ავტორი:

"ჯერ ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი უბნებში მანქანით დადიოდა და ხალხს ესროდა": უმძიმესი ტრაგედია თურქეთში: მოკლულია 6 და დაჭრილია 8 პირი

"ჯერ ყოფილი ცოლი მოკლა, შემდეგ კი უბნებში მანქანით დადიოდა და ხალხს ესროდა": უმძიმესი ტრაგედია თურქეთში: მოკლულია 6 და დაჭრილია 8 პირი

თურქეთის სამხრეთით, მერსინის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა, 8 კი დაჭრა.

  • როგორც თურქული გამოცემა "ჰურიეთი" წერს, 37 წლის მამაკაცმა, მეთინ ო-მ ჯერ ყოფილი ცოლი, 32 წლის არზუ ოდენი მოკლა, შემდეგ ავტომობილში ჩაჯდა და ერთ-ერთ რესტორანში მივიდა, სადაც ცეცხლი გახსნა

თავდამსხმელი

თავდასხმის შედეგად დაიღუპა რესტორნის მფლობელი - საბრი პანი, ასევე თანამშრომელი აჰმეთ ერჯან ჯანი. თავდამსხმელი ამის შემდეგ კვლავ გაიქცა ავტომობილით და ამჯერად ქაბურგედიგის უბანში ახალგაზრდა მწყემსი, იუსუფ ოქთაი მოკლა, ხოლო შემდეგ იენიქოის უბანში, ბენზინგასამართ სადგურზე სატვირთო მანქანის მძღოლი - აბდულაჰ ქოჯა და ამავე სადგურის თანამშრომელი, გოქაი სეფილოღლუ. ყოფილი ცოლის ჩათვლით, მან 6 ადამიანი იმსხვერპლა.

თავდასხმისას, სხვადასხვა ადგილას, საერთო ჯამში 8 ადამიანი დაჭრა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

  • როგორც თურქული მედია წერს, ნაპოვნია თავდამსხმელის ავტომობილი, თუმცა თვითონ კვლავ მიმალვაშია და ამ დრომდე პოლიცია მის პოვნას ვერ ახერხებს. ძებნის სამუშაოებში მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო ვერტმფრენი. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ტყეში გაიქცა და ამიტომ პოვნა ამ დროისთვის გართულებულია. თავდამსხმელის ძებნის სამუშაოები კვლავ გრძელდება.

რესტორნის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც შეიარაღებულ პირს გადაურჩა, თავდასხმის მომენტს იხსენებს:

"ის შემოვიდა და ვუთხარი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიფიქრეთ, რომ ტელეფონს იღებდა, მაგრამ უცებ იარაღი ამოიღო. ტყვიამ ყურთან ახლოს გამიარა. შემდეგ ძმა საბრის ესროლა, კვლავ მე მომიბრუნდა და კვლავ მესროლა, ტყვია წელის არეში მომხვდა", - იხსენებს ერთ-ერთი დაჭრილი.

მერსინის გუბერნატორის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეთინ ო ადრე არაერთხელ იყო ჰოსპიტალიზებული ნარკოტიკების მოხმარების გამო და მას სხვადასხვა ფსიქიატრიული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.