რთულ სიტუაციებს 30 ძლიერი ულაყის თანხლებით. საოცარი ცხენები, უსასრულო ატლანტის ოკეანის სანაპირო, ესაუირას ველური ლანდშაფტები და 30 ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ერთ მიზანს - მშვიდობას ემსახურებოდა, ამ გამოცდილებას დაუვიწყარს ხდიდა. ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო ის დაუჯერებელი სიამაყის განცდა, როდესაც პირველად დავიჭირე საქართველოს უზარმაზარი დროშა ხელში და ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 29 სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გავაქროლე ჩემი რაში - ოსკარი. ეს იყო შეგრძნება, თითქოს ჩემს ქვეყანას ვატარებდი ჩემთან ერთად, მსოფლიოს გვერდით, ერთ რიტმში, ერთი მიზნისთვის და დაუვიწყარ ერთიანობის მომენტში. იმის მიუხედავად, რომ უკვე 8 წელია საქართველოში აღარ ვცხოვრობ, ჩემს ქვეყანასთან კავშირი და ემოციები, დროის გასვლასთან ერთად, მხოლოდ უფრო გამიძლიერდა. ვცდილობ, საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინო ყველგან და ყოველთვის. ამ ტრეკის დროს საქართველოს დროშის ტარება ჩემთვის უბრალოდ სიმბოლო არ ყოფილა, ეს იყო ძალიან პირადი და ემოციური მომენტი. ჩემი სიამაყე, ჩვენი სისხლი - ჩვენი ისტორია. საქართველო უპირველეს ყოვლისა! ჩემთვის ასეა!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- მე რაღა გამაჩერებს! ნამდვილად ვგეგმავ კიდევ ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობას. ოქტომბერში მონაწილეობას მივიღებ ემირატების 40-80 კმ-იან შეჯიბრებაში და გავაგრძელებ ახალი შესაძლებლობების ძიებას, განსაკუთრებით ისეთებში, სადაც შევძლებ ჩემი ლამაზი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას. მინდა ბევრ ცხენის მოყვარულს მივცე მოტივაცია. თუ, მე შევძელი ამის მიღწევა 35 წლის ასაკში, მხოლოდ 1.5 წლის ცხენოსნობის გამოცდილებით, მაშინ თქვენთვისაც არაფერია შეუძლებელი. და თუ ვინმეს სურს, ჩემთან ერთად იგივე გამოცდილება მიიღოს მაროკოში, ძალიან მინდა ერთ დღეს დავაორგანიზო ჯგუფი და ესაოურაში წავიყვანო, მათაც იგრძნონ და იცხოვრონ იმ ჯადოსნური დღეებით, რაც მე გავიარე. იგივე ემოციებით, იგივე კავშირით და იგივე დაუვიწყარი გამოცდილებით.