ბელგიური მედიის ინფორმაციით, „ხაზარაძეების ფონდმა“ ბრიუსელში ისტორიული შენობა Aegidium შეიძინა, სადაც პირველი ქართული მულტიფუნქციური, კულტურული სივრცე განთავსდება.
"ქალაქ ბრიუსელის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - Aegidium („აეგიდიუმი”), წარსულში Diamant Palace - „ხაზარაძეების ფონდის” (ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის) საკუთრებაში გადავიდა, რათა მას დაუბრუნდეს მისი ტრადიციული, კულტურული ცენტრის დანიშნულება და შეიძინოს ახალი ისტორიული ფუნქცია - იქცეს ქართველ და ევროპელ ხალხთა შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული კავშირის სივრცედ.
შენობის, როგორც ბრიუსელის მნიშვნელოვანი ისტორიული არქიტექტურული ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება. პირვანდელი სახით აღდგება და მოეწყობა საზოგადოებრივ-კულტურული ღონისძიებებისა და მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზებისთვის განკუთვნილი სივრცეები. პროექტის მიზანია, შეიქმნას „საქართველოს სახლი ევროპაში“ - ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შექმნას და ქართული დიასპორის ინტერესებს.

როგორც „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, „აეგიდიუმი“ იქცევა სივრცედ, რომელიც მჭიდროდ დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან - მის ისტორიულ ოჯახთან.
„აქ თავს მოიყრის საქართველო, მთელი თავისი მემკვიდრეობით, ეროვნული ტრადიციებით, ისტორიით, კულტურითა და პოლიფონიური მრავალფეროვნებით. „აეგიდიუმი“ იქნება ყოველივე ქართულის და ყველა ქართველის შეხვედრის ადგილი ევროპის გულში“, - აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.

"სიმბოლურია, რომ ამ შენობას უკავშირდება ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, მეცნიერის, ბარბარე ყიფიანის სახელი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში ბრიუსელში სწორედ ამ სივრცეში აწყობდა ქართული როგორც სამშობლოს კეთილი ნების ელჩი ევროპაში.
ბარბარე ყიფიანი საქართველოს კულტურული ღირებულებების ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი იყო, რომელსაც სჯეროდა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.

დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ იგივე სივრცეში ქართული კულტურის ახალი კერის გახსნა საქართველოს ევროპული იდენტობის უწყვეტ ტრადიციას გააგრძელებს. საქართველო კვლავ დაიბრუნებს საკუთარ ევროპულ ხმას. “აეგიდიუმი” გახდება კულტურული ხიდი თბილისსა და ბრიუსელს შორის, „ქართული სახლი ევროპაში“ - ადგილი, სადაც ევროპა კიდევ ერთხელ გაიცნობს საქართველოს, როგორც ღვინისა და ხორბლის სამშობლოს, როგორც უძველეს ევროპულ, ქრისტიანულ ერს, საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელმაც უნდა მოიპოვოს მისი ღირსეული ადგილი, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანმა წევრმა.

ერთი საუკუნის წინ, საბჭოთა ოკუპაციამ დროებით შეაჩერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ სივრცეში დაბრუნების პროცესი. ეს ისტორიული უსამართლობა აღარ განმეორდება, საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს პროექტი სწორედ ამ ეროვნული ამოცანის განხორციელებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნულია სტატიაში.